ილია მეორე: მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის
მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთია სიყვარული.
„ჩვენთან არს ღმერთი, დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს, ყოველდღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მე შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზა არის სასუფეველში. მე უფალო მომანიჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართმადიდებლობის ზეიმი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა და გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფევლისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თავისი. ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. პირველი სიტყვები, რითაც მაცხოვარი მიმართავდა მოციქულებს – მშვიდობა თქვენთანა. მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა სიხარული მოგცეთ. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.