გიორგი გობრონიძე: თუ, ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სტრატეგია არ გვექნება, ქვეყნის პარალიზებაა მოსალოდნელი

მტრულად განწყობილ ძალებს აუცილებლად ექნებათ სურვილი, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას შეუტიონ იმგვარად, რომ ქვეყანა პარალიზებული აღმოჩნდეს, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი გიორგი გობრონიძე გასულ კვირას საქართველოში, სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

“ამ ცოტა ხნის წინ მომიხდა ჩასვლა რუსეთში და შეხვედრა იქაურ კიბერუსაფრთხთხოების ექსპერტებთან, რომლებიც ძალიან აქტიურად განიხილავდნენ საშუალებებს, თუ როგორ შეიძლება კიბერმექანიზმების გამოყენებით ქვეყნის ფაქტობრივი პარალიზება. მტრულად განწყობილ ძალებს აუცილებლად ექნებათ სურვილი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას შეუტიონ იმგვარად, რომ ქვეყანა პარალიზებული აღმოჩნდეს. თეორიულად დავუშვათ და წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ რომელიღაც ჰაკერმა შეაღწია შსს-ს ან რომელიმე შესაბამისი სამსახურის სისტემაში და თბილისში გათიშა შუქნიშნები… ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება! ან დაარტყან საქავიანავიგაციის სისტემას! ღმერთმა დაიფაროს და, ალბათ, ისეთ შედეგებს მივიღებთ, რაც, შესაძლოა დაბომბვისას მიგვეღო. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრუქტურები დაცულია, მაგრამ არ არსებობს აბსოლუტური დაცვის საშუალებები, ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა, განახლება. რაც მოხდა, არ იყო მაღალი ხარისხის კიბერშეტევა, მაგრამ ამანაც საკმარისი რყევა და ზიანი გამოიწვია. ბუნებრივია, პირველად ჩნდება ვარაუდი, რომ ამის უკან რუსეთი დგას. შესაძლოა ეს ყოფილიყო გაფრთხილება, ჩვენი ძალების მოსინჯვა. არ ვიცი, უნდა მოეწვიათ თუ არა უსაფრთხოების საბჭო; მთავარი სხვაა – სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მომზადებული კიბერ და ნებისმიერი უსაფრთხოების სტრატეგია და ამასთანავე, ამ სტრატეგიას პრაქტიკაში უნდა იყენებდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვჭირდება პოსტფაქტუმ მოქმედება და გავუმკლავდებით ასეთ შემოტევებს. კიბერსაფრთხეები უკვე მთელი მსოფლიოსთვის სამხედრო ხასიათის საფრთხედ იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წელს, როდესაც ითქვა, რომ კიბერსაშუალებებით თავს დაესხნენ აშშ-ის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას- ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას- მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს არ დადასტურდა, 2017 წელს ამერიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, აშშ კიბერთავდასხმას განიხილავს სამხედრო აგრესიის აქტად და იტოვებს თავდაცვის უფლებას, მოწინააღმდეგეზე ბირთვული დარტყმის ჩათვლით. ესეც კარგად აჩვენებს, რა მასშტაბისაა კიბერუსაფრთხოების თემა. თუ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ზედმიწევნით კარგად დაცული არ იქნება და არ გვექნება კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, მოსალოდნელია ქვეყნის პარალიზება. ეს შედეგი იქნება იმაზე მძიმე, ვიდრე შეიძლებოდა სამხედრო ოპერაციების დროს ყოფილიყო. გავიხსენებ, აშშ-მა 2010 წელს როგორ იმუშავა ირანის ბირთვული პროგრამის დროში შესაჩერებლად. გამოიყენეს ვირუსი, შესაბამისად წაიშალა ბაზები, სადაც იყო გაწერილი მთელი ბირთვული ტექნოლოგია. მერე ისრაელის დაზვერვამ რამდენიმე მეცნიერი მოიშორა და ამ წერტილოვანი დარტყმებით მიაღწია შედეგს, რაც შეიძლება ამ ობიექტების საჰაერო დაბომბვით ვერ დამდგარიყო. ამ საკითხზე გვჭირდება პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ქვეყნის შიგნით კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, ამ თვალსაზრისით მძიმე ვითარება გვაქვს. სახელმწიფო უწყებებმა, მგონი, მოაგვარეს, მაგრამ კერძო სტრუქტურების ნაწილში, როგორც ვიცი, ჯერ ლიცენზირებული პროგრამირებაც კი არ აქვთ. აუცილებელია კადრების მომზადება. სამწუხაროდ, მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით კვალიფიციური პერსონალით და მაღალტექნოლოგიური კომპანიებით. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მით უფრო ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები