მარიამ კუბლაშვილი: ჯიშკარიანი ნერვიულობს, მე დავამთავრებ და დავასამარებ კრიტიკოსებს

“ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს”, – ეს განცხადება სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა.

გამომდინარე იქიდან, რომ ფრაზის, “მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ “, ადრესატად ხალხმა დაზარალებულის სტატუსად მქონე თამთა თოდაძე აღიქვა, ცოტახანში კუბლაშვილმა ფბ პოსტის მეშვეობით განმარტა, რომ გულისხმობდა მის კრიტიკოსებს და არა თოდაძეს.

“სახელი არც მიხსენებია, აქ ვსაუბრობდი მრავლობით ფორმაში და ვგულისხმობდი ყველა ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ მაკრიტიკებენ და უკიდურეს შეურაცხყოფას მაყენებენ. მომისმინეთ მე და მერწმუნეთ, ვარ დარწმუნებული რასაც ვაკეთებ, მჯერა და მწამს ჩემი სიმართლის, ჩემი კლიენტის სიმართლის და ნუ დამსჯით, მომიტევეთ, მე ხან ემოციური, ხან ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნუ ჩქარობთ, დამელოდეეთ!”, — წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მას 10 000-ლარიან გირაო დააკისრა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა. თამთა თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები