სამაჩაბლოელი ხელოვანი, რომელმაც ვაზის და ღვინის სამკაულებით აამეტყველა „ამბავი საქართველოზე“…

„რომში, კონკურსზე გადაგზავნილი ვიდეომასალა გია ყანჩელის მუსიკით იყო გაფორმებული. ამ ვიდეოს გამოქვეყნება კი მის გარდაცვალებას დაემთხვა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო“.

ბავშვობა სამაჩაბლოში გაატარა, მამის საფლავიც იქ დარჩა. სწორედ მისმა სიყვარულმა ვაზისადმი განსაზღვრა შემდეგ ხელოვნების სიყვარული.
იუსტიციის სახლის რუტინულ სამსახურში შეიქმნა პირველი ხელნაკეთი ნივთები, მათ მოჰყვა სხვა სამკაულები და  მთავარ კონცეფციად საქართველოს სიმბოლო – ვაზი და ვენახი იქცა.
ექსკლუზიური ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნო ზილფი ჰენდმეიდის“ დამფუძნებელია, რომელიც  საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება ევროპაში
ვაზის მტევანი და საქართველო წარმოჩენილია სხვადასხვა აქსესუარსა და სამკაულში, როგორც ქალბატონებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. მასალად იყენებ ნახევრად ძვირფას ქვებს.
წელს პირველად უმასპინძლა რომმა სამკაულების გამოფენას, სადაც 30 სამკაულს შორის მის  ნამუშევარს – „ამბავი საქართველოზე“ ავტორიტეტული ჟიურის დიდი მოწონება ხვდა წილად… მიიღო ახალი შემოთავაზებები იტალიიდან, ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. – ხელოვან  ფატი კახნიაშვილის პერსონა.

„ამბავი საქართველოზე“ ძველი რომის ხედებით

– ბავშვობა სამაჩაბლოში გავატარე, ეს იყო უტკბილესი წლები, რაც ჩემში სათუთ და თბილ მოგონებებს აღვიძებს. ბავშვობა კი უსაყვარლესმა მშობლებმა და ძმებმა გამილამაზეს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება ეს მოგონებები, განსაკუთრებით კი მამა მახსენდება, რომელიც უთბილესი და ოჯახზე და შვილებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო.
მამას განსაკუთრებულად მოვიხსენიებ, რადგან მისი საფლავი იქ დარჩა და ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია. საბედნიეროდ,  ოჯახის სხვა წევრები აქეთ მყავს და ნებისმიერ დროს შემიძლია მათ მოვეფერო. ბავშვობის ნოსტალგია კი მამის ვაზისადმი სიყვარულს მახსენებს, რამაც მომცა სტიმული, ჩემს საქმიანობაში ეს კონცეფცია გამომეყენებინა.
– პროფესიით პედაგოგი ხართ. როდის დაუკავშირეთ ბედი ხელოვნებას?
– ჩემი პირველი პროფესია – პედაგოგობაა, 5 წელი ვიმუშავე კერძო სკოლაში, შემდეგ კი, 2005 წელს, მონაწილეობა მივიღე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და 99 პროცენტიანი შედეგით დავიწყე მუშაობა ამ სისტემაში, პარალელურად მივიღე მეორე უმაღლესი განათლება (იურისტის) და წარმატებული 13- წლიანი მუშაობის სტაჟი დავაგროვე.
13 წელი რუტინულ სამსახურში ვიყავი ჩაბმული, იუსტიციის სახლში ვმუშაობდი და მოქალაქეებს ვემსახურებოდი. აი, იქ გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ ხელით მეკეთებინა რამე. ასე დავიწყე ჯერ კიდევ იუსტიციის თანამშრომელმა სამკაულების კეთება.
სამკაულების მთავარი თემა ვაზი და ვენახი, მათზე დატანილი ქართული ასოები
– ჩემი შემოქმედების მთავარი კონცეფცია სწორედ  ვაზი და ვენახია, როგორც საქართველოს სიმბოლო.
ჩემს შემოქმედებაში ვაზის მტევანი წარმოჩენილია სხვადასხვა აქსესუარსა და სამკაულში, როგორც ქალბატონებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. მასალად ვიყენებ ნახევრად ძვირფას ქვებს, რაშიც ბუნებრივად გამოისახება ყურძნის მარცვალი და ემსგავსება მტევანს. ეს მსგავსება ყველაზე მეტად მოსწონთ როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მომხმარებლებს, რაც  უზომოდ მახარებს და სტიმულს მაძლევს.
– როგორ შეიქმნა სამკაული ამბავი საქართველოზე“? ამ სამკაულში ცისფერ  თვალში „ცრემლი“ კიაფობს…
– სამკაული, რომელსაც „ამბავი საქართველოზე“ ვუწოდე, რომში გამოცხადებული კონკურსისთვის შეიქმნა. ამ კონკურსის თაობაზე კი იტალიაში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიამ შემატყობინა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდ პოპულარიზაციას უწევს საქართველოს იტალიაში და უღრმესი მადლობა მას ამისათვის. კონკურსზე წარდგენილი ნამუშევარი გარკვეული შინაარსით დატვირთული უნდა ყოფილიყო. პირობების გაცნობისთანავე გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა სამკაული, რომელიც ჩემი ქვეყნის ამბავს მოყვებოდა. ასე დაიბადა ჩემი „ამბავი საქართველოზე“… კი, სამკაულის ერთ ნაწილში „ცრემლი“ ჩანს, მავთულხლართებზე ტყვიით დაცხრილულ ვაზის ფოთლებზე ცრემლია გამოსახული.
ეს ჩემი ტკივილია და არა მხოლოდ ჩემი, სრულიად საქართველოს ტკივილია. სამკაული კი 8000-წლიანი ისტორიით იწყება, სადაც გამოსახულია ბორჯღალო, ქართული ასომთავრული ანბანი, შემდეგ კი – სამი ქვევრი, სამების სიმბოლო, მავთულხლართი, დაცხრილული ფოთლებით და ცრემლით, და ისევ სიცოცხლის სიმბოლო – მწვანე მტევანი ფოთლებით და ტოტებით, სიმბოლურად, სიცოცხლე გრძელდება…. ასე შეიქმნა „ამბავი საქართველოზე“. მინდა მადლობა ვუთხრა ამ სამკაულის ისტორიის ავტორს, ისტორიკოსს, ბატონ აკაკი გელაშვილს.
– წელს პირველად უმასპინძლა რომმა სამკაულების გამოფენას, სადაც 30 სამკაულს შორის თქვენი ნამუშევარიც მოხვდა…
–  რომის გამოფენა-კონკურსზე, 30 საუკეთესო ნამუშევარს შორის ეს სამკაული შეარჩია ჟიურიმ, აქედან 29 იტალიელის და ერთი ქართველის. გამოფენა გაიმართა 10-13 ოქტომბერს, „ამბავი საქართველოზე“ კი… რომაელებს უამბობდა ჩვენს ისტორიას.
მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო: რომში, კონკურსზე გადაგზავნილი ვიდეომასალა ბატონი გია ყანჩელის მუსიკით იყო გაფორმებული. ამ ვიდეოს გამოქვეყნება კი მის გარდაცვალებას დაემთხვა, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.
გამოფენის პარალელურად, ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიას ორგანიზებით, ძველი რომის გულში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ჩატარდა ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც ასევე იყო წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი „ამბავი საქართველოზე“. შემოსილი ვიყავი „ფაფანაკის”  თუშურ კაბაში, ქართულ სუფრას ამშვენებდა „შათირის” და „რარეს“  ქვევრის ღვინოები, და ასევე გამოფენას ამშვენებდა „ჯორჯიან მემორის“ ქართული მოტივებით შექმნილი ყელსახვევები.
ნენო გაბელიამ  წარადგინა ქართული ღვინო და საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო.
გამოფენამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მობრძანებულმა იტალიელმა და ქართველმა მომღერალმა სტუმრებმა შეგვისრულეს „შენ ხარ ვენახი“.
უკვე მიიღეთ ორი წვევა პერსონალური გამოფენის მოსაწყობად როგორც იტალიაში, ასევე ავსტრიასა და ჰოლანდიაში
–  მიხარია, რომ წარმატებული გამოდგა „რომაული არდადეგები“,  მივიღეთ ახალი შემოთავაზებები იტალიიდან, ასევე ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ექსკლუზიური ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნო ზილფი ჰენდმეიდი“ დააფუძნეთ, რომელიც თქვენ მიერ შექმნილი სამკაულები, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება ევროპაში… ამ საქმიანობაში თქვენი შვილებიც არიან ჩართუულები…
– სულ ერთი წელია, რაც დავაფუძნე ბრენდი „ზილფი“. ჩემი მიზანი საქართველოს პოპულარიზაციაა და ამაში ჩემი შვილებიც აქტიურად არიან ჩართულები.
– „წარმატებულ ქალთა კლუბის“ წევრი ხართ…
–  კლუბის წევრობა ძალზე საპასუხის მგებლოა, რადგან ეს პლატფორმა საინტერესო და წარმატებულ ქალებს აერთიანებს და მისი მისია წარმატების გაზიარებას და მეტი ქალის მოტივაციას ისახავს მიზნად.
– ჰობი…
– წლების უკან ლექსებს ვწერდი, ერთი წლის წინ ხელნაკეთი სამკაულების კეთება ჰობის დონეზე დავიწყე და საყვარელ და მთავარ საქმედ მექცა.
  ოჯახი…
– ჩემი მოხუცი და ყველაზე ძლიერი დედაა, ჩემი „ტყუპუცუნები“, არაჩვეულებრივი ტყუპი – ვაჟი ბექა და თორნიკე, ჩემი ცხოვრება და იმედი, მათი თანადგომით ვარ ის ვინც ვარ.
– რაზე მუშაობთ  და სამომავლო გეგმები…
–  ამჟამად ვემზადები ავსტრიაში გასამგზავრებლად, სადაც 20 ნოემბერს იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა და ასევე მონაწილეობას მივიღებ გაეროს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები