ორმაგი დიპლომები სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის – დეკანის ვიზიტი საფრანგეთში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, – ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.
როგორც “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცობეს, საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და ქვეყნისთვის საფრანგეთში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას ვიზიტის დროს გადაწყდა.
შვიდდღიანი ვიზიტის შესახებ, რომელიც ორ ნაწილს ითვალისწინებდა, გიგა ქვარცხავა საუბრობს:
– ვიზიტის პირველ ნახევარში ვიმყოფებოდი მონპელიეში, სადაც გაიმართა შეხვედრები EMAVE-ს (ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში) კონსორციუმის მონაწილე მხრეებთან. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეთახმებას კონსორციუმის ერთ-ერთ მხარესთან – სუპაგრო მონპელიესთან – ორმაგი დიპლომების სამაგისტრო პროგრამების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო ახლო მომავალში გავხდეთ კონსორციუმის წევრი. ჩატრდა კონსორციუმის გეგმიური შეხვედრა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება.
– ეს იყო თავად კონსორციუმის ინიციატივა, თუ თქვენს სურვილს გამოეხმაურნენ?
– სუპაგრო მონპელიეს ინიციატივით უპრიანი იქნებოდა ჩემი კონსორციუმის წევრებთან გასაუბრება და სტუ-ს წარდგენა დასკვნით სხდომაზე. ამ შეხვედრამდე, რომელიც 25-29 სექტემბერს გაიმართა კონსორციუმის წარმომადგენლებს შევხვდი (უდინეს უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი, INRA), სადაც ინდივიდუალურ რეჟიმში გავაცანი ჩვენი მდგომარეობა. შევხვდი სტუდენტებსაც, რის შემდეგაც რამდენიმემ სურვილი გამოთქვა, რომ ერთი სემესტრი სტუ-ში გაატაროს. დასკნით სხდომაზე მოხსენებით წარვსდექი, რის შემდეგაც მრავალი შეკითხვები დაისვა და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ სუპაგრო მონპელიესთან ხელშეკრულების დეტალებზე გავაგრძელებთ მუშაობას, ხოლო კონსორციუმის სხვა (გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი) წარმომადგენლები დააკვირდებიან ან ინდივიდუალურად იმუშავებენ სტუ-სთან , რისი შედეგებიც შემდეგ შეხვედრებზე ეცნობება სხვა მონაწილეებს, რაც საბოლოოდ გახდება სტუ-ს EMAVE-ში გაწევრიანების საშუალება. ამჟამად, გადაწყდა, რომ ფრანგული მხარე მზადაა მიიწვიოს ჩვენი მაგისტრები, დოქტორანტები ან მკვლევარები სამუშაოების ნაწილის მონპელიეში ჩასატარებლად.
– ვიზიტის მეორე ნაწილი რას ითვალისწინებდა?
– ვიზიტის მეორე ნაწილი საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის ყველა მიმართულებით გაღმავებას მიეძღვნა. საფრანგეთს სტუმრობდა საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო მინისტრის – დავით ზალკანიანის – ხელმძღვანელობით. საფრანგეთის მხარეს, სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენდა მინისტრი – ჟან – ივ ლე დრიანი. შეხვედრა შედგა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში. ამის შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა ფორმატში. განათლებისა და კულტურის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლები (განათლების სამინისტრო და სტუ) შეხვდნენ საფრანგეთის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში, ყველაზე ხელშესახებ წარმატებას სტუ-მ მიაღწია და 2020 წლიდან მზადაა მიიღოს სტუდენტები ორმაგდიპლომიან პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამა – „რძის ტექნოლოგია და მენეჯმენტი“ – შემუშავდა რენე 1 უნივერსიტეტსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის საფუძველზე და ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო პროგრამის – სასურსათო ტექნოლოგიების – ნაწილი იქნება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ. შეხვედრის შემდეგ სტუ-ს და რენე 1 უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს.
– კონკრეტულად ვისაუბროთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული მემორანდუმი
– ამ საკითხზე მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის დიდი ევროპული კონსორციუმი, სადაც შედის ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, შვეიცარიული, სლოვაკური უნივერსიტეტები. სამწუხაროდ, მხოლოდ ფრანგული მხარე ვერ წყვეტდა ჩვენს იქ ყოფნას. მქონდა შეხვედრები და პრეზენტაციები კონსორციუმის წარმომადგენლებთან, განწყობა არის ძალიან დადებითი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში ერთ წელში სრულიად შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ არა მარტო ორმაგდიპლომიანი ხელშეკრულების თანამონაწილე, არამედ, მთლიანად კონსორციუმის თანამონაწილეც. პრინციპში ჩემი პრეზენტაცია ნიშნავდა, იმას, რომ ამ მიმართუილებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არის საერთო ევროპული სამაგისტრო მევენახეობასა და მეღვინეობაში, სადაც გაერთიანებულია ყველაზე ძლიერი ინსტიტუციები ამ მიმართულებით ევროპის მასშტაბით. დღეისათვის კონსორციუმში 8 სრულფასოვანი წევრია და ორი მალე გახდება კონსორციუმის წევრი. საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება კონსორციუმის 10 წევრთან ხელშეკრულება ორმაგ დიპლომებზე. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ამ 8 უნივერსიტეტიდან ორთან ერასმუს პლუსი გვაქვს და ეს ძალიან დაგვეხმარა მათთან ურთიერთობაში. ასევე, ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ მილანის უნივერსიტეტთან ჩვენ საბაკალავრო პროგრამაზე გვაქვს ორმაგი დიპლომი. გამოითქვა აზრი, რომ ის პროცედურა რომელიც სხვა უნივერსიტეტებთან მიმართებაში 2 წელი გრძელდება, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს, იმიტომ, რომ წინამოსამზადებელი ეტაპი გავლილი გვაქვს.
– რაც შეეხება მეორე შეხვედრას?!
– 2018 წელს საქრთველოსა და ფრანგული მხრიდან ხელმოწერილი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, მხოლოდ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია ხელშესახებ წარმატებას და ჩვენ უკვე გვაქვს ორმაგდიპლომიანი პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან ამუშავდება, ეს ეხება რძის გადამუშავებას და მენეჯმენტს. 2021 წლის ბოლოს უკვე გვეყოლება პირველი კურსდამთავრებულები. მსგავსი რამ, არც ერთ უნივერსიტეტს და კონსორციუმის არც ერთ მონაწილე მხარეს არ აქვს. უფრო კარგი სიახლე ის არის, რომ უნივერსიტეტს დაფინანსების წყაროები უკვე გამოუჩნდა. მომავალი წლიდან სახელმწიფოც ვალდებულებას იღებს, რომ აუცილებლად გაიზრდება დაფინანსება. რაც ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტები აიღებენ ორ დიპლომს, ერთი ფრანგული იქნება, მეორე ქართული.
– სტუდენტთა მხრიდან ინტერესი როგორია?
– ჩვენ ვფიქრობდით, რომ 15-20 სტუდენტი მიგვეღო. სწავლება ბოლო წელს იქნება ინგლისურ ენაზე და ჩვენი პროგრამის დასრულების შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება სწავლას ინგლისურ ენაზე გააგრძელებს. როგორც გითხარით, ჩვენ ვვარაუდობდით 15-20 სტუდენტს, მაგრამ როგორც კი გაიგეს სტუდენტებმა სიახლის შესახებ, ამ წუთისათვის 120 სტუდენტი გვყავს, მათ შორის 55-მა სურვილი გამოთქვა სწავლა ინგლისურ ენაზე გააგრძელოს.
– სწავლის საფასური გაიზრდება თუ იგივე რჩევა რაც არის გათვალისწინებული?!
– მთელი მიზანი ის არის, რომ სტუდენტისთვის სწავლის საფასური არ იცვლება და რჩება იგივე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, სტუდენტისათვის სწავლება უფასოა. მეორე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ ეს არის პილოტური საწარმოს გახსნა, რომელიც ამ სტუდენტებს მოემსახურება. იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას, რომ თანხების სწრაფი მობილიზება გავაკეთოთ და ავაშენოთ საწარმო.
– დასაქმება დიდ სირთულეს წარმოადგენს?
– სწორედ ამ პრინციპითაა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ეს მიმართულება. ჩვენ, მაგალითად, რძის ტექნოლოგიაზე სერიოზული პრობლემა გვაქვს. გარდა იმისა, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს ტექნოლოგების მხრივ, ფაქტიურად ტექნოლოგები აღარ გვყავს. საქართველოში, ასე ვთქვათ, რძის პატრიარქად ითვლება ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი, მან ნახა ჩვენი პროგრამა. თავიდან ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი. თუმცა, როგორც კი წაიკითხა პროგრამა, აღნიშნა, რომ ძლივს ნახა ის პროგრამა, რომლითაც საბოლოო შედეგზე გავდივართო.