გიორგი გობრონიძე: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თვითონ ქართულმა სახელმწიფომ და საპატრიარქომ ვერ დაიცვეს
საქართველოში პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობდნენ, ეკლესია ან პარტნიორად გაეხადათ, ან მასზე გავლენა მოეპოვებინათ, – ამის შესახებ ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგაზეთო ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპერტი ამბობს, პრობლემა ისიცაა, რომ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები კი ცდილობდნენ ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ მათგან თავის შორს დაჭერას არც ეკლესია ცდილობდა.
“ის, რაც 31 ოქტომბერს ვნახეთ, ვფიქრობ, იყო გარეგნული გამოხატულება იმ კრიზისისა, რაც არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოში. კრიზისი გამოჩნდა ჯერ კიდევ ე.წ. მამალაძის საქმის დროს, თუმცა ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, უფრო ადრე იღებს სათავეს. ვგულისხმობ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას, რითიც ეკლესიამ მიიღო პრივილეგიები, ამან კი გააჩინა იმგვარი ცდუნებები, რაც აღარ არის დაკავშირებული რელიგიასთან და გულისხმობს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიკეთეების მოპოვებას. არაერთხელ გვინახავს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გამოყენების მცდელობა. ძალიან რთულია, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში დაიცვა რეალური სეკულარული ბალანსი. მოდი, ვაღიაროთ ამ ბალანსის დაცვა ჩვენში არც ერთი ხელისუფლებას არ უცდია; არ უცდია, არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში და პირიქით, არ დაეშვა პოლიტიკაში სამღვდელო პირთა ჩართვა. ამიტომაც მივიღეთ ძალიან მანკიერი ურთიერთობის სისტემა. შესაძლოა ამ პროცესში ვეძებოთ გარე ძალების კვალიც, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ქართულმა სახელმწიფომ და საპატრიარქომ ვერ დაიცვეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. სამწუხაროდ, ის რაც ჩვენ ვიხილეთ, მიჩენს აზრს, რომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა საპატრიარქოს შიგნით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია ეკლესიის ავტორიტეტის შემცირება… იქნებ ამას მოჰყვეს ის პოზიტიური შედეგი, რომ მომავალ ხელისუფლებებს საკუთარი სისულელის ფონზე პოზიციების გასამყარებლად ღვთაებრივი ლეგიტიმაციის მოპოვების ცდუნება აღარ გაუჩნდეთ.
საქართველოში პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობდნენ, ეკლესია ან პარტნიორი გაეხადათ, ან მასზე გავლენა მოეპოვებინათ. მაშინ, როცა საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობ რეალურ გამოსავლად, სასუფევლის დაპირება იოლია. ასეთ პოპულიზმთან გვქონდა საქმე წლების განმავლობაში. პრობლემა ისიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები კი ცდილობდნენ ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან თავის შორს დაჭერას არც ეკლესია ცდილობდა. არაერთი მღვდელმსახურისგან გვსმენია ამბიონებიდან ქადაგება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც ნაწილი აშკარად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს, ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეეხება ყველას ეკლესიის წიაღში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესმა მიგვიყვანა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე”, – აცხადებს გობრონიძე.
მისივე თქმით, სამწუხაროდ არც ქრისტიანული საზოგადოება გვყავს და სასულიერო პირების ნაწილიც ქრისტიანულ მრწამს ვერ გამოხატავს.
“დიდი პრობლემაა მრევლშიც. ვამბობთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 99% მართლმადიდებელია, მაგრამ საინტერესოა, რა არის მათთვის რელიგია და სარწმუნოება; აქვს კი მათ უმრავლესობას გააზრებული რწმენისა და ქრისტიანული იდეის აზრი, ან იციან, რას ნიშნავს, იყო ქრისტიანული კულტურის ნაწილი?! ვეჭვობ, რომ არა. მათთვის სარწმუნოება უფრო ტრადიციაა. სამწუხაროდ, არც ქრისტიანული საზოგადოება გვყავს და სასულიერო პირების ნაწილიც ქრისტიანულ მრწამს ვერ გამოხატავს. ის რაც მოხდა და რაც აუცილებლად დაარტყამს ეკლესიის ავტორიტეტს, უპირველესად მაინც ჩვენი შეცდომების შედეგია. ადვილია, გარეთ დავაბრალოთ ვიღაცას რაღაცა, მაგრამ ჩვენ კი გვქონდა დალაგებული საქმე ისე, რომ იქ უცხო ძალას თავისი ინტერესებით ვერ შეეღწია? მეტი ერთგულება რომ ჰქონოდათ ადამიანებს ღვთისა, პირად ამბიციებსა და ინტერესებზე რომ არ ეფიქრათ, ამ შედეგს არ მივიღებდით”, – განმარტა ექსპერტმა.