“მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, წინანდალში, სასტუმრო „პარკ ჰოტელში“ “მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფონდ „საბუკოსა“ და Birdlife International-ის თანამშრომლობით ხორციელდება.

„საბუკოს“ დირექტორმა ნათია ჯავახიშვილმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. ფონდმა შეისწავლა ტყის მდგომარეობა და ასევე, გამოიკვლია დალის წყალსაცავის ზეგავლენა ჭალის ტყეზე. ამჟამად, საბუკო აქტიურად მუშაობს ტყის დატბორვის მოდელირებაზე, რომლის საფუძველზეც განხორციელდება დალის წყალსაცავის პერიოდული გათავისუფლება.
ივრის ჭალის ტყეების აღდგენის პროექტი ბიომრავალფეროვნებით მდიდარ სტეპებში საფუძველს ჩაუყრის მონაცვლეობითი ძოვების სქემას, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები განახორციელებენ. ამ ეტაპზე შემუშავებულია საძოვრების მართვის გეგმა ჭაჭუნას აღკვეთილისთვის, რომლის საერთო მიზანს საძოვრების ტერიტორიაზე საქონლის მაქსიმალური მოცულობის განსაზღვრა და როტაციული ძოვების სქემის შემუშავება წარმოადგენს.
ასევე განხორციელდა ცხვრის ფასეულობათა ჯაჭვის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა ცხვრის სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავდება რიგი წამახალისებელი ღონისძიებები ადგილობრივი ფერმერებისათვის როტაციული ძოვების სქემაში ჩართვის მიზნით.

პროექტი“ Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით, ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, 480 200-ზე მეტი აშშ დოლარით არის დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები