სტუ-ის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი: არქიტექტურა ემსახურება ადამიანს და ჩვენ ვქმნით ადამიანებისთვის
„არქიტექტურა ემსახურება ადამიანს და ჩვენ ვქმნით ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა ისმის, ქართულ არქიტექტურას არ დაუკარგავს თავისი ნიშა. გარდა იმისა, რომ არქიტექტურა ქმნის გარემოს, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება და ყოფიერების სტილსაც გვკარნახობს – ეს ძალიან საპასუხისმგებლო დარგი და ურთულესი პროფესიაა, რომელიც გარკვეული ეთიკის დაცვას მოითხოვს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აცხადებს.
როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და მის იერსახეზე გავლენას ახდენს ის საზოგადოებრივი წყობა და გემოვნება, რაც ამა თუ იმ პერიოდისათვისაა დამახასიათებელი.
– სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობა ასეთია: საცხოვრებელი სახლებისა და ნაგებობების არასათანადო არქიტექტურული სახე. უკვე არავინ მალავს, რომ თურმე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა საკმაოდ საინტერესო ყოფილა. ეს განსაკუთრებით ახლა გამოვლინდა. უცხოელების მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა და როგორ თავად ამბობენ, ისინი ახლა აკეთებენ აღმოჩენებს ამ პერიოდის არქიტექტურაში. მართლაც, რომ შევადაროთ იმ პერიოდისა და დღევანდელი არქიტექტურა, აღმოვაჩენთ, რომ საკმაოდ მაღალი დონის არქიტექტურული ნაგებობები და ანსამბლები იქმნებოდა. მათი დაპროექტების დროს კი მთავარი მსაზღვრელი იყო ადგილი, ანუ კონტექსტი მთლიანად იყო გათვალისწინებული.
– ფიქრობთ, არქიტექტურა ერთგვარი იდეოლოგიაა?
– დიახ, არქიტექტურა პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღია, რაც სხვათაშორის შესანიშნავად ჰქონდათ გათავისებული არა მხოლოდ საბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაშიც. არქიტექტურა, გარკვეულწილად, იდეოლოგიას მსაზღვრელიცაა და გარკვეული ეპოქის, პერიოდის ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიმპატიებს გადმოსცემს – გააჩნია რომელ ფორმაციაში იქმნება ის.
– დავუბრუნდეთ ქართულ არქიტექტურას, მაგალისთვის განვიხილოთ თბილისი, თბილისში კი აკადემქალაქი.
– აკადემქალაქის ძველი იერსახე დღეს, ფაქტიურად, განადგურებულია, აღარაფერი დარჩა იმ სასიამოვნო გარემოდან, რაც იყო და ჯერ კიდევ გვახსოვს. აკადემქალაქი იყო ინტერნაციონალური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში, სრულად გააზრებული გარემოთი, შესაბამისი შენობებითა და სიმწვანით.
– როდესაც აკადემქალაქში მშენებლობის ბუმი დაიწყო, ინჟინრები აცხადებდნენ, რომ იქ გრუნტის წყლებია და მაღალსართულიანი შენობები საფრთხეს შეუქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს.
– დიახ, გეთანხმებით. თავის დროზე, ეს თემა შესწავლილი იყო ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტის კუთხით. არქიტექტურა და მშენებლობა არსებულ რეგულაციებსა და კანონებთან თავსებადი უნდა იყოს. აკადემქალაქი, პრინციპში, პასუხობდა იმდროინდელ რეალობას და არქიტექტურულად შესანიშნავი გადაწყვეტა იყო. დღეს დაგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ თურმე აკადემქალაქი საკმაოდ საინტერესო იერსახის მატარებელი ყოფილა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან აღარაფერი დარჩა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ აკადემქალაქის ტერიტორიაზე გაუაზრებლად მოხდა უამრავი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩვენი სრულიად არაჩვეულებრივი სპორტის სასახლეც მთლიანად გააუფერულა და შთანთქა. ყველაფერი გააფუჭა კერძო საკუთრების „ქართულმა გაგებამ“, რომელიც იგნორირება გაუკეთა ყოველგვარ კონტექსტსა და ღირებულებას. ამას დაემატა სათანადო რეგულაციების არარსებობა და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დავიდა K1, K2, K3-მდე.
– დიახ, „მაგიურ“ K-მდე. დღეს საქართველოში არქიტექტურული ქაოსია. არადა, აღნიშნეთ კიდეც, რომ არქიტექტურა, გარკვეულწილად, ეხმიანება პოლიტიკას.
– ზოგადად, ვცდილობ დადებითი მეტი დავინახო. აქ სხვა რამეზეა საუბარი, თავად არქიტექტურასა და არქიტექტურულ მიმდინარეობებზე, რაც პრინციპში, აყალიბებს გარემოს. ყველაფერს ეკონომიკა განსაზღვრავს, ფინანსები არის გადამწყვეტი. თუ არის დაფინანსება, საინტერესო და ღირებული ნაგებობები შენდება. მაგრამ თუ „K“-მდე დადის არქიტექტურა, მაშინ… შემოქმედებით პროცესზე ფინანსები ახდენს გავლენას, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში, მინიმალურ ფასადაც შეიძლება კარგი გაკეთდეს.
– მაგრამ ჩვენთან „კარგი“ გამოიხატა მრავალსართულიანში, რაც პირდაპირპროპორციულია დიდ შემოსავალთან.
– დიახ. კანონმდებლობა, რეგულაციები არ არის დახვეწილი, საკანონმდებლო ბაზა არ არის ბოლომდე გააზრებული. პარლამენტში ცოტა ხნის წინ განიხილეს მშენებლობისა და არქიტექტურის სივრცითი კოდექსის საკითხი, რომელიც 3 დეკემბერს შევიდა ძალაში, მაგრამ არ ამოქმედებულა – თვლიან, რომ შესაბამისობაში არ არის კანონთან და გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ეს კანონი რეგულაციებს, რაც დღეს. არის „რაღაც“ რეგულაციები – თან არსებობს, თან არ არსებობს – და დიდ გავლენას ვერ ახდენს ქალაქის სივრცულ იერსახეზე. მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა დაიდო, მაგრამ ისევ მივდივარ კერძო საკუთრებამდე – ფაქტიურად, ქალაქში თავისუფალი სივრცე არ არის. ამ ასპექტში სახელმწიფოს ძალიან უჭირს – კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. სხვა მხრივ, ტიპოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ ქართულ არქიტექტურაზე, წარმატებულ არქიტექტორებზე. 2018 წელს ჩატარდა მსოფლიო დონის ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსი, საქართველოდან წარდგენილი იყო 9 პროექტი, რომელთა ავტორები ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.
– შეუძლებელია არქიტექტორთან საუბრისას ამ თემებს გვერდი ავუაროთ. ძირითადად კი საინტერესოა, როგორი იყო გასული წელი მომავალი არქიტექტორებისთვის?
– ბევრი რამ გაკეთდა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. 2018 წლიდან გადავწყვიტეთ რეალურ პროექტებზე გვემუშავა და წელს ხუთი ასეთი პროექტი გავაკეთეთ. შევძელით სტუდენტების ადგილზე გაყვანა და აზომვითი სამუშაოების ჩატარება. ამ პროექტებში ჩვენი ბევრი სტუდენტია ჩართული – დაინტერესდნენ, რადგან რეალური შედეგი დაინახეს. ზოგს პრიზი მიენიჭა, ზოგს ფულადი პრემია გადაეცა.
– ამ დრომდე ეს მეთოდი არ მოქმედებდა?
– აქამდე ეს მიდგომა ასეთ მასშტაბებს არ ატარებდა. ჩვენ 2009, 2012, 2013 წლებში გვქონდა ფაკულტეტზე დიდი პროექტები – სოციალური საცხოვრისი, რომელიც შევქმენით სხვადასხვა ქალაქებისთვის: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ბოლნისი. გარდა ამისა, რუსთავისთვის დავამუშავეთ საბავშვო ბაღის პროექტი, რომელიც გულისხმობს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას. აბსოლუტურად რეალიზებად პროექტებზეა საუბარი, რომელშიც მერიაც იყო ჩართული. ამჯერად, რეალური პროექტირება სასწავლო პროცესში ჩავრთეთ და კარგი შედეგი მივიღეთ. თითოეულ პროექტში 2-3 ჯგუფი ერთვებოდა, სურვილის მიხედვით.
– ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტებზე რას გვეტყვით?
– გვქონდა მრავალმხრივ საინტერესო საერთაშორისო პროექტები. ვიმუშავეთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტზე გერმანელებთან, ბავარიელებთან ერთად. ამ პროექტის ინიციატივა ეკუთვნის ბავარიის არქიტექტიორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტსა და ორ არქიტექტორს, რომლებმაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რუსთავის მერიის ცართულობით ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებინა. პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენს სტუდენტებს კონსულტაციას გერმანელი არქიტექტირები უწევდნენ. საერთო ჯამში, პროექტში მონაწილეობდა ბიზნესსექტორი – რუსთავის ცემენტის ქარხანა და მისი დირექტორი გიორგი გოგოლაძე, რუსთავის მერია და მერი ირაკლი ტაბაღუა, ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო სტრუქტურა „საინჟინრო აზრი“. რუსთავის მიწათსარგებლობის გენგეგმის 50%-ი ჩვენ გავაკეთეთ, მთელი კვლევითი ნაწილი დავამუშავეთ და საზოგადოებრივი სივრცის განვითარებისთვის გარკვეული იდეებიც მივაწოდეთ. ასევე, საინტერესო ერთობლივი პროექტი გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბთან და დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან. ამერიკელი არქიტექტორი კონორ ბოჰარტი გვესტუმრა, რომელმაც სამ ეტაპად უაღრესად საინტერესო ორკვირიანი ვორქშოფი ჩაატარა. აქედან ორი – არქიტექტურის ერთ-ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას – ფენომენოლოგიას ეხებოდა, მესამე კი – კრიტიკულ რეგიონალიზმს. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის მოწვევით ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ფერენტე ფერენტი ჩამოვიდა, რომელმაც 80-იანი წლების თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე ძალიან საინტერესო ვორქშოფი ჩაატარა, რომელიც ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ვორქშოფში ჩართული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაც. აღსანიშნავია, რომ ვორქშოფის ფარგლებში მასშტაბური გამოფენა მოვაწყვეთ.
– ქართული ან საერთაშორისო ბიზნესი თუ დაინტერესებულა არქიტექტურის ფაკულტეტითა და მისი სტუდენტებით – ხშირია ასეთი შემთხვევები?
– არაერთი კომპანია დაინტერესდა ჩვენი ფაკულტეტის, მათ შორის საერთაშორისო კომპანია „ევროფასადი“, რომლის დირექტორმა ბესარიონ საბაშვილმა არაჩვეულებრივი ლექცია ჩაატარა საფასადე მასალებზე. გარდა ამისა, მან ჩვენს სტუდენტებს გააკეთებინა პროექტი „ახალი შოურუმი“. ეს მასშტაბური კონკურსი იყო, რომელშიც ჩაერთული იყო ყველა არქიტექტურილი სკოლა. ჩვენმა სტუდენტებმა აიღეს პირველი და მეორე ადგილი. პირველ ადგილზე გასული პროექტი კი აუცილებლად განხორციელდება. მნიშვნელოვან პროექტზე ვიმუშავეთ ნიქოზის ეპარქიაში. ჩვენ მეუფე ისაია დაგვიკავშირდა. ცხრა წელია ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, რომელშიც ჩართულია საფრანგეთის, გერმანიის, ლიტვის, იაპონიის საელჩოები. მეუფემ ისაიამ ფესტივალის ორი ახალი ლოკაციისთვის დიდი და მცირე თეატრის დაპროექტების თხოვნით მოგვმართა. სტუდენტებთან ერთად, ნიქოზში ჩავედით, ჩავატარეთ აზომვითი სამუშაოები, მეუფე ისაიასთან თანამშრომლობით, ყველა აუცილებელი საკითხი და დეტალი განვიხილეთ. საბოლოო ჯამში, წელს, 1 სექტემბერს მასშტაბური გამოფენა მოვაწყვეთ – ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები გამოიფინა. რაც მთავარია, ჩვენი პროექტი განხორციელდება – გორის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა გამოყოს თანხა. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ მათთან საქმიან ურთიერთობას. ამ ეტაპზე ორ პროექტზეა საუბარი: ნიქოზში კერამიკის სკოლის შენობის დაპროექტებასა და ტყვიავში კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე. ამ პროექტებზე ჩვენი ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრები მუშაობენ, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მნიშვნელოვანია, რომ უკვე ორი წელია ვმონაწილეობთ ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალში. ევრაზიის ქვეყნების პარალელურად, კონკურსში მონაწილეობს ამერიკა, ჩინეთი, კორეა, იტალია, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. 2018 წელს, არქიტექტურის ნომინაციაში წარდგენილ 382 პროექტში ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მეორე და მესამე ადგილები აიღეს. ვფიქრობთ, ეს მართლაც დიდი წარმატებაა. წელს კი, ამ ფესტივალიზე, არქიტექტურის ორ ნომინაციაში მეორე ადგილი ავიღეთ, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ნომიაციაში კი – მესამე ადგილი. ფაკულტეტის სტუდენტები რეგულარულად მონაწილეობენ არქი-პრიქსში. ეს დამამთავრებელი ნაშრომების მსოფლიო კონკურსია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველად ამ კონკურსის გამარჯვებულთა ათეულში მოვხვდით, ბოლო კი – ხუთეულში. არქი-პრიქსზე მსოფლიოს ყველა ქვეყნის არქიტექტურული სკოლაა წარმოდგენილი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ესეც ჩვენი მნიშვნელოვანი წარმატებაა.