ანა ნაცვლიშვილი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებაზე: ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გახსნა ჩაკეტილი, ჩიხური სიტუაცია

“ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ მან გახსნა ჩაკეტილი, ჩიხური სიტუაცია”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის კმაყოფილი იქნება მაშინ, როდესაც ამ საარჩევნო სისტემით სამართლიანი არჩევნები შედგება.

“კარგია, რომ ეს შეთანხმება შედგა, მაგრამ ამ შეთანხმებით არ ვარ კმაყოფილი. არ ვარ კმაყოფილი იმ პირობებში, როდესაც ეს არის ძალიან დაბალი სტანდარტი იმისთვის, რომ პოლიტიკური სუბიექტები ვიყოთ კმაყოფილები.
კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როდესაც აღარ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყოველი დღე ადამიანებისთვის არის ბრძოლის ველი ეკონომიკური გადარჩენისთვის, სოციალური გადარჩენისთვის, ემოციური გადარჩენისთვის, რომ გაუძლოს იმ სტრესებს, იმ გაურკვევლობებსა და იმ არასტაბილურ გარემოს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მაშინ ვიქნები კმაყოფილი, როდესაც ჩვენს ხედვებს, ჩვენს მოდელებს, გამოსავლებს პრაქტიკაში დავნერგავთ და ადამიანები ამოისუნთქავენ.
ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ მან გახსნა ის ჩაკეტილი, ჩიხური სიტუაცია. ეს მეტ შანსს ქმნის იმისთვის, რომ მოხდეს გარღვევა ნორმალიზებული საარჩევნო გარემოსი და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებში საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას არჩევნებზე და ეს სათქმელი არ დაიკარგოს – ვიღაცამ კი არ მოიპაროს და კი არ მიითვისოს, სამართლიანად აისახოს მოსახლეობის განწყობები პოლიტიკოსების მიმართ პარლამენტში და ყველამ მივიღოთ იმდენი, რამდენსაც მოსახლეობა გამოგვიცხადებს ნდობას და ყველა გადავიდეთ საქმის კეთებაზე.
თითოეული დღე იკარგება იმაში, რომ სამართლიანი სისტემა ჰქონდეს ქვეყანას, ამაზე რამდენ ხანს დაგვჭირდა ბრძოლა? ადამიანებს ჯანნმრთელობის ფასად დაუჯდათ ეს ბრძოლა და ვერ მოვახერხეთ ქართველებმა ერთმანეთთან დალაპარაკება უცხოელი მეგობრების გარეშე. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებს, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა გვჭირდებოდეს. ჩვენ მივალთ ამ ეტაპამდე, რომ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და ექსპერტებს ვთხოვთ, მოვიდნენ და დაგვეხმარონ იმაში, უკეთესად როგორ ავაშენოთ ეს ქვეყანა და არა იმაში, ეს სისტემა გამოვიყენოთ თუ ის სისტემა.
კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როდესაც ამ საარჩევნო სისტემით შედგება სამართლიანი არჩევნები და ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიდეთ საქმის კეთებაზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები