მეუფე მიქაელ გაბრიჭიძე: პეტრე ცაავას ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ, პოლიტიკური ცხოვრებისაგან გათავისუფლდეს
მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ, – ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელ გაბრიჭიძემ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მომხდარ ფაქტთან და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ეს განწყობა მეუფე პეტრეს მხოლოდ იმ დღეს არ შეჰქმნია. სინოდის წინა შეკრებებზე არაერთხელ ვურჩიეთ, ცოტა კორექტული ყოფილიყო და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სინოდში უნდა განიხილებოდეს, გარეთ არ გაეტანა. ერთხელაც არ შეისმინა ჩვენი რჩევა და თხოვნა. სინოდის სხდომაზე თავსა და ემოციებს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა, პატრიარქს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რამაც ჩვენც დაგვაბნია. მეუფე პეტრეს, ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ- განკითხვებში იყო, რაც ადამიანს დასცემს. გამოფიტავს და გამოაშრობს. განკითხვა რომ დავიწყოთ და არ მოვინანიოთ, ყველას ასე დაგვემართა, შეიძლება უარესადაც. მძიმე სანახავი იყო, რაც წმინდა სინოდის შეკრებაზე ხდებოდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ. ვიდრე მეუფე პეტრე ხმამაღალ საუბარზე გადავიდოდა, პატრიარქმა ჰკითხა თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათ? მეუფე ჩვენი შეგონებით უფრო ღიზიანდებოდა და წარმოუდგენლად იქცეოდა. ყველა და უპირველესად უწმინდესმა, შევთავაზეთ გულწრფელად ეთხოვა შენდობა რაც არ ისურვა. იმავე განწყობით გამოვიდა გარეთ და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ასეთ დროს არსებობს გამოსავალი სიმშვიდისა და სიმდაბლისთვის მონასტერში წასვლა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მონასტერი. ვიდრე მეუფე გახდებოდა, სნოში, სტეფანწმინდის ეპარქიაში, დიდხანს ცხოვრობდა მონასტერში. იქ მშვიდად არის ადამიანი, მას კი ეს ძალიან სჭირდება. ვერაფრით ვხსნი, როგორ მივიდა იქამდე, რომ ასე მოექცა სულიერ მამას, ადამიანს, რომელმაც აღზარდა და აქამდე მოიყვანა”, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.
მისივე ვარაუდით, პეტრე ცაავა პოლიტიკურ და საერო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერია და ბერული სულიერების აღსადგენად ძალა არ ეყო.
“თუ ვინმესთან ვმეგობრობდი სინოდში, ეს იყო მეუფე პეტრე, რომელიც თავისი ნიჭით, სიმშვიდით, სულიერებით, სიყვარულითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ღვთის იმედი მაქვს, კეთილი საქმეების გამო მას უფალი შეეწევა და გონებას გაუხსნის. ასე მგონია, პოლიტიკურ და საერო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერია და ამან იმოქმედა, ბერული სულიერების აღსადგენად ძალა არ ეყო. ვერ გაუძლო ხილულ და უხილავ განსაცდელს. ბერული თხოვნით მივმართავ, დაუკვირდეს თავის საქციელს და ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მას, გათავისუფლდეს პოლიტიკური ცხოვრებისაგან. იმ დღის შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჯახის წევრი შეცდომას უშვებს და ვერ ვშველი. მე ვარ ბერი, რომელსაც შეცდომების მიუხედავად, ის ისევე მიყვარს, როგორც აქამდე. არანაირ “პროს: არ ვაღიარებ არც “პრორუსულს, არც “პროამერიკულს”. მე ქართველი ვარ, ეკლესიის მსახური და ვიცი, ეკლესიას გაძლიერება, ქვეყანას კი გადარჩენას სჭირდება.
მივმართავ ყველას, კარგად გავიაზროთ, რომ ახლა ერიც და ბერიც ძალიან მძიმე გზას გავდივართ და ეს გზა ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, რადგან თუ ეკლესია იქნება ერთიანი, ქვეყანაც ერთიანი იქნება”,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.