ამირან გამყრელიძე: ახალი კორონავირუსი შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი და ფატალური მოქმედებით ხასიათდება, ვიდრე მისი წინამორბედები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შედეგი ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე მისი წინამორბედები წინა წლებში.
როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჩინეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცენტი მატულობს და დღევანდელი მონაცემებით 33 000 ადამიანი სრულად განიკურნა.
“ეს ინფექცია გახლავთ რესპირაციული, რომლის გამომწვევიც არის ახალი კორონავირუსი. ეს ვირუსი ხასიათდება შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი და ფატალური მოქმედებით, ვიდრე მისი წინამორბედები, ანუ 2003-ისა და 2012 წლის კორონავირუსები. ზოგადად, გამოჯანმრთელების პროცენტი სერიოზულად მატულობს ჩინეთში, დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 33 000 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელებულია. შემთხვევათა 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად. დაახლოებით 14 %-ია, სადაც საჭიროა ინტენსიური სამედიცინო დახმარება და დაახლოებით 5% კრიტიკული, სადაც საჭიროა ინტენსიური-რეანიმაციული დახმარება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.