გია ხუხაშვილი: ხელისუფლებისთვის ანაკლიის პორტის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი-ანუ, ჯაფარიძე და ხაზარაძე

ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებს კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საგაზეთო ინტერვიუში საუბრისას ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას.

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა პროექტზე კონტროლის დაწესებაა.

“ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამბობს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებს კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. წარმოიდგინეთ “კონტი ჯგუფის” მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღე ეუბნები, რომ მისი მთავარი პარტნიორი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ყველა უფრთხილდება თავის რეპუტაციას. ვფიქრობ, “კონტის” კონსორციუმის დატოვების სურვილი სწორედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საწინააღმდეგო კამპანიამ გადააწყვეტინა. ხელისუფლება კი ამბობს, ამ ორ ამბავს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვსო, მაგრამ მიამიტები უნდა ვიყოთ, ეს რომ დავიჯეროთ. ჩემთვის ცალსახაა, კონსორციუმის დატოვება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება დაინახეს და არ უღირთ პოლიტიკურად მაღალი რისკის ზონაში ასეთი ძვირადღირებული პროექტის განხორციელება.

ჩემი აზრით ხელისუფლების ამოცანა იყო და არის პროექტზე კონტროლის დაწესება. ამისთვის კი კონსორციუმი განზე უნდა გასწიოს. მისთვის პროექტი კი არა, ოპერატორია მიუღებელი- ანუ ჯაფარიძე და ხაზარაძე. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ცდუნება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი თავად აკონტროლოს და ვაჭრობის საშუალება მიეცეს. ანაკლიის პროექტის აშენება არ აწყობს რუსეთს და აწყობს ამერიკას. ვინც მეტს გადაიხდის იმის ინტერესებს გაატარებს. რა შეიძლება იყოს ფასი? გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიები. აი, ასეთ თამაშში ვართ დღეს ჩართულები”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები