ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი: სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი, რაც ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება

,,სასჯელი უნდა იყოს პროპორციული, სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი, რაც ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება – ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის მკაცრი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული”,- ამის შესახებ პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო განსაზღვრავს პატიმრობა იქნება თუ არა.

„ჩვენ დღეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა მოვითხოვეთ აღნიშნულ საქმეზე. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციით, სასამართლოს მიერ ქმედების შესაბამისი პროპორციული, სამართლიანი, ობიექტური და თანაზომიერი სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული, რაც ბრალდებულის ქმედებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესაბამება. ბრალდების მხარე კონკრეტული სასჯელის სახეს და არც ზომას არ ითხოვს. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მე, როგორც პროკურორს, და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებისთვის უნდა იყოს მკაცრი სასჯელი გამოყენებული. [სასჯელი] მკაცრი, რელევანტური უნდა იყოს ჩადენილ ქმედებასთან და ბრალდებულის მიერ განხორციელებულ თითოეულ ქმედებასთან, რაც დაწყებულია მისთვის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან, მის მიერ გამოხატულ ნებაში, მის პრინციპულობაში, გამიზნულად კანონის დარღვევაში, კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში, განჩინებით განსაზღვრული გარემოებების უგულებელყოფაში. სასამართლო განსაზღვრავს პატიმრობა იქნება თუ არა“,- განაცხადა პროკურორმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები