ტექნიკურ უნივერსიტეტში რეზო მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რეზო მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი მწერლის საიუბილეო საღამო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმა და სიტყვით მიმართა:
„ჩვენი ფაკულტეტისთვის დიდი პატივია, დიდ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერს რევაზ მიშველაძეს, სწორედ აქ ტექნიკურ უნივერსიტეტის კედლებში მივულოცოთ 80 წლის იუბილე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გამეცნო ბატონი რეზო, ეს ოცნება ამიხდა და იმდენად გავთამამდი, რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი იმ ფაკულტეტის დეკანი, სადაც ბატონი რეზო მოღვაწეობს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბატონი რეზო არის ჩვენთან, ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე“, – აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.

საიუბილეო საღამოზე ირაკლი გაბისონიას შემდეგ, სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა მიმართა.
როგორც კოპალიანმა აღნიშნა, რეზო მიშველაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა საკუთარი შემოქმედებით, განსწავლულობით და საქმიანობით.
“ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდი, რომელიც ყველას შეგვეხო, განსაკუთრებით მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, მაგრამ საზოგადოება და პირველ რიგში, ჩვენი იუბილარი არ შეუშინდა სიძნელეებს, დროებას და ყველაფერი დაძლეული იქნა. ბატონი რეზო დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას ჩვენს მშობლიურ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქართველებს „რეზო მიშველაძეები“ ბევრი არა გვყავს და ვინც გვყავს ისიც ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მადლობა მას ამისათვის. რეზო მიშველაძის ოჯახმა საქართველოს წინაშე ღირსეული ვალი მოიხადა, მან ყველაზე ძვირფასი – შვილი, შესწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას, ამ ტკივილში მას მუდამ გვერდით დავუდგეთ, მაგრამ მუდამ ვუთხრათ, რომ ეს ძალიან დიდი სიამაყეა როდესაც შვილს ქვეყნისთვის გაზრდი. ჩვენი ისტორია ამის მრავალ მაგალითს გვასწავლის და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, მადლობა მას ამისათვის“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
აღსანიშნავია, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ რევაზ მიშველაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორმა ბესო გაფრინდაშვილმა და ოპერატორმა გიორგი ბაძაღუამ, დოკუმენტური ფილმი სახელწოდევით – „რეზო მიშველაძე 80 წლისაა“ გადაიღეს.
როგორც ფილმის რეჟისორმა ბესო გაფრინდაშვილმა განაცხადა, იგი თავს ბედნიერად მიიჩნევს, რომ ამ ფილმის რეჟისორია.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც დეკანმა ვანო ჯაგოდნიშვილმა მითხრა, რომ ფილმი უნდა გადაგვეღო. სწორედ მაშინ გავიცანი ბატონი ირაკლი გაბისონია და ბატონი რეზო მიშველაძე. ბავშვობიდან ვიცოდი ბატონი რეზო, პირველი ჩემი შთაბეჭდილება იყო მისი ნოველა „ჟირაფს ხომ არ იყიდით“, აი, აქედან მახსოვს ის და ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმის რეჟისორი ვარ“, – აღნიშნა ბესო გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებაზე მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა რევაზ მიშველაძეს კავშირის სახელით „მშვიდობის ვარსკვლავი“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ მწერალთა კავშირი წელიწადში ერთხელ გადასცემს „მშვიდობის ვარსკვლავს“ საზოგადო მოღვაწეს, შარშან ვარსკვლავი ჯემალ ჭკუასელს გადაეცა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის სენატის თავმჯდომარემ პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ სიტყვით მიმართა და იუბილარის შესახებ ისაუბრა:
“ძალიან მიხარია, რომ დარბაზში რამდენიმე თაობის წარმომადგენელს ვხედავ, ჩვენ მაშინ მივაღწევთ წარმატებას და გამარჯვებას იმ საქმეებში, რომელიც გვაქვს და წინ გველოდება, როცა ყველა თაობას გათავისებული ექნება ჩვენი პრობლემების გადალახვის გზები. ჩვენ გვღუპავს ის, რომ თაობები გავეთიშეთ ერთმანეთს და ყველას ჰგონია რომ მისი თაობაა მთავარი და ეს თაობა აკეთებს ყველაზე კარგ საქმეს. ყველა თაობა თუ ერთად იქნება, აი მაშინ გაკეთდება ის კარგი საქმე, რასაც საქართველოს ერთიანობა ჰქვია, რასაც საქართველოს წინსვლა და რასაც ჩვენი მომავალი ჰქვია. აი, სწორედ ამას უძღვნის, ჩვენი რეზო, მთელ თავის შემოქმედებას. კაცი, რომელსაც სიმართლე თან დაჰყვება – სიმართლის თქმა ყოველთვის არაა ადვილი, ბატონი რეზო, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა. ამ სიმართლისათვის მას ბევრჯერ მოხვდა, მაგრამ არასდროს შეშინებული არ მინახავს”, – აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები