ნათია თურნავა: კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს.

„გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი – 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 76 კომპანია, აქედან 40 კომპანიაა ისეთი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და აპლიკაციის სახით სამინისტროში შემოიტანეს განაცხადი საქმიანობის გასაგრძელებლად. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26, ხოლო 14 კომპანიას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა გარკვეული დრო გამოსასწორებლად. გადამოწმების პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანიები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც დრო მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ისე, რომ სრულიად დაცულები იქნებიან ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან”, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, განსაზღვრულია რამდენიმე პრიორიტეტული კრიტერიუმი, თუ რომელი ბიზნესი გადამოწმდება სხვებთან შედარებით უფრო ადრე.

„პირველ ყოვლისა, ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის ბიზნესი ემსახურება და აწვდის პროდუქციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს – მაგალითად, ეს არის კვების ინდუსტრიისთვის ან სამედიცინო დარგისთვის გარკვეული მასალების და საქონლის, ასევე, სისტემაშექმნელი საწარმოებისთვის ღირებულებათა ჯაჭვში გარკვეული პროდუქტის ან სერვისის მიწოდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები