ბიძინა ივანიშვილი: ელჩებს შევხვდი არაერთხელ, ვერავინ ამბობს, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ
„ელჩებს შევხვდი არაერთხელ, ვერავინ ამბობს, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე” გადაცემა „SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
ნიკოლოზ ლალიაშვილის კითხვაზე, არსებობს, თუ არა საფრთხე, განმეორებით წრეზე წასვლის და გადატრიალების, კოჰაბიტაციით ხომ არ მოვედით აქამდე? ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
„კარგი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. მათი ამგვარი ქცევით ჩვენ სწრაფად ვახერხებთ გაცნობიერებასა და განვითარებას. ის, რომ ჩვენ ევროპაში შესვლა გვინდა, ევროპელებმა ასწლეულები აშენეს ეს ინსტიტუტები, ეკონომიკაც და არიან ისეთები დღეს, როგორებიც არიან. ჩვენ ამ მიმართულებით ტემპები უნდა დავაჩქაროთ. რაც შეეხება დემოკრატიულ აღმშენებლობას, ვახერხებთ და კანონის ჩარჩოებში ვაქცევთ მათ ქმედებას. ამით, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფრო სწრაფად განვითარდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ესენი აზარალებენ ბევრს, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ, გარეთ იმიჯს ულახავენ და ყველანაირად ცდილობენ, ეს გააკეთონ”, – უპასუხა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას” არანაირი კანონი არ დაურღვევია:
„მთელი ძველი სამეგობრო წამოწიეს და დღეში ერთი ან ორი კაცი აკეთებს განცხადებებს. ლამის არის ტრამპს მოთხოვეს ვიღაცეებმა შველა. რას უნდა უშველოს, ვის უნდა უშველოს? არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, რომ მსგავსი არ მოსვლოდეს. არაფერი მომხდარა, არანაირი კანონი არ დაურღვევია „ქართულ ოცნებას”. საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ფონზე, ასეთი გამძაფრებული ქცევების დროსაც კი, ამას ვაჩვენებთ და დემოკრატიული მეთოდებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ელჩებს და ვერავინ ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიული ჩარჩოები დაარღვია:
„მე არაერთხელ შევხვდი ელჩებს, კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ამბობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ. ეს არის მაგის პასუხი, რომ რა თქმა უნდა, ასე უნდა მოვექცეთ და ამის საფუძველზე შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება უფრო სწრაფი ტემპებითაც მოხდეს. მათ უნდა უპასუხო კანონით და მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოახერხო თანაცხოვრება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.