ნათია თურნავა: ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებით ჩვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

„ამ ეტაპზე, ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მაინცდამაინც მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა.

მინისტრმა, ასევე, განმარტა კონკრეტული პროცედურები, თუ რა ფორმით მოხდება სამშენებლო სექტორში კომპანიების საქმიანობის დაშვების განხილვა.

„არის საგანგებო შტაბი და ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე, მიიღება მათთან ერთად. რამდენიმე უწყება ვიკონტაქტებთ სამშენებლო სექტორთან, ეს ალგორითმი, პრაქტიკულად აწყობილია და გასაჯაროვდება”, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით უწყებას მიმართავენ სამშენებლო კომპანიები.

„რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას – აქ ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს ერთად. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, ჩვენ გადავამოწმებთ პროცესს, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები დადგენილ წესებს, ვნახავთ, მათი უსაფრთხო საქმიანობის რა გარანტიები არსებობს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელით სამართავი პროცესი, ეს არის დიდი გამოწვევა” – აღნიშნა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრ რაღაცაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მთავრობას ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურები, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს ამ გამოწვევებზე.

“ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან მიმართებაში და აქაც ასე იქნება – ვრწმუნდებით, ვამოწმებთ და კომპანია აგრძელებს მუშაობას” -განაცხადა ნათია თურნავამ

მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაწყებამდე სამშენებლო სექტორი იყო ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა და დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო მომატებული რისკის მატარებელი სფერო და დაექვემდებარა შეზღუდვებს.

„ამ სფეროში ჩართულები არიან როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, ძალიან სწრაფად გადაერთონ დღევანდელ მოთხოვნებზე და დაგვანახონ, რომ ყველანაირად იცავენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ წესებს და თავიან თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, ვისაც გარკვეული დრო დასჭირდება ამისთვის. მსურს მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მოახერხებს ამას, რაშიც დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს – ნაკლები”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები