პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უარს ამბობენ

ბრიტანელი პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე, უარს ამბობენ.

ამის შესახებ ნათქვამია სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

წყვილი აღნიშნავს, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.

„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშავოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა. ამიერიდან ჩვენს დროს ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დავხარჯავთ”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.

წერილის თანახმად, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე საქველმოქმედო ფონდის გახსნას გეგმავენ, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტულად რა მიზნებს ემსახურება ორგანიზაცია.

სამეფო ოჯახის ოფიციალური ხარჯები ე.წ. „მონარქის გრანტიდან“ იფარება, რომელსაც მთავრობა გამოჰყოფს. სამეფო კარის მაღალი რანგის წევრებს შორის არიან დედოფალი, მისი შვილები, ასევე პრინცი უილიამი და ჰარი და მათი მეუღლეები.

გამოცემა Sun წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალი ელისაბეთ მეორე, პრინც ჰარის და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას განიცდის.

ამასთან, ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრობლემებს ქმნის, რომლის მოგვარებას დრო დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები