ეკონომიკის სამინისტროსა და ფოსტას დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომელიც სოციალურად დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულებს ყოველდღიური მომსახურების გაწევისთვის დაეხმარება
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები იზოლაციაში უნდა მოექცნენ. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ, პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად, ეკონომიკის სამინისტროსა და ფოსტას დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურეობის გაწევისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
„ეპიდემიის, ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და ყველა მზად უნდა ვიყოთ, როგორც მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, ასევე, ჩვენი მოქალაქეები. რაც მთავარია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როგორც მოქალაქეებს, ასევე კომპანიებს, ასევე – ყველა იურიდიულ პირს, რეკომენდაციები, რომელიც მთავრობის მიერ გაიცემა, სავალდებულოა შესასრულებლად. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გლობალურ გამოწვევას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ არის არანაირი პანიკის საფუძველი – როგორც იმპორტირების და შეჩერების ეტაპზე ვიმოქმედეთ საკმაოდ ეფექტურად, იგივე სტილში გავაგრძელებთ მოქმედებას, იმისთვის, რომ გავრცელების ეტაპზეც შესაბამისი პასუხი გავცეთ გამოწვევებს“, – განაცხადა გახარიამ.