თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია არჩევნებში მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებს, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ, კარგის გამკეთებლები არ არიან, რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებენ

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებში კი არ იღებენ მონაწილეობას და მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებენ, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებენ.

„მამუკა ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი წულაია ამბობს, რომ შეიძლება, მოვიგოთ რაღაც ქალაქები და შევქმნათ უფრო მეტი კრიზისი თითოეულ ქალაქშიო. ეს არის პასუხი. არჩევნებში კი არ იღებენ მონაწილეობას და მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებენ, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ. რა დავალებასაც მისცემენ, თითოეული მათგანი იმას გააკეთებს. შეიძლება, ორად გაყონ, რადიკალებს უთხრან, თქვენ ხმამაღლა იყვირეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებთ, ნაწილს უთხრან, თქვენ განაცხადეთ, არჩევნებში მონაწილეობას იღებთ. გაშიფრული და სასაცილო ტაქტიკაა. რეგიონების და ქალაქების სამართავად კი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, არამედ კრიზისის შესაქმნელად. თვითონ თქვეს, ვინ არის ეს წულაია უნდა გავიკითხო, საჩვენოდ ძალიან კარგი ბიჭია, თავის აზრებს ვერ ნიღბავს, ჩვენც და ამომრჩეველსაც წინასწარ გვაგებინებს. რა მნიშვნელობა აქვს, დესტაბილიზაციას შიგნიდან შექმნი თუ გარედან. ეს ხალხი კარგის გამკეთებლები არ არიან, კრიზისის შემქმნელები არიან. ნაწილს კრიზისი შეიძლება, შეაქმნევინონ არჩევნებში მონაწილეობის გზით, ნაწილს ქუჩაში ყოფნის გზით. ასეთ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ხალხი ვერ მიხვდება და ანალიზის უნარი არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას თბილისში არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.

„არაფრის მოგებას არ აპირებენ. ამას კრიზისისთვის აკეთებენ. მიხვდნენ, რომ ქუჩიდან შექმნეს კრიზისი, პარლამენტიდან, რომ წავიდნენ და კრიზისი შექმნეს – არაფერი გამოვიდა. ეს უზარმაზარი შეცდომა იყო, პარლამენტში უფრო მეტი კრიზისის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ტაქტიკურად შეეშალათ. წარმოგიდგენიათ, აქ 60 დეპუტატი კრიზისის შესაქმნელად, რომ მოღვაწეობდეს, რამხელა შანსები ექნებოდათ. ახალა მოიფიქრეს, ეს თვითმმართველობის დონეზე მაინც გააკეთონ. ის, რაც პარლამენტის დონეზე ვერ გააკეთეს, თვითმმართველობის დონეზე მით უფრო ვერ გააკეთებენ. ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნებს არსებული ხელისუფლება მოიგებს. რატომ? როგორ გგონიათ, ამომრჩევლების უმრავლესობა ისეთი უაზრო ადამიანები არიან, როდესაც საარჩევნო ყუთთან მივლენ კრიზისის გაღვივებას მისცემენ ხმას და არა ქვეყნის, რეგიონების უკეთ მართვას? ჩვენს ამომრჩეველზე და მოქალაქეებზე ასეთი ცუდი წარმოდგენის არ ვარ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები