სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა უცხოეთში სპეციალობით დასაქმება გაცილებით იოლი იქნება

„ახალგაზრდამ უნდა მოსინჯოს ძალები და საზღვარგარეთაც გაემგზავროს თავისი პროფესიით სამუშაოდ და არა ისე, როგორც მიდიან, ხშირ შემთხვევაში” – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი დავით გურგენიძე და იმ სიახლეებზე გვესაუბრება, რომელიც ფაკულტეტზე 2019 წელს დაინერგა.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, სამშენებლო ფაკულტეტის 25 სტუდენტი და პროფესორები პოლონური მხარის დაფინანსებით ბელოსტოკში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვდასხვა სახის კონფერენციებში.

– დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტების მხრიდან?

– ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, ლაბორატორიულ, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. ამ პროექტის ფარგლებში, პოლონეთიდანაც 25 სტუდენტი ჩამოვიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ისინი კონფერენციებს დაესწრნენ, დაათვალიერეს ჟინვალჰესი, ურეკის წყალსაცავი და ა.შ. ახლა კი მთავარი – რა მოგვიტანა ამ პროექტმა. თავიდან სტუდენტები დიდად არ დაინტერესდნენ ამ პროექტით, მაგრამ პირველი ჯგუფი რომ ჩავიდა პოლონეთში, დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მიიღო მონაწილეობა ღონისძიებებში, აზრშეცვლილი დაბრუნდა და ბევრ სხვა სტუდენტს გადასცა ინფორმაცია. ამგვარად, მოთხოვნაც გაიზარდა. ჩვენი კურსდამთავრებულთათვის უცხოეთში სპეციალობით ლეგალურად დასაქმება გაცილებით იოლი რომ იქნება, ეს სადავო არ უნდა იყოს. შესაბამისად, ეს პროცესები ქვეყნისთვისაც სასარგებლო იქნება.

– ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ყოველთვის იყო მოთხოვნადი და პრესტიჟული. რა ხდება დღეს?

– წელს მთლიანად შევცვალეთ ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, განვაახლეთ სივრცეები, ლაბორატორიები, აუდიტორიები. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე აუდიტორია, სადაც მომავალ წელს გაკეთდება რემონტი და ამით დავასრულებთ რეკონსტრუქციას. ეს საშუალება მოგვცემს, მომავალი წლიდან მთლიანად გადავერთოთ ლაბორატორიებისა და ტექნიკის შეძენა-განახლებაზე. სამშენებლო ფაკულტეტზე 14 საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. ცოტა ხნის წინ მეთხუთმეტე პროგრამა – სამოქალაქო ინჟინერია შევიტანეთ აკრედიტაციაზე. სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი. ჩათვალეთ, რომ ჩვენი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს. ჩვენი სპეციალობა ისევ პრესტიჟული და მოთხოვნადია. სამშენებლო ფაკულტეტზე ირიცხება 3000-მდე სტუდენტი. ყურადღება მინდა გავამახვილო, ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტიან პროექტზე. გავაფორმეთ ხელშეკრულებები პოლონურ მხარესთან – ბელოსტოკის, ლუბლიანისა და ჩესტოხოვოს უძველეს უნივერსიტეტებთან. ამ პროექტის ფარგლებში, პირველად ჩვენს ფაკულტეტზე, პირადად ჩემი და ჩემი პოლონელი კოლეგების ხელმძღვანელობით, სამი დისერტაციის დაცვა მოხდა. დისერტაციები უმაღლესი ქულებით შეფასდა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი 25 სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებლები, პოლონელების დაფინანსებით, ბელოსტოკში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა სამეცნიერო თუ კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. „სტუდენტური დღეების“ მსვლელობისას, მოულოდნელად, ერთ-ერთი უცხოელი სტუდენტი შეუძლოდ შეიქნა და ის ჩვენმა სტუდენტებმა გადაარჩინეს. პოლონეთის მთავრობამ ოფიციალური მადლობის წერილი გამოგვიგზავნა.

-კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს სამშენებლო ფაკულტეტი სტუდენტებს?

– სამშენებლო ფაკულტეტის მეორე მნიშვნელოვანი პროექტი სტუდენტების უცხოეთში სწავლას ეხება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არ ხდება „ერაზმუს პლუსის“ ფარგლებში. ჩვენ ჩესტოხოვოს უნივერსიტეტთან უპრეცედენტო შეთანხმებას მივაღწიეთ. პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ გვიშიანი. ის შეხვდა ჩესტოხოვოს უნივერსიტეტის რექტორს, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა მათ უნივერსიტეტში ისწავლონ. ყველაზე მთავარი – ჩვენი სტუდენტებისთვის ჩესტოხოვოს უნივერსიტეტში სწავლა უსასყიდლოდ მოხდება.

-ალბათ, ადგილები ლიმიტირებულია?

– არ არის ლიმიტირებული. სამშენებლო ფაკულტეტმა უნდა შეარჩიოს წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ჩესტოხოვოს უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამა იქნება შეთანხმებული – ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია. არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ სწავლისას აღებული კრედიტები ჩვენსას არ ემთხვევა. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო პროგრამას წინასწარ ვათანხმებთ. შედეგად, ჩესტოხოვოს უნივერსიტეტში აღებული კრედიტები ჩვენს სტუდენტებს მთლიანად უღიარდებათ. დასაწყისისთვის 6-თვიანი პროგრამა შევიმუშავეთ. არაა გამორიცხული, ვადა გაიზარდოს. ჩესტოხოვოს უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, ჩვენი ფაკულტეტის ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღოს, შეთანხმება უკვე მიღწეულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროექტი არ ხორციელდება „ერაზმუს პლუსის“ ფარგლებში, მაგრამ თუ ამ პროექტს „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებსაც დავუმატებთ – ეს, საერთო ჯამში, ფაკულტეტისთვის სოლიდური შედეგის მომტანია. დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს არ აქვს კურსდამთავრებულთა დასაქმების პრობლემა. ჩვენს მაგისტრებზე დიდი მოთხოვნაა და საქართველოში მათ არც თუ დაბალ პოზიციებს სთავაზობენ. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ პროფესიით დასაქმების მხრივ ბარიერი მხოლოდ უცხოური ენის არცოდნაა. ჩვენი კურსდამთავრებულები რომ გამართულად ფლობდნენ ინგლისურ ენაა, ცხადია, ეს საკითხიც გადაიჭრებოდა.

– ფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მუშაობაზე აქცენტის გაკეთება არამართებულია?

– არა, რა თქმა უნდა. ის, რომ ახალგაზრდამ კვალიფიკაცია აიმაღლოს, რატომ უნდა იყოს ცუდი? მეც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვმუშაობდი, მანამდე მოსკოვის საინჟინრო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მონაწილეობა მივიღე შახოვის რაიონის მშენებლობაში, ვმუშაობდი ავსტრიაში და დიდი გამოცდილებაც შევიძინე. ვერ ვხედავ საზღვარგარეთ სწავლასა და მუშაობაში პრობლემას. ახალგაზრდამ უნდა მოსინჯოს ძალები და საზღვარგარეთაც გაემგზავროს ლეგალურად, თავისი სპეციალობით სამუშაოდ და არა ისე, როგორც მიდიან, ხშირ შემთხვევაში. რით არის ცუდი, თუ ახალგაზრდა თავისი პროფესიით იმუშავებს უცხოეთში, შეიძენს ახალ კონტაქტებს, კოლეგებს, აიმაღლებს კვალიფიკაციას?!

– ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა რამდენადაა შესაბამისობაში თანამედროვე მოთხოვნებთან?

– ალბათ, იცით, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან Abet-აკრედიტაციის ექსპერტები და გენერალური აუდიტის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, აღიარეს ჩვენი უნივერსიტეტის წარმატება. მათ დაათვალიერეს სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორიები და აღნიშნეს, რომ ფაკულტეტი უნიკალური ლაბორატორიებითაა აღჭურვილი. ჩვენ გვაქვს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უახლესი ლაბორატორია, რომელიც არის ავსტრიული წარმოებისაა. ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადმოგვეცა 7 მილიონის ღირებულების დანადგარები. ამ ეტაპზე, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს უახლესი ტიპის ლაბორატორიის მშენებლობის თაობაზე. ახლახან ამოქმედდა ხიდსაცდელი ცენტრი. იმდენად, რამდენადაც ეს უახლესი, 2020 წლის აღჭურვილობაა, ორგანიზაციამ, რომელმაც დანადგარები გამოგვიგზავნა, გვთხოვა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მათი ფოტოგადაღება და ინტერნეტში ატვირთვა არ მოხდეს. ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც დიდი მიღწევაა. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ამ ლაბორატორიებში კვლევებით დაკავდებიან, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. გარდა ამისა, ფაკულტეტს აქვს სამეცნიერო ცენტრები, რაც ჩვენი აკადემიური წრეებისთვის და სტუდენტებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – კადრების მონაცვლეობა. ვინ არის მთავარი ძალა ფაკულტეტისთვის, ვინ უნდა შეავსოს ის ადგილები, რომელიც აკადემიური პერსონალის პენსიაში გასვლის შემდეგ ჩნდება?! ცხადია, ახალგაზრდებმა. თემიდან გადავუხვევ და გავიხსენებ ჩემი ბიოგრაფიიდან ერთ დეტალს: ფაქტიურად, 30 წლის წინ გადაწყვიტა ბატონმა ნიკოლოზ მოწონელიძემ ჩემი მომავალი საქმიანობა და იცით როგორ? – მითხრა, კათედრაზე უნდა იმუშაო, დისერტაცია დაცული გაქვს და კარგი კადრი ხარო. ნახევარ განაკვეთზე მიმიღო. არადა, იმ დროს მე უკვე დასაქმებული ვიყავი.

– გამოდის, მან განსაზღვრა თქვენი კარიერული გზა…

– დიდი მნიშვნელობა აქვს გეზის მიცემას. მეც ვცდილობ სწორედ ასე მოვექცე ყველა სტუდენტს, ვინც კარგად სწავლობს და ვისაც თავისი პროფესია უყვარს.

– დაბოლოს, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ დღევანდელ რეალობას – ახალ მშენებლობებს.

– ამ საკითხზე უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე არაერთხელ გვისაუბრია. მე პარლამენტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრიც ვარ. ამ ეტაპზე, პარლამენტის დარგორივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარეობს მსჯელობა სერტიფიცირებულ არქიტექტორებსა და მშენებლებზე. პირადად მე დავაყენე საკითხი, რომ სერთიფიცირებული მშენებელი აუცილებლად უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს. რატომ უნდა შესულიყო ასეთ ჩიხში ქვეყანა?! ჩვენი უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო სკოლა იყო. ჩვენი კურსდამთავრებულების მიერაა აშენებული სრულიად საქართველო. გარდა ამისა, მათ არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, დედამიწის მეექვსედის მშენებლობაში აქვთ მიღებული მონაწილეობა. ბევრი ჩვენი კოლეგა მუშაობდა ალჟირში, კუბაში, საფრანგეთში, ავღანეთში და სხვა ქვეყნებში დიდი ჰესებისა და ატომურ ელექტროსადგურების მშენებლობაზე. დადგა 90-იანი წლები და „პური მეპურემ არ გამოაცხო“, ვისაც შესაძლებლობა და სურვილი გაუჩნდა, ყველა ჩაერთო მშენებლობაში. უხარისხო მშენებლობები სწორედ ამითაა გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები