“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მჭედლიძე მზადყოფნას გამოთქვამს მის საკუთრებაში არსებული ფართი სახელმწიფოს დროებით დაუთმოს
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი ვახტანგ მჭედლიძე, მზადყოფნას გამოთქვამს სახელმწიფოს დროებით დაუთმოს საკუთარ მფლობელობაში არსებული ფართი მუხიანში (2500კვ.მ), თუ კი ეს გამოსადეგი იქნება საკარანტინო სივრცის მოსაწყობად ან მუხიანის რაიონში სხვა საჭიროებისთვის – კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, COVID-19 ვირუსი უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო გაჩერდა და არავინ იცის, როდის გადაიდგმება ახალი ნაბიჯები განვითარების გზაზე…
კორონავირუსი სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ცხოვრებაზე, ჩვენს წარმოდგენას ურთიერთობებზე და სოციალურ თანაარსებობაზე…
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – სოლიდარობა, ერთიანობა, ურთიერთთანადგომა დაგვეხმარება გადავლახოთ ეს ურთულესი ეტაპი.
მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური დისკუსიების დრო არაა და სწორედ იმიტომ, რომ ამ მძიმე პერიოდში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის და ყველა სფეროს სოციალური პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ, სახელმწიფოს დროებით დავუთმო ჩემს მფლობელობაში არსებული ფართი მუხიანში (2500კვ.მ), რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას საკარანტინო სივრცის მოსაწყობად, თუ რა თქმა უნდა ამის საჭიროება იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
მჯერა, რომ ჩვენ ერთად, ღირსეულად გადავლახავთ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს”,- ნათქვამია განცხადებაში.