ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში, ომისგან განადგურებული ქვეყნის აღდგენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის წინა დღეს, რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გადაუდებელი აუცილებლობა“ განიხილეს.

თავის მხრივ, ზელენსკიმ წმინდა საყდარს რუსეთში გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნებაში დახმარების გაწევის ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ორივე მხარემ კვლავ წამოჭრა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში მასპინძლობის შესაძლებლობა – იდეა, რომელიც რუსეთმა მაისში უარყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი ასევე აპირებს, რომ დღეს აშშ-ს სპეციალურ წარმომდგენელს, კიტ კელოგსა და იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდეს.

ცნობისთვის, 10-11 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის მეოთხე კონფერენციას იტალია და უკრაინა ერთობლივად ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები