„თითქოს ცაში ავფრინდი“… – წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. ქართულ-უკრაინულ ოჯახში მის და-ძმებს კარგი საფუძველი ჰქონდათ, რომ შემოქმედებითი ადამიანები გაზრდილიყვნენ. ოჯახმა, მშობლებმა, გარემომ დიდი როლი შეასრულა და ხელოვნების სიყვარულმა იმძლავრა.
ახალგაზრდა ასაკში დაიწყო ჩანახატების, მინიატურების წერა. მართალია უმაღლესი სასწავლებელი შრომის ეკონომიკის სპეციალობით დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წერამ და ხელოვნებამ გადასძალა – სამი საბავშვო კრებულის ავტორია, 2017 წელს კი მისი ლექსების დიდი კრებული – „კოცნას მიგზავნის იასამანი“ გამოვიდა…
პოეზიაში არის „შოთაობის“ მეორე პრემიის ორგზის მფლობელი, წმინდა ნინოს ჯვრის ფესტივალის ორგზის ნომინანტი, ასევე კონკურს „ემიგრანტის წერილის“ ესეების ნომინაციის ფინალისტი.
ამბობს, რომ ზოგჯერ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახულობს და ერთმა ასეთმა სიზმარმა ინტენსიური წერა დააწყებინა.
სამომავლოდ, ფიქრობს როგორც საბავშვო წიგნის, ასევე პოეზიისა და პროზის კრებულების გამოცემას. – პოეტის, მწერლისა და მხატვრის, მაია დიაკონიძის პერსონა.
– ბავშვობა ჩემი შთაგონების წყარო, ჩემი მუზაა. გავიზარდე მრავალშვილიან ოჯახში, ხუთნი ვიყავით, ორი ძმა და სამი და. მე უფროსი ვიყავი და ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, განსაკუთრებული მზრუნველობა მქონდა აღებული პატარა ძმაზე, რომელიც ჩემზე სულ ოთხი წლითა და ერთი თვით იყო პატარა.
არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ის სახლში მოიყვანეს ლურჯ სახვევში გამოკრული, ლოგინზე დააწვინეს და დავინახე მისი პატარა სახე სულ ახლოდან. ეს იყო ყველაზე ძლიერი ემოცია. მას შემდეგ ჩემთვის სხვა ცხოვრება დაიწყო, ვურწევდი აკვანს, ვუმღეროდი „იავნანას“…
მახსენდება ჩვენი დიდი სახლი (მაშინ ასე მეგონა), ბავშვებით სავსე, მხიარული (ქვედა მეზობელი – დეიდა რაია სულ იმას ჩიოდა, დამანგრიეს ჭერი თავზეო, მაგრამ მერე ალუბლის „ვარენიკებს“ გააკეთებდა და სიხარულით გვიმასპინძლდებოდა მის ამწიოკებელ ბავშვებს).
მახსოვს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული მამის შეძახილი: „ჩემი ოქრო, ჩემთან“ და ჩვენც – ყველანი მისკენ გავრბოდით, ზოგი ხელებზე ვეკიდებოდით, ზოგიც – ფეხებზე, ჩემს პატარა ძმას – დათოს კი კისერზე შემოისვამდა…
წლების მატებასთან ერთად სახლი პატარავდებოდა და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით და ის არ იყო საკმარისი ჩვენთვის.
ოჯახი ერთად სადილობდა, ეს ტრადიცია გვქონდა, შემოვუსხდებოდით მრგვალი ხის მაგიდის გარშემო ყველანი სუფრას, რომლის ფეხები და ქვედა ნაწილი თამაშობების დროს სახლის მაგივრობას გვიწევდა.
– თქვენს ოჯახში მთავარი ხელოვნების სიყვარული იყო…
– გარემო, რომელშიც მე და ჩემი და-ძმები ვცხოვრობდით, სწორედ ჩვენი ქართულ-უკრაინული ოჯახი კარგ საფუძველს გვიქმნიდა, რომ შემოქმედებითი ადამიანები გავზრდილიყავით და ორი ერის კულტურას ვზიარებოდით.
იმერეთში ხის ოდა სახლი გვედგა, კედელზე დაკიდებული ორნამენტებიანი ხალიჩებით და ტახტზე გადაფარებული ფარდაგებით, ბებიას ნამზითვი ზანდუკით, იატაკზე დათვის ტყავით, ხანჯლებით (სწორედ ისე, კინოებში რომ არის), უკრაინაში ჩასულებს კი გვხვდებოდა თეთრად შეღებილი სახლი – „ხატა“, როგორც უკრაინელები ეძახიან, ლოგინებზე აზვირთული ფუმფულა ბალიშებით, ნაქარგებიანი და ყაისნაღით მოქსოვილი გადასაფარებლებით, რუსული ღუმელით, რომლის თავზეც წამოვწვებოდით ხოლმე მე და ჩემი და-ძმები და აღდგომის „სუხარებს“ მივირთმევდით, რომლებსაც ბებია საგანგებოდ აშრობდა და ჩვენთვის ინახავდა.
უკრაინელ ბებიას, კატარინა ერქვა, გვარად ჩალიკი იყო, უყვარდა ლამაზი ნივთები, განსაკუთრებით ჭურჭელი, ყვავილები, ბაღი სავსე იყო ნაირ-ნაირი იშვიათი ჯიშის მცენარეებით, დედას თბილისშიც ჩამოჰქონდა თესლი და აქაც ახარებდა ხოლმე აივანზე, განსაკუთრებულად მიყვარდა ერთი, მოცისფრო-მოიასამნისფრო ფერის, პატარა თავებით, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ საღამომდე, სანამ თვალებს დახუჭავდნენ, საქართველოში არ მინახავს და სახელიც არ ვიცი, მხოლოდ მისი მათრობლა სურნელი მახსოვს.
– ოჯახმა, გარემომ, მშობლებმა დიდი როლი შეასრულეს, რომ შვილები შემოქმედებითად აღზრდილიყავით…
– მამა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი გახლდათ, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამდენიმე წიგნის, უამრავი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი იყო შრომის ეკონომიკის დარგში. გატაცებული იყო ჭადრაკით, ჩვენ – ხუთივე და-ძმას შეგვასწავლა ეს ინტელექტუალური თამაში…
ხატვა უყვარდა, ამბობდა, ბავშვობაში ისეთი ლამაზი ფერებით ვხატავდი, ფიროსმანს მეძახდნენო, მაგრამ ამხელა ოჯახის პატრონმა ხატვისთვის ვეღარ მოიცალა, თუმცა ცდილობდა, ჩვენთვის შეეყვარებინა… მოჰქონდა ცარცის ნაჭრები და ჩვენ იქიდან პატარა ქანდაკებები უნდა გამოგვეკვეთა, რაც ყველაზე კარგად ჩემს ძმას, მიშას გამოსდიოდა.
ხშირად ვძერწავდით პლასტელინისგან სხვადასხვა ფიგურებს, ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიყვარდა. სკოლაშიც, მახსოვს, კედლის გაზეთებს ვაფორმებდი, გამალებით ვხატავდი სხვადასხვა სურათს, მაგრამ ჩემი და-ძმისგან (მიხეილი და ია) განსხვავებით, ჩემთვის ხატვა პრიორიტეტი არ იყო, სწავლა მიყვარდა და მუდმივად წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბევრს ვკითხულობდი.
წიგნების კითხვის სიყვარული კი დედასგან გამომყვა, არ მახსოვს ის ხელში უწიგნოდ, თავისუფალ დროს მოიგდებდა თუ არა, მაშინვე ამ საქმეს მიჰყოფდა ხელს. ის, ლიდია დანილჩენკო, უკრაინაში, პოლტავის ოლქში, სოფელ კოჩუბეევკაში (გახსოვთ ალბათ, ალექსანდრე პუშკინის პოემა „პოლტავა“ და თავადი კოჩუბეი) არის დაბადებული, მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, ქართულის შესწავლა საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყო.
მახსოვს, ჩემი პატარა ძმის აკვანთან ჩამომსხდარ პატარებს როგორ გვიკითხავდა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარს“ ქართულად, ორიგინალში კითხულობდა მიხეილ ჯავახიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებს. განსაკუთრებით უყვარდა მიხეილ ჯავახიშვილი…
ის ოცი წლის წინ სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად იქ ცხოვრობს, მისი ნახვის შესაძლებლობაც კი იშვიათად მეძლევა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
– ქართულ-უკრაინული ოჯახის დიდი წარმომადგენელი, ხელგარჯილობით ცნობილი უკრაინელი ბებია იყო, რომელსაც მრავალი ლამაზი მოგონება უკავშირდება…
– ჩემი უკრაინელი ბებია შესანიშნავად კერავდა, ქსოვდა, ქარგავდა, უკრაინაში ტრადიცია ჰქონდათ, სტუმრებს საკაბეებს, თავსაფრებს ჩუქნიდნენ, ჩვენს მოსანახულებლად მოდიოდნენ მეზობლები და სახლი ივსებოდა ფერად-ფერადი ყვავილებიანი ნაჭრებით, იქ ჭრელი ჩასაცმელი უყვართ, მერე ბებია იწყებდა ჩვენთვის კაბების კერვას, პეპლებივით გამოგვაწყობდა, ასე ჩამოვფრინდებოდით ხოლმე მშობლიურ თბილისში.
ბებიას შემხედვარეს, მეც მინდოდა მესწავლა კერვა, ქარგვა, რის გამოც 12-13 წლისამ ხელგარჯილობის კურსები გავიარე. მახსოვს, დიპლომიც კი ავიღე, ამის მერე თვითონ ვიკერავდი ტანსაცმელს, ვიქსოვდი, ვქარგავდი და ჩემი ჩასაცმელი ყოველთვის გამოირჩეოდა.
შესანიშნავად ვქსოვდი, ზედა ჩასაცმელები მთლიანად ქართული ორნამენტებით, უფრო ხევსურულით, მქონდა გაწყობილი, არაფერს ვამბობ წინდებზე, რომლებსაც ბევრი ქსოვს. ამიტომ ჩემს თავს მხატვრობაში კი არა, მოდების დიზაინში უფრო ვხედავდი, ვოცნებობდი ჩემი მოდების სახლი მქონოდა…
– წერა ახალგაზრდობიდან დაიწყეთ...
– რაც შეეხება წერას, ეს ჩემი დღიურები იყო, სადაც ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ვიწერდი. უმაღლესში მისაღებ გამოცდაზე უარი ვთქვი შაბლონური თემების დაწერაზე და მესამე, თავისუფალი თემა – „მტკვარი და არაგვი“ ავირჩიე, „შავი“ ნაწერი, რომელიც სახლში წამოვიღე, ხელიდან ხელში გადადიოდა, ისე მოეწონათ, მათ შორის, ქართულის მასწავლებლებსაც, უმაღლესი შეფასებაც დავიმსახურე.
ახალგაზრდა ასაკში დავიწყე ჩანახატების, მინიატურების წერა, გატაცებული ვიყავი ე.წ. მცირე პროზით, ზეპირად ვიცოდი ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის მინიატურები.
– უმაღლესი სასწავლებელი შრომის ეკონომიკის სპეციალობით დაამთავრეთ…
– მამის კვალს გავყევი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე შრომის ეკონომიკის სპეციალობით. პირველივე წელს მოვხვდი ყოველგვარი მომზადების გარეშე. ასეთი 50 სტუდენტიდან სულ რამდენიმე ვიყავით ჩვენს სპეციალობაზე. წითელ დიპლომზე დავამთავრე.
სწავლა რთული იყო, უმაღლეს მათემატიკას ვსწავლობდით, კარგად გამომდიოდა, მახსოვს, ჯგუფში ვისაც უჭირდა ეს საგანი, იმათ ვამეცადინებდი ხოლმე ლექციების მერე. მიყვარდა ეთიკა, ესთეტიკა, ფილოსოფია, რაციონალურ მარცვალს ვეძებდი ყველაფერში. ეთიკას მოხუცი ლექტორი, გვარად, სალარიძე, გვიკითხავდა, მისი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა იყო: „ადამიანი ადამიანისთვის მგელია (Homo homini lupus est)“ – ლათინური ანდაზა, რომელსაც ხშირად გვიმეორებდა.
მაშინ რა ვიცოდი, რომ მძიმე ცხოვრებისთვის გვამზადებდა, რომელიც მომავალში გველოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საგნების მიმართ დიდი ინტერესი და სიყვარული არ მქონია, მაინც მონდომებით ვსწავლობდი. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ კარგ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ნაკლები იყო ბოროტება, შური, ქალის პატივისცემა იცოდნენ…
– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის ინსტიტუტში მუშაობდით, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობდით…
– მას ყოფილი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა. იქ მუშაობა იმ დროისთვის პრესტიჟულად ითვლებოდა. თანაც სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, ლაბორანტის თანამდებობიდან რამდენიმე წელიწადში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას მივაღწიე.
მოგვიანებით ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის ჟურნალ-გაზეთთან: „გადასახადები“, „ფინანსები“, ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში, ვარ ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.
– და მაინც, ეკონომიკას ხელოვნებამ და წერამ გადაგძალათ… როგორც ლექსების, მოთხრობების, გამოცანების, ასევე პროზაული თხზულებების ავტორი ხართ… და მაინც, უპირატესობას რომელ ჟანრს ანიჭებთ?
– ოჯახის შექმნის შემდეგ შვილები შემეძინა და მთლიანად მათ აღზრდაში გადავეშვი, ამ პერიოდში დავიწყე პატარ-პატარა საბავშვო ლექსების წერა, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონია, მხოლოდ როცა სამივე გაიზარდა და ნაკლებად სჭირდებოდათ დედის ხელი, მაშინ მივუბრუნდი წერას სერიოზულად, – 2012 წელი იყო.
იანვრის შუა რიცხვებში, ხშირად რაღაც უცნაურ სიზმრებს ვნახულობ ხოლმე, რომლებიც თითქოს წინასწარმეტყველურია და მიხდება კიდეც, იმ წელსაც ასეთი სიზმარი ვნახე: ჯადოსნური სარკე უნდა მეპოვნა, ჩამეხედა და რა სურვილსაც ჩავუთქვამდი, აუცილებლად ამიხდებოდა.
დიდხანს ვეძებდით მე და ჩემი ქალიშვილი სოფიო, ბოლოს ჩემს ბავშვობაში მიწაში ჩამარხული განძი ვიპოვეთ, ამ თამაშს „სეკრეტობანას“ ვეძახდით, ბავშვები პატარა ორმოებს ვთხრიდით და შიგ „ძვიფასეულობას“, ფერად ბრჭყვიალა შუშებს ვმალავდით ხოლმე.
სწორედ იქიდან ამოიღო სოფიომ ჯადოსნური სარკე, მაგრამ ცოტა ხანში უკან მომაწოდა და მითხრა: – მე ჩავიხედე და არაფერს მისრულებს, შენ სცადეო… ჩავიხედე თუ არა, რაღაცა ძალა შემოვიდა მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე ელვასავით გამიარა, მაძაგძაგებდა, მაჯანჯღარებდა და ბოლოს, მაღლა ამწია, თითქოს ცაში ავფრინდი, შიშისგან და გაოგნებისგან გავიღვიძე, გავიფიქრე, წელს რაღაც სასწაული მოხდება-მეთქი.
ასეც იყო – მარტის ბოლოს დავიწყე ინტენსიურად ლექსების წერა და მას მერე ვეღარ ვჩერდები, დღეში ზოგჯერ რამდენიმე ლექსსაც ვწერ ხოლმე, საბავშვო ლექსებს და მოთხრობებს თავდაპირველად ჩემი დის, მედეას, შვილიშვილისთვის, ზურიკოსთვის ვწერდი, ბევრი დამიგროვდა.
– ალბათ, დიდი სტიმული იყო სხვადასხვა კონკურსში გამარჯვება…
– „შოთაობის“ მეორე პრემიის (2013, 2017 წ.წ.), წმინდა ნინოს ჯვრის ფესტივალის ნომინაციების შემდეგ (2017, 2018 წ.წ.) ჩემი ლექსები სხვადასხვა კრებულში შევიდა, პროზაშიც ვცადე ბედი და კონკურსზე „ემიგრანტის წერილი“ გავაგზავნე ესსე, რომელიც ფინალში გავიდა. ამანაც ძალა მომმატა, რომ პროზაშიც მემუშავა.
– პირველი კრებული ბავშვებისთვის დაწერეთ…
– პირველი წიგნი ბავშვებისთვის დავწერე, უფრო სწორად, დაგროვილ მასალას მოვუყარე თავი და დავარქვი „იოცნებეთ ყველამ“, სადაც შევიდა საბავშვო ლექსები, გამოცანები, მოთხრობები. წიგნი გამოვიდა 2015 წელს, ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, პატარ-პატარა გრაფიკული ნახატებით გააფორმა, 2018 წელს გამოსული ბავშვებისადმი მიძღვნილი ბოლო, მესამე წიგნიც – „ფანქრის მთლელი“ 26 ზღაპარს აერთიანებს.
მის მხატვრულ გაფორმებაზე ისევ ჩემმა პატარა ქალიშვილმა, სოფიო ჭელიძემ, იზრუნა, მახსოვს, რამდენიმე თვე იმუშავა, ისევ გრაფიკული ნახატები გავაკეთეთ, შავ-თეთრი, ვინაიდან ფერადი ნახატებით წიგნის გამოშვება ძალიან ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც ჩვენ არ მაქვს. ამ წიგნში შესული ზღაპრები მარტო ბავშვებისთვის არაა, მათ დიდებიც სიამოვნებით წაიკითხავენ.
მეკითხებიან ხოლმე, – სად იყიდება თქვენი ზღაპრები? – ვპასუხობ: – არსად, სახლში მიწყვია, – კომერციული ნიჭიც არ აღმომაჩნდა, რომ გავავრცელო, გავყიდო, ეკონომიკური კი მაქვს დამთავრებული.
– „კოცნას მიგზავნის იასამანი“ – ლექსების დიდი კრებული გამოეცით… რამდენად მოახერხეთ, სათქმელის სრულყოფილად გადმოცემა?
– 2017 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული „კოცნას მიგზავნის იასამანი“, შესულია 500-მდე ლექსი და მისი მხატვრული გაფორმება ეკუთვნის ჩემს ძმას, პროფესიონალ მხატვარს, მიხეილ დიაკონიძეს. მასში თავი მოვუყარე იმ ლექსებს, რომლებიც დავწერე ხუთი წლის მანძილზე. ჩემი მიზანი იყო, ადამიანებისთვის მეჩვენებინა, გამემხილა ჩემი განცდები, ტკივილები, რაც დამიგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე და რაც, ჩემი აზრით, კარგად ჩანს თითოეული პოეტის შემოქმედებაში. რა თქმა უნდა, სათქმელი კიდევ ბევრი დამრჩა მკითხველისთვის, ამ კრებულით ვერ ამოვწურე.
წიგნის წარდგენა ჩავატარე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მას თან ერთვოდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფერწერული ტილოების და ჩემი ვაჟის, ავთანდილ ჭელიძის ფოტოსურათების გამოფენა.
– საბავშვო მწერალი… როგორი უნდა იყოს?
– რაც შეეხება, საბავშვო მწერალს, ის კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, გააზრებული უნდა ჰქონდეს მის მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა რა გავლენას მოახდენს ბავშვზე, ისინი ხომ ძალიან სათუთნი და მგრძნობიარენი არიან.
ამას წინათ, ინტერნეტში წავიკითხე ზღაპარი, რომელშიც გოგონა შეწუხებულია იმით, რომ მის ოჯახში ქალებს, და მათ შორის მასაც ჩაგრავენ, მაგრამ ის გაიზრდება და პასუხს გასცემს მოძალადე მამას.
მინდა ვთქვა, რომ ეს სამწუხარო შემთხვევები, რომლებსაც ადგილი აქვს, არ უნდა განზოგადდეს. ქალიშვილის ჩაგვრა ქართული კულტურის ნაწილი არ არის, ზღაპარიც, შესაბამისად, ასეთი არ უნდა დაიწეროს, ან სათქმელი, სხვა ფორმით უნდა გადმოიცეს, არა ზღაპრით. ზღაპარი ხომ სიკეთის წყაროა, ჯადოსნური ველი, სადაც ბავშვი თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს, გადაადგილდებოდეს, როგორც ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟი, მონაწილეობდეს მოქმედებებში გაუაზრებლად თუ გააზრებულად.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე საბავშვო მწერლებში ერთობა არ არის, არა და ბევრნი არ ვართ, საჭიროა კონსოლიდირება, ყველა თავის უღელს ეწევა, ჩემი აზრით, მეტი საქმე რომ გაკეთდეს ამ სფეროში, საჭიროა გაერთიანება და ერთი მიზნისკენ სწრაფვა.
ჩვენი ბავშვები თავისუფალ, ბედნიერ გარემოში რომ გაიზარდონ, ზღაპარიც უკეთესი ცხოვრების საწინდარი უნდა იყოს.
– შთაგონება… ვიცი, რომ ზოგჯერ ერთი ამოსუნთქვით შეგიქმნიათ ლექსი…
– შთაგონების წყარო ჩემთვის შეიძლება, უბრალო სიტყვა, ფრაზაც კი გახდეს, რამე უბრალო ამბავი. პირველი ლექსი, მაგალითად, უსამართლობის განცდამ დამაწერინა, თუმცა, როგორც მეზღაპრე, ყოველთვის ველი, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, დაამარცხებს ბოროტებას. შთაგონების წყაროდ ხანდახან სხვა პოეტის ლექსიც ქცეულა, გავლენების გარეშე ხომ არავინ გადარჩენილა, მიყვარს ნიკო სამადაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსები, მათი წაკითხვის მერე ბევრი ლექსი დამიწერია, ეს ის პოეტებია, რომელთა ლექსების წაკითხვაზე მაჟრიალებს ხოლმე, საოცარ აღმაფრენას განვიცდი.
ყოფილა შემთხვევა, რომ ლექსი ერთი ამოსუნთქვით დამიწერია. მაგალითად, „ეს ჯოჯოხეთის ბჭენი განიხვნენ“ შუაღამეზე დავწერე, მეძინა, თითქოს რაღაცა ძალამ გამაღვიძა, ავდექი, ჩავწერე ლექსი რამდენიმე წუთში, ისევ დავწექი, დავიძინე, დილით გადავიკითხე, არც ერთი სიტყვა აღარ შემისწორებია. საერთოდ, ლექსებს დილით ვწერ, საღ გონებაზე, ერთი ამოსუნთქვით, ღამით ან საღამოს, იშვიათად მიმუშავია, ზოგს კი, როგორც ვიცით, უმეტესად ღამით მოსდის მუზა.
– რას იტყოდით თქვენს დიდი ხელოვანთა ოჯახზე. და-ძმა: ია და მიხეილ დიაკონიძეები ცნობილი მხატვრები არიან, რუსეთში მოღვაწეობენ…
– ჩემმა ძმამ, მიხეილ დიაკონიძემ, ბავშვობიდან გამოამჟღავნა ხატვის ნიჭი, მახსოვს, მერვე კლასში იყო, სკოლაში იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებას“ გადიოდნენ, თავისი ოთახის მთლიან კარზე დახატა იაკობ ცურტაველი, საოცარი ნახატი იყო, ლურჯ ფერებში, დერეფნიდან კარგად ჩანდა და ყველა შემომსვლელი გაოგნებული რჩებოდა მისი დანახვისას, ისეთი დიდი და მეტყველი თვალები ჰქონდა, პიონერთა სასახლეშიც (მაშინ ასე ეძახოდნენ) დადიოდა ხატვის წრეზე, მერე მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელში სწავლობდა, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიაც, მაგრამ, მოგეხსენებათ, რა მწირი შემოსავალი აქვთ მხატვრებს, თუ ძალიან ცნობილი არ გახდი, ბედიც დიდ როლს თამაშობს, ამ საქმით ვერ გამდიდრდები.
მიშამ, ასე ვეძახით, 90-იან წლებში სხვადასხვა საქმეს მოჰკიდა ხელი, ამზადებდა ხის ავეჯს, მოხატულ ზარდახშებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხის საამქრო დაიწვა, აკეთებდა თოჯინებსაც. ეს იყო ქართული თოვლის პაპები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს, მუშაობდა ფერწერაშიც, გრაფიკაშიც, კერამიკულ საამქროში, მაგრამ ნამუშევრების გაყიდვა ჭირდა, ამის გამო დატოვა მან საქართველო, მოღვაწეობა გააგრძელა უკრაინაში, მუშაობდა სხვადასხვა ქალაქში: ოდესა, ხარკოვი, ყირიმში (ალოშტა), მაგრამ საბოლოოდ მაინც დაბრუნდა სამშობლოში. არ ჩქარობს მოაწყოს პერსონალური გამოფენა, ფიქრობს, რომ ჯერ არ არის ამისთვის მზად, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს. წუხს იმის გამო, რომ უცხოეთში მისი ნამუშევრები გასაყიდი არ რჩებოდა, აქ კი მხოლოდ ცნობილი მხატვრების ნახატებზეა მოთხოვნა, დანარჩენი მხატვრები ძლივს ირჩენენ თავს.
ჩემი და, ია, მოსკოვში ცხოვრობს, ისიც 90-იანი წლების ბოლოს გადავიდა სამუშაოდ მოსკოვში, წერეთლის სახელოსნოში, საქართველოში გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, ოჯახში არავინ მუშაობდა, ბავშვების გამოკვებაც კი ჭირდა. საბოლოოდ იქ დაფუძნდა. პორტრეტისტია, მუშაობდა არბატზე, ამან დიდი გამოცდილება შესძინა ამ სფეროში, დახატული ჰყავს ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობი, რიჩარდ გირი.
იას, ჩემსავით, ეკონომიკური განათლება აქვს მიღებული, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფინანსების სპეციალობით. მანამდე საფინანსო ტექნიკუმი წითელ დიპლომზე, მაგრამ იმდენად უყვარდა ხატვა პატარაობიდან, რომ გადაწყვიტა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, საბოლოოდ, იმ გაჭირვებულ დროში, მხატვრის დიპლომი უფრო გამოადგა. ია მოსკოვის მხატვართა კავშირის წევრია, ასევე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრიც, როგორც ჩვენი ძმა – მიხეილი.
რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში იმედით, რომ აქაც იშოვიდა სამუშაოს, მაგრამ პორტრეტებზე შეკვეთები არ იყო, როგორც მან აღნიშნა, აქ პორტრეტები ნაკლებად უყვართ, რუსეთში უკვეთავენ დაბადების დღეებზე მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის, მეგობრებისთვის, ძვირფას საჩუქრად ითვლება. სამუშაოს არქონის გამო იძულებული გახდა, ისევ დაეტოვებინა საქართველო, შვილებიც იქ გაზარდა. ძალიან სწყდებათ გული, რომ სამშობლოში არ ცხოვრობენ, შესანიშნავად ხატავს იას ვაჟი, გიორგიც.
– თქვენს შვილებსაც გამოჰყვათ ხელოვნების სიყვარული და ნიჭი…
– ჩემი სახლი სავსეა ნახატებით, მნახველი გაოცებული რჩება, იმდენი ტილოა გამოფენილი სახლში, არამარტო ჩემი და-ძმების, არამედ სხვა ქართველი თუ არაქართველი მხატვრებისაც. როცა მეძლევა საშუალება, ვყიდულობ, ბევრჯერ მშრალ ხიდზე კაპიკებში მიყიდია, მათ გადაგდებულ ნახატებს ვეძახი.
ერთხელ ვნახე, წვიმაში ძირს ედოთ ნახატი, მუყაოს კიდეები უკვე მომბალი ჰქონდა, საშინლად მეტკინა გული, სავარაუდოდ, რუსი მხატვრის იყო, ავტორი არ ეწერა, გამყიდველმა მითხრა, ამ სურათის პატრონმა ეს ნახატი სოჭში შეიძინაო. ყველას ვურჩევ, ნუ ჩაუვლიან ნახატებს გულგრილად, შეიძინონ, ამით რამდენ ადამიანს გაუადვილებენ ცხოვრებას.
ჩემი შვილებიც ნახატებისადმი სიყვარულის გარემოში გაიზარდნენ, მამაჩემი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ჩემს ვაჟს, ავთანდილს, გამოჰყვა ეს სიყვარული და შესანიშნავ ფოტოებს იღებს, 2017 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ გამოფენა, სადაც ჩემი და-ძმის – იას და მიხეილის ნამუშევრებთან ერთად გამოტანილი გვქონდა ავთოს ფოტოსურათებიც, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს, ასევე ჩემი ქალიშვილის – სოფიო ჭელიძის ნახატებიც.
მან დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი) ათონელზე. ამჟამად სამხატვრო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტია, არის ჟურნალ „ოლეს“ სამხატვრო რედაქტორი, ილუსტრაციები გაუკეთა სამ წიგნს, ახლა მეოთხეზე მუშაობს, მისი ილუსტრაციები ასევე ქვეყნდება საბავშვო ჟურნალ „დილაში“, ნელ-ნელა იზრდება და იხვეწება.
– როდის ხატავთ?
– გავბედე და ოჯახურ გამოფენაში მეც მივიღე მონაწილეობა. მიყვარს ყვავილების ხატვა. ზოგს ჰგონია, ადვილია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ურთულესი საქმეა. სწორედ ყვავილებით გახდნენ ცნობილები ვან-გოგი, სარიანი და კიდევ სხვა მრავალი. ძირითადად, დილაობით ვხატავ, თუ არ დავხატე, ზოგჯერ მაკანკალებს, უკმარისობის განცდა მეუფლება და ვიწყებ ხატვას, სანამ არ დავასრულებ ნამუშევარს, არ ვეშვები.
– ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ხელოვანი სათანადოდ არ არის დაფასებული…
– ხელოვანთა დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო, უცხოეთში მეტი გასაქანი აქვთ, აქ დაბრუნებულები კი კვნესიან, ისე უჭირთ. თითქოს მოჯადოებულ წრეში ვართ, ხალხს არა აქვს ფული და ვერ ყიდულობს ნახატებს, მდიდრები კი, მხოლოდ ცნობილი მხატვრების ნახატებს ყიდულობენ.
ცუდია ისიც, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ხელოვნება ნაკლებად აინტერესებს, ურჩევნიათ რიგით მეათე ტუჩების საცხი იყიდონ, ვიდრე ნახატი, თუმცა მე ვერავის განვსჯი. შემხვედრია ახალგაზრდებიც, რომლებიც შეყვარებულნი არიან ხელოვნებაზე და უამისოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ოჯახში თუ სკოლაში ბავშვებს უნდა ჩავუნერგოთ ეს სიყვარული.
– ჰობი…
– როგორც ზევით აღვნიშნე, სამხატვრო განათლება არ მიმიღია, ეს უფრო ჩემი გატაცება, ჰობია. ძალიან მომწონს პასტელით მუშაობა, ჩემი ძმა მირჩევს უწინდელივით ზეთში მუშაობას. ამისთვის პირობები არ მაქვს, ვიწროდ ვცხოვრობთ, ზეთში მუშაობას დიდი სივრცე, სახელოსნო სჭირდება. ამის ფუფუნება არა გვაქვს, პასტელით კი, სადაც მომიხერხდება, ვდებ ფურცელს და იქ ვხატავ.
– ყველაზე მეტად გული რაზე გტკივათ?
– გული მტკივა იმის გამო, რომ ვერ ვახერხებ საბავშვო წიგნების გამოცემას, რაც გავაკეთე, ისიც უფერადოა, ბავშვებს კი ფერად სამყაროს უნდა ვთავაზობდეთ.
კარგი იქნებოდა, გამოსულიყო თანამედროვე საბავშვო პროზა ფერადი ილუსტრაციებით, ეს დიდი საქმე იქნება, ჩემი აზრით, მომავალი თაობებისთვის, რომ მათ დარჩეთ მრავალი ავტორის ნაწარმოებები და არა ერთი-ორის, იცოდნენ, რომ ჩვენც ვიყავით. ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ საქმეს, არ ვიცი.
მწერალთა კავშირს, როგორც ამბობენ, სახსრები არ აქვს, მერიამ, აღარ ვაფინანსებთ წიგნებსო, ალბათ, კულტურის სამინისტროს უნდა მივმართოთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, სიამოვნებით ჩავუდგებოდი ამ საქმეს სათავეში, ძალას და ენერგიას არ დავიშურებდი.
ასევე გული მტკივა, რომ ვერ დალაგდა ეს ქვეყანა. სანამ ხალხი არ გააცნობიერებს, რომ ჩვენ სიკეთის საკეთებლად ვართ მოსულები, არაფერი გვეშველება. ეს ცხოვრება გამოცდაა, რომელსაც ჩვენი სული აბარებს. მდიდრებს სიმდიდრე ეძლევათ, რომ სხვებს დაეხმარონ, გაუნაწილონ, ღარიბებს კი, უფულობამ ცოდვისკენ არ უნდა უბიძგოს. როცა ამას გავაცნობიერეთ, ჩვენც გვეშველება და ამ ქვეყანასაც. გული მტკივა, რომ საქართველო იცლება, ფრთამოტეხილ, მხრებჩამოშვებულ არწივს ემსგავსება. ჩემი ოჯახის სამი წევრი ემიგრანტია, ვისურვებ, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.
ყოველთვის მახსენდება ფარდაგი, რომელიც ბავშვობაში ჩემს საწოლთან იყო ჩამოკიდებული, ზედ პეიზაჟი იყო გამოსახული ირმებით, დათვი თავისი ბელებით, ისინი მდინარის სხვადასხვა მხარეს იმყოფებოდნენ, მაგრამ ბუნების ერთიანობა მაინც ჩანდა. ასე ვისურვებდი, მდიდრები და ღარიბები, ხიდგაღმა და ხიდგამოღმა მაინც ერთიანები ვიყოთ სამშობლოს სიყვარულში, რომელიც წარმოუდგენელია კულტურის განვითარების გარეშე, ნუ გავუშვებთ ჩვენს ნიჭიერ თანამემამულეებს ქვეყნიდან, დაე, აქ ემსახურონ ისინი თავიანთ ქვეყანას.
– თქვენი ლექსები აამღერა ესპანეთში მოღვაწე მუსიკოსმა მაია სიჭინავამ…
– ერთ დღეს ინტერნეტში მშვენიერი ქალბატონი, პოეტი ეკა კვიციანი დამიკავშირდა და მკითხა ერთი ლექსის შესახებ, ჩემი იყო თუ არა, როცა დავუდასტურე, მითხრა, რომ კომპოზიტორმა და მომღერალმა მაია სიჭინავამ ამ ლექსზე სიმღერა დაწერა და ჩემთან უნდოდა დაკავშირება. ასე გავიცანი ეს საოცარი ადამიანი, რომელმაც დიდი სიხარული შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს მზის სხივი შემოიჭრა ჩემს ფანჯარაში, ჩემს ლექსებს ახალი ელფერი შესძინა მათზე დაწერილმა სიმღერებმა და მომხიბლავმა ხმამ. მაია ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ გულით და სულით ჩვენთანაა, ქართველებთან, განიცდის ჩვენს სატკივარს, ჩვენს გაჭირვებას, უყვარს პოეზია, ამბობს, ნეტავ, ჩემნაირი მკითხველი და გულშემატკივარი ბევრი ჰყავდეს ქართველ პოეტებსო. ჩემი ათიოდე ლექსი აამღერა, იმედია, ვინმე მოისმენს და ისინი ჰიტებად იქცევიან. განსაკუთრებით მომწონს ერთი: „სადაცა ვარ, იქ მიშველე!“
მაიას ხმა ემიგრანტების გულისხმას მიჰყვება, ცაში იჭრება და ოჯალეშის ღვინის სურნელით საქართველოს მიწაზე აბრუნებს თითოეულ მათგანს. ღმერთმა გამარჯვება მისცეს კომპოზიტორს, რომელმაც 500-მდე სიმღერა შექმნა ქართველი პოეტების ლექსებზე.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემში პოეტის თუ მწერლის პოტენციალი დაინახეს და თავის ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებენ ჩემს ნაწარმოებებს: ლიტერატურულ ჟურნალ „ოლეს“ მთავარ რედაქტორს, აკაკი დაუშვილს, საბავშვო ჟურნალ „დილას“ მთავარ რედაქტორს, დოდო წივწივაძეს, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარ რედაქტორს, ავთო ბერიძეს და სხვებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც იწონებენ ჩემს ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებსა თუ მინიატურებს, ფერწერულ ტილოებს თუ პასტელით ნამუშევრებს და ამით მუშაობის გაგრძელების სტიმულს მაძლევენ.
– ერთი ლექსი…
ბედნიერი ვარ?!
ცვილივით ჩამომდნარ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი, –
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ,
გახსნია ჩვენს მიწას სხეულზე წყლულები,
უბედო ერი ვართ!
მავანს ნუ ჰგონია,
სიტყვების ბრახუნით
აიგო ვარძია, ხანძთა და შატბერდი,
ჩვენ კი ამ ომებში, ვნებათა თამაშში,
უაზროდ დავბერდით!
მეგონა, სიკეთე ყოველთვის
ამარცხებს ბოროტს და…
არც ასე ყოფილა…
ჭკვიანებს არ სწყალობს
ხელმრუდი ეპოქა,
ფლიდს ინდობს მხოლოდ-ღა!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონიათ,
რომ ბედნიერი ვარ!
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები დიდი მაქვს, ახლა თითქმის დავამთავრე საბავშვო წიგნზე მუშაობა, რომელშიც განთავსდება ლექსები ქართული ანბანის მიხედვით, რამდენიმე ზღაპარი და პიესა, ილუსტრაციებზე მუშაობაც დაასრულა ჩემმა ქალიშვილმა, სოფიომ, სამწუხაროდ, წიგნში ფერადი აკვარელში შესრულებული ილუსტრაციები შავ-თეთრი იქნება, ვინაიდან ფერადი ძალიან ძვირი ჯდება.
ასევე ვმუშაობ ლექსების წიგნზე, ცალკე მინდა გამოვცე პროზა, ყველაფერი მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული. სურვილი ერთია და მისი რეალიზების შესაძლებლობა, მეორე.
თამარ შაიშმელაშვილი