“ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის”
ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის,- ამის შესახებ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინოლოგიის პროფესორი გიორგი ღლონტი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გიორგი ღლონტი ამბობს, საქართველოში ნარკოტიკი ყველაზე მარტივად აზერბაიჯანიდან ხვდება.
“საქართველოში ნარკოტიკი შემოდის, აქ მას არ აწარმოებენ (ჩვენთან მხოლოდ მარიხუანას კულტივაციას ეწევიან და ისიც ქოთნებში ან ბაღებში მოჰყავთ). აზერბაიჯანელები ჰეროინით ვაჭრობენ, რომლის მთავარი მწარმოებელ- გამავრცელებელი ავღანეთია. ჰეროინი ავღანეთიდან ჯერ აზერბაიჯანში, იქიდან კი საქართველოში ხვდება, თუმცა საქართველოსა და აზერბაიჯანში ეს საშუალება იმ ხარისხის არ არის, როგორიც ადგილზე. არსებობს ნარკოტრეფიკინგის რამდენიმე მარშუტი, რომელთაგან 35 სამხრეთ კავკასიაზე გადის, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. საერთაშორისო ნარკობიზნესი ნარკოტიკების გადასაზიდად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც იყენებს. ჩვენთან ნარკოტიკი ყველაზე მარტივად აზერბაიჯანიდან ხვდება, დაფასოებული შემოდის და ბარიგები ავრცელებენ. ნებისმიერმა ნარკომანმა იცის, სად არის ეს წერტილები, ვინ არიან ბარიგები და მათი გამოვლენა არც ისე დიდი პრობლემაა. წლებია, რაც ფონიჭალა ნარკომანებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბუდეა. აქ ნარკოტიკების ღია ბაზარია”,- აღნიშნა ღლონტმა.
მისივე განმარტებით საზღვარზე ნარკოტიკის გაკონტროლება რთულია.
“გაკონტროლება რთულია, ათასობით ადამიანი შემოდის და გადის და უნდა გაჩხრიკო. ბევრი ავტომანქანით გადმოდის და ნარკოტიკს სპეციალურ სამალავებში ათავსებს, შემოდიან სატვირთო მანქანებიც და იოლი შესაძლებელია, ნარკოტიკი სხვა ტვირთს შემოაყოლონ. გამსაღებლებთანაც რთულია ბრძოლა, რადგან ნარკოტიკს უმეტესად ქალები, მრავალშვილიანი დედები ასაღებენ და მათ რომ დაიჭერ, პრობლემები იწყება. კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, ისინი დიდხანს არ რჩებიან საპატიმროში, ამნისტიით გათავისუფლებაც უწევთ”,- ამბობს გიორგი ღლონტი.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, ნარკომომხმარებელთა რიცხვის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა მნიშვნელოვანია.
“სასჯელის გაზრდას აზრი არ აქვს. კანონმდებლობა ისედაც მკაცრია- 10-დან 20 წლამდე პატიმრობა განზრახ მკვლელობის მუხლის ტოლფასია. ნარკობიზნესისგან იმდენად დიდია მოგება, ზოგიერთი ყველაფერს კადრულობს. ამ პრობლემასთან საბრძოლველად აუცილებლად მიმაჩნია სკოლებში პროპაგანდის გაძლიერება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რეალიზატორებთან დაუნდობელი ბრძოლა. ყველამ, მათ შორის პოლიციამაც, კარგად იცის, სად ვრცელდება ნარკოტიკი. ამიტომაც ის ადგილები მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, ასეთი დაწესებულებები უნდა დაჯარიმდეს ან დაიხუროს. აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გაძლიერება და საბაჟოების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა. პრობლემა ის არის, რომ ეს დიდ ფულთანაა დაკავშირებული და არც პროფესიონალები ჰყავთ”, – განაცხადა ღლოტმა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამართალდამცავებმა 26,2 კგ ჰეროინი, 2 კგ კოკაინი, 13 700 აბი “სუბოტექსი” და “სუბოქსინი”, 23,1 კგ “მდმა”, 9,8 კგ ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კგ და 600 გ ფსიქოტროპული პრეპარატები ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 113 პირია დაკავებულია.