მამუკა ახვლედიანი: ჩინჩალაძეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა 20-კაციანი სია ფარსია, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა პარლამენტში მოსამართლეების მოსმენასთან დაკავშირებით “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ნებაა, რომ სასამართლოს დისკრედიტირებული პირები მართავდნენ.

პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა 20-კაციანი სია ფარსია, უბრალოდ, შეალამაზეს დეკემბრის 10-კაციანი სია, რომელშიც არიან ისეთი პირები, ვისაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუმცა განოცდის საფეხურები ისე გაიარეს, კითხვები არავის დაუსვამს. ეს “კლანზე” დიდი ჯგუფია. ასეთი არა მარტო სასამართლო სისტემაში, არამედ ყველგან არის, მათ შორის პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და სხვა. არიან ასეთი ჯგუფის წევრები, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად აგვარებენ სხვადასხვა საქმეს. ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ დისკრედიტირებული პირები მართავდნენ სასამართლოს. სურთ, საქმეების გარჩევა ოთახებსა და კაბინეტებში ხდებოდეს. დისკრედიტირებულ ადამიანს საკუთარი პრინციპები არ გააჩნია და ყველაფერს თანხმდება. კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად არის. თვითონ “კლანის” წევრები ეუბნებიან დეპუტატებს, თუ გინდათ სასურველი გადაწყვეტილებები, მაშინ ეს მოსამართლეები დაგვინიშნეთო. საკითხი უკვე ისე დგას, თხოვნის გარეშეც ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ზარდიაშვილის პარლამენტში ყოფნა-არყოფნა არაფერს ნიშნავს. დღესაც იგივე ფუნქცია აქვს. ასეთი კიდევ რამდენიმე კაცია”,- აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, “კლანის” გაძლიერება ხელისუფლების უუნარობის შედეგია.

ხელისუფლების უუნარობის შედეგია “კლანის” გაძლიერება. ვერაფერს ცვლიდნენ, ამიტომ არსებულ ვითარებას მოერგნენ. ორივე ხელისუფლება, წინამორბედიც და ახლანდელიც, საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაღუპა. “კლანმა” სასამართლოში 2008 წლიდან მოიკიდა ფეხი. მოსამართლეების უმრავლესობა მაშინ გადმოიყვანეს პროკურატურიდან, სადაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული და მათზე არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ საქმეები პროკურატურაში დევს. ერთ-ერთი ვისზეც საქმეა აღძრული ჩინჩალაძეა. როგორც ვიცი, 2012-2013 წლებში დაიწყო გამოძიება.

“კლანთან” ბრძოლა ძალიან რთული იყო. მოსამართლეთა ჯანსაღი ნაწილი “კლანთან” დაპირისპირების გამო სასამართლოში აღარ არის”,- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მოსამართლეებისთვის მთავარი ძალაუფლებაა.

“მათ მორალი არ გააჩნიათ. მნიშვნელობა არ აქვს ვის ემსახურებიან, მთავარია, კარგად იყვნენ და ჰქონდეთ ძალაუფლება, არც ერთი მათგანი არ იმსახურებს მოსამართლეობას არც პიროვნულად და არც კვალიფიკაციით. თუმცა წინა ხელისუფლების დროს ბევრი ტრენინგი აქვთ გავლილი და რაღაცებში დახელოვდნენ კიდეც”,- აღნიშნა საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

ახვლედიანის განცხადებით, წულუკიანის პოლიტიკურ ჯგუფს “კლანთან” დაპირისპირების შეეშინდა.

“ძალიან ბევრი კანონი მინახავს, რომელიც ჩინჩალაძისა და მურუსიძის კაბინეტში იწერებოდა, მაგრამ წულუკიანის უწყებას შემოჰქონდა როგორც რეფორმა. წულუკიანი არც არავინ იყო და არც არავინ არის. მას არ ესმის, რა არის სასამართლო სისტემა და დაღუპა კიდეც. არადა, 2013 წელს იყო უნიკალური შანსი გაძლიერებულიყო სასამართლო სისტემა. მან ეს მომენტი გამოტოვა, ვერც იგრძნო, რომ ეს უნდა გაეკეთებინა, თან წულუკიანის პოლიტიკურ ჯგუფს შეეშინდა “კლანთან” დაპირისპირების, ამიტომ თანამშრომლობა გადაწყვიტეს”, – განმარტა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები