მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
„მინდა აღვნიშნო, რომ იარაღის ტარება – ასე გამოდის, მაგრამ ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა. მე რომ ეს მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს. მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი, უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი. რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ასეთი სახის შეცდომები გაყვანილი იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს. მგონია, რომ ეგ ზედმეტია.
ძალიან ვნანობ. ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს – საერთოდ არ დამირღვევია კანონი და ყველა ჩემს მანქანას მძღოლი მართავს და ამიტომ ამ ნაწილშიც ვერ დავეთანხმები რომ მე ვარ არაკანონმორჩილი ადამიანი, რომ მე რამე კანონი დამერღვიოს ამდენი წლის განმავლობაში.
ეს არის ჩემი კომენტარი და ეს შეცდომა მოხდა და ეს შეიძლება ნებისმიერ აქ მჯდომ ადამიანს მოუვიდეს. ეს არ იყო გამიზნული და იარაღის ქონის უფლება ყველას აქვს და თუ შემთხვევით ჩანთაში ვერ აღმოაჩინე და პირდაპირ აეროპორტში მიხვედი და გაატარო იქ სადაც ჩანდა, არ შეიძლება რომ ეს ადეკვატურმა ადამიანმა გააკეთოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს მე ვერ ვუწოდებ. ბოდიში გრძელი სიტყვისთვის მაგრამ მე ასე შევაფასებ ამ ფაქტს. ამიტომ ვითხოვ გირაოს.
რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას – რა მჭირს მე გასაქცევი. ძალიან ბევრი საქმე და 7000 თანამშრომელი მყავს“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შსს-ს განცხადებით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენოსკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული WALTHER PPK/S მოდელის, 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.