ქართველი მუსიკოსი, ვინც ესპანეთის ქალაქ ბურგოსს სიმღერა მიუძღვნა
რუსთავში დაიბადა, დაამთავრა საესტრადო სასწავლებელი და გოგონათა კვარტეტ „ხმებში“ დაიწყო სიმღერა. მერე დაიშალა კვარტეტი, როგორც ამბობს, გაჭირვება იყო და არავის ემღერებოდა.
სხვა თანამემამულეების მსგავსად 2000 წელს ესპანეთში წავიდა… 19-წლიანი განშორების შემდეგ 2017 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და უკან რომ დაბრუნდა, დიდმა სევდამ არსებითად შეცვალა მისი ცხოვრება… ორ წელიწადში 500 სიმღერა დაწერა… შეიქმნა საინტერესო ქართული მელოდიები და საგალობლები. ბოლოს, ესპანურად შექმნილი საკუთარი ლექსები აამღერა და ესპანეთის ქალაქ ბურგოსს ლექსი და სიმღერა მიუძღვნა.
„ვერ ვჩერდები, 20 ლექსი რომ მომწონდეს, 20-ვეზე დავწერ სიმღერას. ლექსს რომ მივყვები, ვგრძნობ, რას მეუბნება და თავისით იწერება მელოდია“. – კომპოზიტორისა და შემსრულებლის მაია სიჭინავას პერსონა.
– რუსთავში დაიბადეთ…
– დამამახსოვრდა სითბო სიყვარული – მამის, დედის, ყველაფერი ლამაზი და კარგი.
– როდის დაიწყო მუსიკის სიყვარული?
– ვმღეროდი პატარაობიდანვე. მახსოვს, 3-4 წლის ვიქნებოდი, ახალი გამოსული იყო მაგნიტოფონი ბაბინებზე. ბიძამ მითხრა, მოდი, აბა, იმღერეო. ვიმღერე, როგორ წავედი ბაზარში, შინდი ვიყიდე, ოჰ, რა გემრიელია შინდის მურაბა… რომ ჩაიწერა, მომასმენინეს და ჩემი ხმა გავიგე, ალბათ სარკეში რომ ჩამეხედა, თვალები მექნებოდა ძალიან გაფართოებული. მას შემდეგ სულ მინდოდა, მემღერა და მომესმინა ჩემი ხმა, მერე მთელი ბავშვობა სულ მამახსოვრდებოდა, სად ვიყავი და რას ვმღეროდი…
– ერთხანს კვარტეტ „ხმებში“ მღეროდი…
– 1991 წელს შეიქმნა ჩვენი კვარტეტი. კვარტეტის წევრები კურსელები ვიყავით. რამდენიმე თვის შექმნილი ვიყავით, რომ საერთაშორისო ფესტივალზე გავედით და გავიმარჯვეთ, მეორე ადგილი დავიკავეთ. პირველ ადგილზე იყო ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმები“, მაშინ ჯერ ისევ დაარსების სახელი „ჟურნალისტი“ ერქვათ.
შემდეგ ვიყავით სასაზღვრო ჯარების ანსამბლი, ფილარმონიის კვარტეტი… მახსოვს, მაშინ ფილარმონიაში შუქი ქრებოდა ხოლმე და ფანდურზე ვმღეროდით ცოცხლად.
– კვარტეტი დაიშალა… დატოვე საქართველო და ესპანეთში წახვედი…
– ემიგრაციაში რომ წამოვედი, არაფერი ვიცოდი, რა თქმა უნდა, არც ესპანური ენა. ყველა ეტაპი გავიარე, რასაც ემიგრანტი გადის, სანამ ისწავლი, დაიმკვიდრებ თავს, სანამ გაგიცნობენ. თავიდან ეიფორიაში ხარ, რომ წამოხვედი და სხვა ქვეყანას უყურებ – მოწესრიგებულს, სუფთას, ლამაზს. მაგრამ მერე გადის დრო და მონატრება გეწყება, შენი ცხოვრებით აღარ ცხოვრობ. სულიერი აფორიაქება გეუფლება.
თუმცა სულ მინდოდა, მემღერა. ერთხელ, ბარს რომ ვალაგებდი, შემოვიდა უცნობი, რომელიც კონცერტის აფიშას აკრავდა. ინტერესი რომ გამოვხატე, მკითხა, მუსიკა გიყვარსო? კი-მეთქი, ვუთხარი. მე ანსამბლში ვმღერივარ და თუ გინდა, მოდი და ხელმძღვანელმა მოგისმინოსო. მართლაც, მივედი და ვიმღერე, მოვეწონე ხელმძღვანელს და დავიწყე სიმღერა ანსამბლ „გიგანტებში“, მერე გადაირქვეს სახელი და „ფანტაზი“ ერქვა.
შაბათ- კვირას ტარდებოდა კონცერტები და უბედნიერესი ვიყავი. გასვლით კონცრეტებზეც გამოვდიოდი… მერე პარალელურად მასაჟის კურსები დავამთავრე, და ექიმი- მასაჟისტის დიპლომი ავიღე. დღესაც ვმუშაობ მასაჟისტად. ხანდახან ვმღეროდი ბარში, ოღონდ თანხის გარეშე.
– 2017 წელს საქართველოში ჩამოხვედი, უკან რომ დაბრუნდი, სევდა დაგეუფლა. ეს სევდა, როგორც გამანდე, უსიმღერობა იყო…
– პირველად იყო, რომ 2017 წელს ახალ წელს ჩავედი საქართველოში. მანამდე სულ ზაფხულობით ჩავდიოდი და ახალი წელი მონატრებული მქონდა. სულიერად ავივსე, მეგობრებთან სიმღერით და გართობთ გული ვიჯერე… შობაც საქართველოში გავატარე და 13 იანვარს, როცა დავბრუნდი ესპანეთში, ვიგრძენი, რომ რაღაცნაირი სევდა დამეუფლა, თითქოს აღარ მინდოდა, აქ მარტო ვყოფილიყავი. საღამოთი, კომპიუტერთან რომ დავჯექი, ლექსების საიტზე შევედი და დავიწყე ლექსების კითხვა. რომელიც ძალიან მომეწონა, ის ლექსი ამოვიწერე და სიმღერა დავწერე.
მრავალი ემიგრანტის ლექსზეც შეიქმნა სიმღერა, ინტერნეტმა დიდი საშუალება მომცა და უდიდესი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ავტორებს უხარიათ, როცა ვაგებინებ, რომ მათ ლექსზე იწერება სიმღერა.
– 2018 წლის 15 იანვრის მერე 500 სიმღერა დაიბადა… საკომპოზიციო არ დაგიმთავრებია და მართლაც გასაკვირია, ასეთი ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა. როგორ მოდის შთაგონება?
– სიმღერის დაწერა უკვე ყოველდღიურ მოთხოვნილებად მექცა, სიმღერების წერის ნარკომანი გავხდი. არსებობს მხოლოდ გიტარა, კომპიუტერი და მე. ვჯდები კომპიუტერთან და ვეძებ ლექსებს. ხშირად მომწონებია სრულიად უცნობი ადამიანის ლექსი, გიტარა ამიღია და ეგრევე ახალი სიმღერა დამიწერია.
– ვერ ვჩერდებიო, მითხარი… ანუ დაგროვილი ყოფილა სიმღერის სურვილი? თუ ემიგრაცია და მონატრება გაწერინებს?
– ვერაფერს ვიტყვი, ეს ალბათ უფლის მადლია. ადრეც ვწერდი, როცა კვარტეტში ვმღეროდი. ესპანეთში რომ ჩამოვედი, 17 წელი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი დავწერე. მერე კი ერთბაშად მოვარდა შთაგონება…
გვიან გავთხოვდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რადგან უფალმა შვილი არ მომცა, აბა, რისთვის, რა მისიით ვარ? რა უნდა დარჩეს ჩემი? იმდენად განვიცდიდი ამ ყველაფერს, ალბათ რომ არ მენერვიულა, უფალმა მომცა ჩემი სულის ხსნა და ყოველდღიურ სიმღერებში გადამაქვს ჩემი სითბო, სიყვარული.
– როგორც ვიცი, სევდიანი მელოდიები შენს სულთან ახლოსაა…
– მე ხომ მეგრელი ვარ და მეგრელები ხომ სულ ტირიან და ეტყობა მემკვიდრეობით მერგო სევდა ხმაში, ჩემი ხმა ლირიკული და სევდიანია, თუმცა მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. სადაც ვარ, ჩემთან დარდი არ არის. დარდი არ მიყვარს, სევდიანებთან ერთად მრავალი მხიარული სიმღერაც დავწერე… შემიძლია ისე მოვიმხიარულო, ჭერი აიხადოს. ეს კონტრასტი მახასიათებს…
– და რას იტყოდი თავად ლექსის ავტორებზე?
– თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ჩემი სიმღერების ავტორები, ახლა უკვე ვიცი, ვინ არიან ისინი. 500 ლექსი ავამღერე, მათ შორის, ალბათ 400 ადამიანი და უფრო მეტიც გავიცანი.
დავიწყე ჩვენი კლასიკოსებიდან, რუსთაველიდან, ავთანდილის ლოცვიდან… მერე იყო აკაკი, ვაჟა ილია, გალაკტიონი, ანა, შოთა ნიშნიანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი… 48 ჩვენი კლასიკოსი ავამღერე. ასევე შექსპირის სონეტები.
დავჯექი სახლში და ლოცვის წიგნი ავიღე. გადავშალე ათი მცნება. ასე დავწერე სიმღერა, ეს ისე თავისთავად მოხდა, არასდროს მიფიქრია, რომ ათ მცნებაზე მუსიკას დავწერდი…
საეკლესიო სიმღერებიც დავწერე, პატრიარქს ანა ჩუბინიძის ლექსზე შექმნილი სიმღერით მივულოცე დაბადების დღე…
– 2017 წელს კონცერტზე გააჟღერე ახალი სიმღერები… მერე საგალობლებიც დაიწერა….
– კონცერტის შემდეგ მონაზონი დედა ნონა გაგრელი მოვიდა და მთხოვა, პატრიარქს ძალიან მოეწონა თქვენი სიმღერა და უნდა, რომ პატრიარქს მარტომ უმღეროთო..
შემდეგ ჩემი სიმღერები საპატრიარქოს მგალობლებმა და მათმა ხელმძღვანელმა მოისმინეს და მთხოვეს გალობის დაწერა – იმ საგალობელს მერე ჩვენ შევასრულებთო.
თავიდან შემეშინდა, გალობას როგორ დავწერდი, არასდროს მიცდია და არც ამის პროფესიონალი ვიყავი.
ერთხელაც, დილით, რომ ავდექი, ბარში ყავის დასალევად მივდიოდი, ჩვეულებრივად ხატების პატარა კუთხესთან გავჩერდი, ყოველ დილას ვესალმები და ვეფერები ხატებს. ჩანთაგადაკიდებული უნდა გავსულიყავი სახლიდან… მაგრამ რაღაც ქვეცნობიერმა ძალამ გამაჩერა და დავიწყე „მამაო ჩვენო“…
ლოცვების წიგნის ბოლოს არის ნოტები და წინასიტყვაობა, წავიკითხე ეს წინასიტყვაობა, მერე გადავფურცლე და შემხვდა ერის ლოცვა, პატარა ლოცვა იყო და წავიღიღინე…
უცებ ავიღე ფურცელი, გადმოვწერე ეს ლოცვა, დავიწყე გალობა და დავუსვი რგოლები – ჩემებურად მონახაზი გავაკეთე. ასე დავწერე გალობა პირველად.
გაოგნებული წამოვედი, ყავას ვსვამდი და ვფიქრობდი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
მერე ეს მონახაზი გადავუგზავნე ბარსელონაში მამა ლუკას. მოვუყევი, როგორ დავწერე, რომ გალობა არ ვიცოდი და თითქოს გასაღები მომცა უფალმა, რომ შემიძლია დაწერა უკვე ასეთი მონახაზებით – რგოლებით, შტრიხებით…
გუშინაც კომპიუტერში შემხვდა სასწაული – ჩვენს ქართულ ანბანზე დაწერილია ლოცვა.
ისე იმოქმედა, ანბანის ლოცვაზეც დავწერე გალობა იგივე მონახაზით და შტრიხებით და ბედნიერი ვარ. ახლა უნდა გადავუგზავნო დედაოს, ვნახოთ, როგორ მოეწონებათ, და მერე იგალობებენ საპატრიარქოს მგალობლები, დედაოები.
საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში – სამი გალობა დავწერე: „ალილუია“, „საქართველოს ანბანი“ და „ერის ლოცვა“.
ღმერთო, სიმშვიდე იყოს ჩვენს სამშობლოში, დავბრუნდეთ და იქ ვიგალობო, ვიმღერო. ამას ხომ იმისთვის ვაკეთებ, რომ საქართველოსი გაჟღერდეს ჩემი სიმღერები, ყველაფერი.
– სიმღერები უკვე ესპანურადაც დაწერე და გააოცე ესპანელები…
– ესპანელები ჩემს სიმღერებს რომ ისმენდნენ, მეუბნებოდნენ, ქართულს ვერ ვიგებთ და იქნებ ესპანურად დაგვიწერო რამეო. ერთხელაც ერთ-ერთი ცნობილი პოეტის ლექსი ავამღერე. მერე მე თვითონ დავწერე ესპანურად ლექსიც და სიმღერაც. ორივე სიმღერა ძალიან მოეწონათ… სულ ახლახან კი, სადაც ვცხოვრობ, ქალაქ ბურგოსზე ლექსი და სიმღერა დავწერე, მინდა ჩავწერო სტუდიაში და რადიოთი და ტელევიზიით გავაჟღერო.
მზად რომ მექნება ეს სიმღერა, რომელიმე გაზეთს ინტერვიუს მივცემ. აქაურებმა რომ მოისმინეს, მითხრეს, შენ ქართველმა დაწერე ჩვენს ქალაქზე სიმღერა და ჩვენ კი არაფერი დაგვიწერიაო.
ერთ თვეში 5 ესპანური სიმღერა დაიწერა. ვფიქრობ, კიდევ მივუმატო ორი-სამი სიმღერა ჩემს ლექსებზე და ესპანელებს კონცერტი ჩავუტარო. ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, იდეაში მაქვს.
– 2020 წელს საქართველოში კონცერტს გეგმავ…
– ჩემს სოფელზე ჰქონდა ლექსი გიორგი სიჭინავას და ავამღერე მეგრულად. მომწერა, რომ მიგზავნიდი ამ სიმღერებს, ძალიან იმოქმედაო. ლაშა გახარიას მეგრულად დაწერილი ლექსიც ავამღერე. ჩვენი გვარის თავკაცს – გურამ სიჭინავას მოვასმენინე და მითხრა, ვიტირე ამ სიმღერაზეო.
ერთი სიტყვით, შემოქმედებითად ახლა ძალიან აქტიური ვარ. რაც დავწერე, მინდა, რომ ხალხის ყურამდე მივიდეს და ჩემი სიმღერებით დატკბნენ.
2020 წელს დაგეგმილი მაქვს 4-5 კონცერტი საქართველოში, და ახლა ამისთვის ვემზადები.
გავიცანი ნეკა ბაკურაძე და მისნდა მასთან ერთად ტანდემი გავაკეთოთ. ასე გავალამაზოთ პოეტების ცხოვრება ერთი დღით. მოვიწვიოთ ყველა პოეტი და ვიმღეროთ მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
– რა არის შენთვის სიმღერა?
– თითქოს მე თვითონ ვარ უკვე სიმღერა. იმდენად განვიცდი, რასაც ვმღერივარ, იმდენად ახლობელი ხდება, რასაც ვამბობ. თვითონ მე ვარ სიმღერა.
– ფერწერა და მუსიკა…
– გარეთ, თუნდაც სახლშიც, ნივთები, ყვავილი, შენობა, ხე – ყველაფერი ბუნებრივადაა გადაჯაჭვული სიმღერასთან. ყველაფერში ვხედავ ფერებს, სინაზეს, სიმწვანეს. შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, როგორი ლამაზია ეს ყველაფერი.
არადა, შეიძლება ყოველდღე ჩაუარო ყვავილს, რომ შემოგციცინებენ, ხეებს. გადიხარ-გამოდიხარ და ვერ ამჩნევ, ყურადღებას ვერ აქცევ, სხვაგან ხარ ფიქრებით.
ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ ყვავილებს, ხეებს მივეფერო, ქუჩაში ყვავილს ყოველთვის უნდა მიაქციო ყურადღება. ისიც ხომ შენი მეგობარია. შენთან ერთად მოვიდა ამ დედამიწაზე. ჩემთვის ეს ფერწერა ბუნებრივია.
– ჰობი…
– რამე განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, არც კერვა, არც ქსოვა, არაფერი…. ჩემი ჰობია ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და სითბოს და სიყვარულის გადაცემა.
მინდა, რომ ერთ ადამიანს, თუნდაც პოეტს მეორე ადამიანთან ურთიერთობის პრობლემა არ ჰქონდეს. მინდა, რომ დავაკავშირო ერთი პოეტი მეორესთან… ჩემი სიმღერებით. მე, როგორც ხიდი, შემკვრელი, ამ ურთიერთობის გამტარივით ვარ…
– რას შეცვლიდი შენ ირგვლივ?
– ჩემ ირგვლივ რას შევცვლიდი? ცოტა მიჭირს, ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეიძლება… იქნებ უფრო აქტიური, სხვანაირი ცხოვრება? არ ვიცი, რას შევცვლიდი…
– ოჯახი…
– ჩემი საყვარელი მამიკო აღარ მყავს, მაგრამ მამაზე დაწერილი ლექსები შემონახული მაქვს, დედაზე ლექსებიც მაქვს. მყავს დედა, დები, მეუღლე.
– სამომავლოდ?..
– მინდა, რომ ჩავწერო სიმღერები და გამოვცე დისკი, საქართველოს ყველა კუთხეზე, ყველა ქალაქზე მაქვს სიმღერა. თუ უფალი ინებებს და მომეცემა საშუალება, ვფიქრობ, გამოვცე დისკები, მინდა რომ საღამოები ჩავატარო, მოვეფერო ჩემს ქართველებს, საქართველოს და უამრავი გეგმა მაქვს.
მომავალში აუცილებლად უნდა დავრუნდე საქართველოში.
– რას ეტყოდი ემიგრანტებს?
– გული მტკივა, რომ ვიგებ, ვიღაც კიდევ ჩამოვიდა საქართველოდან, ან აპირებს ჩამოსვლას. არ მინდა, რომ საქართველო დატოვონ და ჩამოვიდნენ. მინდა, ქართველი საქართველოში იყოს.
რას ვეტყოდი ემიგრანტებს? უამრავი ბავშვი იბადება საზღვარგარეთ, ელაპარაკონ ქართულად და საქართველო შეაყვარონ. ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ქართველები არიან.
ქართულად გაზარდონ შვილები. კოდი ჩაუდონ, რომ მომავალი თაობა უნდა დაბრუნდეს საქართველოში, – აი, ამას ვეტყოდი ქართველ ემიგრანტებს.
თამარ შაიშმელაშვილი