ირაკლი კობახიძე: შეუძლებელია, პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს ვინმეს გათავისუფლება, როდესაც პროკურატურა და სასამართლო არის დამოუკიდებელი

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ მეორე შეთანხმებაში, ბუნებრივია, გვარები არ არის მოხსენიებული და ისედაც შეუძლებელია, რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს ვინმეს გათავისუფლება იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციის თანახმად პროკურატურა და სასამართლო არის დამოუკიდებელი”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია ერთადერთი რამ, რომ გამოირიცხება ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და ა.შ.

„ამ შეთანხმებას ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ და სწორედ ეს იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც არავითარი ფორმით არ უნდა დამყარდეს პოლიტიკური გავლენა ასეთი ტიპის პროცესებზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციონერები მუდმივად საუბრობდნენ კონკრეტულ გვარებზე, თუმცა ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იყო მკაფიო, რომ ეს ვერ გახდებოდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი გამომდინარე იქედან, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა, რომლის მიმართაც არავითარი ბერკეტი არ აქვს არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და მეორე, ეს არის სასამართლო, რომელიც ასევე დამოუკიდებელია კონსტიტუციის თანახმად.

„შესაბამისად, ვერ გაფორმდებოდა ვერავითარ შეთანხმება, ვერც ზეპირი და ვერც წერილობითი, რომელიც გაითვალისწინებდა რომელიმე პირის გათავისუფლებას. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პრეზიდენტიც შეიძლება, იყო გადაწყვეტილების მიმღები, არის გიგი უგულავას საქმე და იქაც, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დაპირება გადაგვეცა პრეზიდენტის ნაცვლად. ეს გამორიცხულია სამართლებრივ სახელმწიფოში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები