მამუკა არეშიძე: რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ შესაბამისი კონტრღონისძიებების მთელი სისტემა უნდა შემუშავდეს, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს

“რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ შესაბამისი კონტრღონისძიებების მთელი სისტემა უნდა შემუშავდეს, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ სოფელ ატოცთან ბორდერიზაციის განახლების პროცესს ექსპერტი მამუკა არეშიძე საგაზეთო ინტერვიუში.

გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას არეშიძე ამბობს, რომ ატოცში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ხელისუფლების სწრაფი რეაგირება კარგია.

“კარგია, რომ ატოცში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ძალიან სწრაფად იმოქმედა ჩვენმა ხელისუფლებამ- გაავრცელა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისაუბრა ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა, რომლის მყისიერი განცხადება, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგო აღმოჩნდა- რუსეთის მოქმედება არ შერბილებულა. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლების გადაჭრის მშვიდობიან გზებს ვერ ვხედავ. ჩვენ მკაცრად გვაქვს არჩეული ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთი, ამიტომაც მისგან დესტრუქციულ მოქმედებებს სულ უნდა ველოდოთ. დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს, შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი პრობლემა იცით, კიდევ რა არის? იმ თემაზეც კი ვერ ვთანხმდებით, რაზეც, წესით, ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს. როგორ შეიძლება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაპირისპირების თემად ვაქციოთ და ყველაფერზე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი?! მაგრამ ასე ვიქცევით…”,- განმარტა არეშიძემ.

ექსპერტი აღმოსავლეთში თურქეთ-სირიას შორის შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კატეგორიული შეფასებები ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის.

“ჯერჯერობით ნაადრევია კატეგორიული შეფასებები, რადგან სურათი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის და ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ დიდხანს არ დამშვიდდება. ვითარება ისეთია, რომ ყველა ერთმანეთის დასუსტებას ცდილობს, ოღონდ გააჩნია ვის რა რესურსი დარჩა… რუსეთი ამ ეტაპზე კი გახდა ძლიერი რეგიონული მოთამაშე, მაგრამ მას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით აშკარად ნაკლები რესურსები აქვს. რაც შეეხება თურქეთს… ეცდებიან, თურქეთმა ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ სახე შეინარჩუნოს. ერდოღანის ინტრიგებმა დაღალა მსხვილი მოთამაშეები- მოკავშირეებიც და მტრებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერდოღანი ახერხებს და ჯერჯერობით მშრალად გამოდის. ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის. საქმე ის არის, რომ ერდოღანს საკუთარ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. პენტაგონში ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ დაუშვან არა მხოლოდ რუსეთის ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში, არამედ ისიც, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე. სხვათა შორის ეს, არც სხვა მსხვილ მოთამაშეებს მოეწონებათ, მაგალითად ჩინეთს. არც რუსეთის მოკავშირე ირანის ინტერესია რეგიონში თურქეთის გაძლიერება”,- აღნიშნა ექსპერტმა.

მამუკა არეშიძის თქმით, თუ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედებები გააგრძელა, ეს მის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც პირდაპირ აისახება და დაგვაზარალებს.

“თუ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე მოქმედებები გააგრძელა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და დაგვაზარალებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, საქართველოს ამ ვითარებაში სიფრთხილე მართებს. ჩვენ არ ვართ ამ პროცესის მონაწილე, ამიტომაც ჩვენს ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან საჭიროა ზომიერი პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ნატოს ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ფატალურიც არ მომხდარა, შესაბამისად, მეეჭვება, ამან განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს დასავლურ მისწრაფებებზე, რომელსაც, თავის მხრივ, ორი პოლიტიკური და სამხედრო მდგენელი აქვს”,- განმარტა არეშიძემ.

როგორც ექსპერტი ამბობს, ნატოსთან დაახლოება ნელი ნაბიჯით უნდა გაგრძელდეს.

“ვფიქრობ, ნატოსთან დაახლოება ნელი ნაბიჯით უნდა გაგრძელდეს, ინტენსიური და აქტიური უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და უნდა დაველოდოთ შესაფერის დროს ნატოში გასაწევრიანებლად. ამ თემაზე ისტერიკა და ნერვიულობა არ ღირს”,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ინტერვიუში საუბრისას ექსპერტმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარებაც შეაფასა.

“ანაკლიის პორტის პროექტს აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ის აუცილებლად და დროულად უნდა აშენდეს. გასაგებია, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოსვლა, შესაძლოა, აშშ-ს არ სურდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: თუ ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, მაშინ უფრო სერიოზულად რატომ არ მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში? განა რა გახდა ის ფინანსური რესურსების მოძიება, რაც ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება?! აბა, გამოჩნდეს ძლიერი ამერიკელი ან დასავლელი ინვესტორი, რომელიც იტყვის, მორჩა, ამ პროექტის განხორციელებაში ვდებ ფულსო. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს აურზაური შეწყდება”,- განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტმა ინტერვიუში პოლიტიკურ ველზე შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კოალიციური მთავრობა არ შეიქმნება, პრეზიდენტი იძულებული იქნება, პარლამენტი დაშალოს.

“თუ კოალიციური მთავრობა არ შეიქმნება, პრეზიდენტი იძულებული იქნება, პარლამენტი დაშალოს. თქვენი აზრით, პარლამენტში შესული პარტიები ამდენ შრომას წყალში ჩაყრიან და ამას დასთანხმდებიან? ეს არის მხოლოდ ხალხის წინ პოზიორობა, ვითომ იმის ჩვენება, აი, ჩვენ ასეთი პრინციპულები და შეუვალები ვართო, რაც მხოლოდ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია”,- განმარტა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები