15 წლის ჩოხოსანი, ვისთვისაც ლექსების კითხვა საყვარელი საქმიანობაა
მას ყველა იცნობს პოეზიის საღამოებიდან, სადაც ჩოხაში გამოწყობილი კითხულობს ლექსებს.
ლექსების მხატვრულად წაკითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა. გამოდის საქველმოქმედო პოეზიის საღამოებზეც. დადიოდა მხატვრული კითხვის წრეზე მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრში. იყო „დავითთიანთან“ არსებული ლიტერატურული ჯგუფის – „დალკის“ მთავარი ჯგუფის წევრი.
2014 წელს პირველი ადგილი აიღო გალაკტიონობაზე, ნომინაციაში – ,,გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა“.
ჰქონდა საკუთარი საავტორო გადაცემა „ავტოგრაფი“ ინტერნეტტელევიზია STV –ზე.
სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. 15 წლის არის და პატრიარქის ჩოხოსანია. – თორნიკე თოდრიას პერსონა.
– მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ლაღი და კარგი ბავშვობა მქონოდა. ბავშვობიდან დამამახსოვრდა ჩემი სოფელი, იქ გატარებული დრო, გურული კრიმანჭული. ბახმარო მისი ულამაზესი მთებითა და მზის ჩასვლით, ჯირითობა ცხენზე. ყოველ ღამე ინთებოდა კოცონი, სადაც ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით და ეს ძალიან სახალისო ლამაზი, კარგად დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის.
– როდის დაიწყე მხატვრული კითხვა?
– ბავშვობიდან შემაყვარეს მშობლებმა ლექსების კითხვა მხატვრულად.
პირველად სცენაზე, 2012 წელს, დედაენისადმი მიძღვნილ კონკურსზე გამოვედი. ამის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სააქტო დარბაზში – შემოქმედებით საღამოზე, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ჯარჯი შუქიაურს. ასე დაიწყო ნელ-ნელა სხვადასხვა საღამოზე გამოსვლა. ყველაფერი უფლის წყალობით ხდება ცხოვრებაში.
– მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრში მხატვრული კითხვის წრეზე დადიოდი…
– მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გატარებული პერიოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი სურვილით დავდიოდი მხატვრული კითხვის წრეზე ქალბატონ ინეზა აბესაძესთან – გენიალური მსახიობის, გუჯა ბურდულის მეუღლესთან. იგი აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებას, თეატრალურ დადგმებს.
მან მასწავლა არამარტო მხატვრული კითხვა, არამედ ისიც, თუ რა არის მამული ენა და სარწმუნოება. მისი თითოეული ღონისძიება მართლაც დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. შემდეგ გავიცანი მისი ქალიშვილი, კინორეჟისორი, ქალბატონი მაკა ბურდული. მან მაზიარა კინოხელოვნებას და გადამიღო თავის ფილმში. ბურდულების ოჯახმა დიდი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, რითიც უზომოდ მადლიერი ვარ.
– ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითთიანთან“ არსებული ლიტერატურული კლუბის „დალკის“ წევრი იყავი…
– „დალკიში“ დასამახსოვრებელი იყო თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. თითოეული ღონისძიება სითბოთი და სიყვარულით აღსავსე იყო. ყოველ კვირას იმართებოდა შეხვედრები და ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდათ საშუალება, თავიანთი ლექსები წარმოეჩინათ. ზუსტად ეს დამამახსოვრდა „დალკიდან“.
– უამრავ საქველმოქმედო და პოეზიის საღამოზე გამოდიხარ...
– ყველა საღამო, რა თქმა უნდა, ემოციურია ჩემთვის, მაგრამ დღესაც მახსოვს ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სააქტო დარბაზში. ოვაცია და ტაში, ემოცია და სითბო, რაც ხალხმა გამოხატა, დაუვიწყარია.
საქველმოქმედო საღამოებიდან კი, ყველა დასამახსოვრებელი იყო. თითოეული ღონისძიება თავისებურად დარჩა ჩემში.
– ხშირად კითხულობ როგორც თანამედროვე, ისე ადრინდელი პოეტების ლექსებს. საყვარელი ლექსი, რომელსაც ყველაზე ხშირად წაიკითხავდი?
– უფრო ლექსები მაქვს ძალიან ბევრი გამორჩეულია – როგორც კლასიკოსებიდან, ისე ჩვენი თანამედროვე პოეტებიდან.
– ხშირად გამოდიხარ რეგიონებში…
– დიახ, გავდივარ რეგიონებში. ვიყავი მცხეთაში, დუშეთში – გოდერძი ჩოხელის შვილის დასახმარებელ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.კახეთში, სოფელ ნაფარეულში, გიორგი გიორგაშვილის პოეზიის საღამოზე…
– 2014 წელს ნომინაციაში „გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა“ პირველი ადგილი აიღე. გაიხსენე ის დღე…
– ეს კონკურსი ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. იმ დღეს წავიკითხე ლექსი „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“…
მართლაც, ძალიან კარგი დღე იყო. პირველი ადგილის აღება ჩემთვის მოულოდნელი დიდი სიხარული იყო. სიტყვით ძნელია იმ ბედნიერების გადმოცემა, რაც იმ დროს ვიგრძენი. ეს მართლაც დიდი პატივი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ მოეწყო კოცონი, სიმღერები და ცეკვები. დიდი მადლობა ბატონ არჩილ აბესაძეს.
– მონაწილეობ საქველმოქმედო საღამოებში. შენი გამოსვლები მრავალი სიგელით და დიპლომით აღინიშნა…
– ჩემთვის ყველა დიპლომი ყველა სიგელი გამორჩეულია, რადგან ეს ჩემს მიღწევებთანაა დაკავშირებული და მახსენებს იმ კარგ დროს.
– პატრიარქის ჩოხოსანი ხარ… საღამოებზეც ჩოხით გამოდიხარ…
– ბავშვობიდან მიყვარდა ჩოხის ჩაცმა და ყოველთვის მინდოდა, რომ პატრიარქის ჩოხოსანი გავმხდარიყავი, ამ სურვილის ასრულებისთვის, დიდი მადლობა ბატონ ზვიად სეხნიაშვილს.
ჩოხა ჩემთვის სულის სამოსია, ისტორიაა. მისი ჩაცმისას ვგრძნობ, რომ მიწაზე მყარად ვდგავარ… პატრიარქის გვერდით ყოფნა უდიდესი მადლი და პატივია. პატრიარქის დალოცვის წუთები უძვირფასესი და უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
როდესაც ლექსს ვკითხულობ ჩოხით, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას და ენერგიას მაძლევს, რადგან ჩოხა ჩემს წინაპრებთან მაკავშირებს და ქართული სულის გამოძახილია.
– როგორ უთავსებ ერთმანეთს სკოლას და ლექსების კითხვას?
– ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა ზომიერება. ერთმანეთს ჯერჯერობით კარგად ვუთავსებ.
– რაზე მუშაობ?
– ამჟამად ვემზადები სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ვცდილობ ჩემი ლექსის თქმის სტილის უფრო კარგად დამუშავებაზე.
– ჰობი…
– მუსიკის მოსმენა, ხატვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი…
– სამომავლოდ სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– ჯერ არ გადამიწყვეტია…
თამარ შაიშმელაშვილი