„მხატვრობამ და მუსიკამ თავად ამირჩიეს“… – როგორ შეიქმნა მიქელანჯელოს დახმარებით მაესტრო გია ყანჩელის პორტრეტი?

პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. კესანესავით ლამაზი ბავშვობა ჰქონდა. შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი დაამთავრა. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი სულს ვერ შეავსებდა.
ამიტომ უნივერსიტეტის ახლად გახსნილ სამხატვრო სტუდიას მიაშურა.  მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ოჯახი ისრაელში ავიდა საცხოვრებლად, სადაც, ფაქტობრივად, ახლიდან მოუხდა ცხოვრებისა და შემოქმედების დაწყებაც… უცხო გარემომ სხვა შთაგონებით აღავსო – მდინარე იორდანე, იერუსალიმი სამივე კონფესიით, თელავივი ხმაურით და აღმოსავლური ხიბლით, კაფეები, შემდეგ უდაბნო, აქლემებით და ბედუინებით... – ხატავს პეიზაჟებს და პორტრეტებს.
სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა და სხვადასხვა ჯგუფურ ვერნისაჟში მონაწილეობდა.
მირიამისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი არსებული რეალობისადმი საკუთარი დამოკიდებულება, პირადი განცდები, შეგრძნებები გაიაზროს და მიიტანოს სხვა ადამიანებამდე. ხელოვნების უნივერსალური ენით, ამასთან დიალოგის რეჟიმში, ახსნას აწმყო და განჭვრიტოს მომავალი“, – წერს ხელოვნებათმცოდნე ეთერ შავგულიძე მასზე.
ამბობს, რომ დღევანდელი დღით არ ცხოვრობ. და თუ უფალმა ინება, თბილისში სურს გამოფენის გამართვა. – მირიამ სოლოღაშვილის პერსონა.

„ცისფერი კესანები“

– არც კი ვიცი, რით დავიწყო: მეხსიერება მღალატობს, უფრო ხატვის დროს, რაღაც ეპიზოდში იცის ამოტივტივება კადრებად და სხვისი ცხოვრება მგონია. 58 წლის შევსრულდი. ეს არც ბევრია, მაგრამ ცოტაც არაა. დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების ოჯახში. დედა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, მამა – სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, მთამსვლელი.
მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა, გახსენებამ ბოლო პერიოდში მეტად იმძლავრა. თითქოს ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა და ,,დიდი ნაბიჯების“ გადადგმაში მეხმარება. ბუნებაც მან შემაყვარა და სამყაროს მთლიანობაც, მგონი, მისგან გავიგე.
ბავშვობას ყველაზე უკეთ ,,ცისფერი კესანები“  ასახავს, მეეჭვება უკეთ ვთქვა: მთებს და ველებს გადასცქერის წითელსანდლებიანი გოგო, სადაც ზაფხულის სურნელი ტრიალებს, ფერებიც მკვეთრია და მდელოც ხასხასა.
ზაფხულში მანგლისში ვისვენებდით ხოლმე. ის ტყეები წელს ვნახე, უსიერი ტყის ხიბლიც ვიგრძენი და ფილოსოფიურადაც განმაწყო.
დავამთავრე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო ფაკულტეტი.  დაახლოებით მესამე კურსიდან მივხვდი, რომ პროფესია საჩემო არ იყო, შემთხვევით აღმოვჩნდი იქ. მართალია, ტექნიკური საგნები კარგად ვიცოდი, მაგრამ სიცარიელეს ვგრძნობდი. იმხანად უნივერსიტეტში გაიხსნა სამხატვრო სტუდია (ახლა უნივერსიტეტის სრული ფაკულტეტია) და იქ აღმოვჩნდი. სტუდიის წევრები  ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. გამოყინულ დარბაზში ცოცხალ ნატურასთან მუშაობა მახსენდება. მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით. სადიპლომო ნამუშევარი გამოიფინა მაშინდელ ცისფერ გალერეაში. „დარეჯანის სასახლეს“ რელიკვიასავით დავატარებთ.
– შემდეგ თქვენს ცხოვრებაში რთული წლები იყო… ოჯახმა ისრაელში ასვლა გადაწყვიტა. ახალმა გარემომ, პრობლემებმა, ბუნებრივია,  ახალი საზრუნავი გააჩინა… შემოქმედებამ დროებით უკან გადაიწია…
–  მყავს მეუღლე – ლევან ჩარბაძე და ორი ვაჟი. შვილები მეექვსე გერმანულ სკოლაში სწავლობდნენ, ისრაელში ასვლა რომ გადავწყვიტეთ. დედა ბევრს მეხმარებოდა, თორემ ისრაელის ტემპით ამდენს ვერ შევძლებდი, ვმუშაობდი, ყოფითი პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა. ბინა გვჭირდებოდა, შევიძინეთ, მცირე კომფორტიც.
ისრაელის ქალაქ ხოლონში ცხოვრობთ, მოღვაწეობთ...
– აქ დავამთავრე კომპიუტერული გრაფიკის სახელმწიფო კურსებიც, ვისწავლე რამდენიმე პროგრამა, რამაც შემდგომ პროფესიაზე დიდი გავლენა მოახდინა. წლები ვიმუშავე ერთ სოლიდურ სავაჭრო ფირმაში Golf & Co. ესაა საოჯახო ნაწარმის მაღაზია, სადაც სეზონურად შემოდის ტრენდული საქონელი და მის დიზაინერად ვიქეცი. დღემდე ვემადლიერები ფირმას იმ წლებზე, გამოცდილებაზე, რაც შევიძინე.

კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად

ვიყავი განყოფილების უფროსი და, პარალელურად, ბიზნესსაქმიანობასაც ვუძღვებოდი. ფერწერა და ყველანაირი მხატვრობა გადამავიწყდა. ოჯახს, სამსახურს მიჰქონდა მთელი ენერგია.  ბედნიერი წლები იყო. საყვარელი ოჯახისთვის ვზრუნავდი, შვილები იზრდებოდნენ, სხვა რა უნდა მდომებოდა?
– ისრაელში, შეიძლება ითქვას, რომ ხატვა ახლიდან დაიწყეთ. როგორ შესძელით საკუთარი თავის მობილიზება და შემოქმედებითი მოღვაწეობის ახლიდან დაწყება?
– 50 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესებამ მაიძულა, დიასახლისად ვქცეულიყავი. ესეც გამჩენის ნება იყო, სხვანაირად ვერ მოვიცლიდი. ხატვა თითქმის ახლიდან დავიწყე. გამიჭირდა, მაგრამ ვშრომობდი, სურვილი და ფიქრი იმარჯვებდა მუდამ. ქუჩაში რაღაცას ვხედავ, უცებ ვჩერდები და მნუსხავს.
მერე ვეკითხები ჩემსავე თავს, რა აღმოაჩინე, რატომ? პასუხად ისეთ სიღრმისეულ შრეებში ჩავდივარ, ლაბირინთიდან გამოღწევა მხოლოდ ნახატის შესრულებით მთავრდება. რაღაც ეტაპებად მიდის ყველაფერი. რომელიღაც ფერი დამახვევს თავბრუს, ამეკვიატება და მის ჭკუაზე მატარებს. მქონდა „ყვითელი პერიოდი“, ვაფანატებდი.
მხატვრობამ და მუსიკამ თავად ამირჩიეს. ვხუმრობ, მაგრამ არის სიმართლის მარცვალიც.
– პირველი პერსონალური გამოფენა ალბათ სხვა იყო მაინც, მერე თანდათან, ალბათ,  იცვლება ფიქრი, წლების გასვლასთან ერთად ახალი ინტონაციები და ნააზრევი შემოდის…
– პირველი პერსონალური გამოფენა თელ-ავივში მქონდა, გორდონის ქუჩაზე მდებარე გალერეა ,,ეფრატში“. ძირითადად, იქ, უბანშია, სამხატვრო გალერეები და ასე ვთქვათ, პრესტიჟულად ითვლება.
მაშინ თემები სხვა მქონდა, ხშირად გარდაცვალებაზე ვფიქრობდი, კაბალისტურ მოძღვრებას ვეცნობოდი და  ძალიან საინტერესო წლები იყო.

„ჰერმონის მთა“

სანამ ჩრდილოეთი ისრაელის მთების – ჰერმონის ხატვა დავიწყე და გავედი სამხრეთ-უდაბნომდე, ფაქტობრივად, „გავიარე“ სრული გზა სულიერი განვითარებისა. იმ პერიოდისაა „ჰერმონის მთა“ – სულიერი განვითარების მწვერვალი. კონსტანტინე გამსახურდიას საკუთრებაშია ამჟამად.
მქონდა მდინარე იორდანე, იერუსალიმი სამივე კონფესიით, თელ-ავივი ხმაურით და აღმოსავლური ხიბლით, კაფეები, შემდეგ უდაბნო, აქლემებით და ბედუინებით. უდაბნოში გამორჩულად რთული იყო სულიერი განვითარების უმდაბლესი საფეხურის – „მასადას ციხის“ ხატვა. ესეც სიმბოლიკაა კაბალისტურ მეცნიერებაში და არ დავკონკრეტდები.
კაბალისტური გეოგრაფიით, დედამიწა ითვლება სულიერი ძალების ანაბეჭდად, იმ ძალების „მყარ“ ფორმად, რაც მასზე მოქმედებენ. ისრაელის ჩრდილოეთის ყინულოვანი წერტილი, რომელიც დღეს სათხილამურო ბაზაცაა, კაბალისტურ ენაზე იწოდება „კეტერ“ – გვირგვინი. ეს არის ადგილი, სადაც უმაღლესი სულიერი სინათლე გადმოსვლას იწყებს. სამხრეთისაკენ სვლის დროს წყლის ნაკადის მთავარ მომმარაგებლად იქცევა და მთელს ტერიტორიას მიეწოდება სამხრეთამდე.
მას შემდეგ მქონდა კიდევ ორი პერსონალური გამოფენა და ვმონაწილეობდი ჯგუფურ ვერნისაჟებში.
– ხოლონის მერიამაც მიგიწვიათ ქალაქის გალერეაში, სადაც ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს…
– შარშან ჩემი ქალაქის მერიამ მიმიწვია ქალაქის გალერეაში. გამოფენა ორ თვეს გაგრძელდა, მნახველებისაგან პირად შთაბეჭდილებებში უამრავი თბილი სიტყვა დამხვდა. შემდეგ
ნახატები თელ-ავივის მთავარ თეატრშიც გამოიფინა. არაჩვეულებრივი იყო, ნამდვილად გამზარდა გარემომ, თემებმა.
განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ ქ. ბათ-იამში გამართულ ღონისძიებას. შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ დღეებს დაემთხვა, საპატიო სტუმრები თბილისიდანაც გვყავდნენ. ფეისბუქზეც გავაზიარეთ ფოტოები. ძალიან კარგი საღამო ჩატარდა.
– მუსიკა თუ გეხმარებათ შთაგონებაში?
– სხვათა შორის, ჩემი ინტერესი ბოლო წლებში მუსიკას დაუკავშირდა. ბევრს ვკითხულობ, უამრავ საინტერესო თემას ვეცნობი. ინტერნეტი ხომ ამოუწურავია,  ასევე – ინტერესებიც.

„ავტოპორტრეტი“

მუსიკის როლი განსაკუთრებით გაიზარდა, რაც მსოფლიო დონის განმანათლებლის, მუსიკოსის – მიხეილ კაზინიკის ლექციების მოსმენა დავიწყე. სხვათა შორის, მისი პორტრეტიც შევასრულე. ამ ორი წლის წინ შევხვდით, ისრაელში ბრძანდებოდა გასტროლებზე. დაუვიწყარი დღე იყო.
– თქვენი თვალით დანახული თქვენი ნამუშევრები… როგორ მოდის შთაგონება?
– რას ვხატავ? ალბათ ყველაფერს და გაბნეულად. ვხატე თელ-ავივის კაფეები, ემოციური გამომივიდა, მიყვარს ნატურმორტებიც, რაღაცნაირი შეპყრობილი ვხდები და მთლიანად ,,მუსიკალურ ტალღაზე“ ვტრიალებ. ძალიან რთულია, როცა პორტრეტებს მივადექი. თეთრ ფორმატზე (ტილოზე) ზეთის საღებავებით, ორ განზომილებაში უნდა დაეტიოს კომპოზიტორი, მომღერალი, ბალერინა… ხასიათით, განწყობით, რაღაც კონტექსტით. ღამეები არ მეძინება, თუ იმ პასაჟს ვერ ვპოულობ, რაც მაკმაყოფილებს. განსაკუთრებით ალბათ მორის რაველი მიყვარს. ავტოპორტრეტზეც ანოტაციად მიწერია. ყოველთვის მცირე ტექსტს ვურთავ ნახატს სოციალურ ქსელში გაზიარებისას, მოთხოვნილებად მექცა, უეჭველად ვერბალური ურთიერთობის სურვილია, რაც ფერწერას არ ვნებს.
„ავტოპორტრეტს“ –  ,,ამ ქალს“  გამორჩეულად უყვარს მორის რაველის ,,გასპარი წყვდიადიდან“. სიზმრისეული, სხვა, პარალელურგანზომილებიანი სამყაროს მოსმენა, სადაც რეალური თუ შეთხზული პერსონაჟები ბინადრობენ.
მრავალგზის განმეორებადი ერთი და იგივე ნოტი, ზარების თანხლებით საჭირო ინფორმაციას და ენერგიას აწვდიან. მესამე პირში შემთხვევით არ მოვიხსენიებ.

დირიჟორი ბერნსტაინი“

დირიჟორი ბერსტაინი. ბუდიზმში ლოკოკინა მოთმინების სიმბოლოდ ითვლება, მისი ნიჟარა კი შეჩერებულ დროდ მოიაზრება. ჩვენს კოსმიურ ნაკვალევზე ვფიქრობდი, იმ ფუნქციაზე, გზაზე, რასაც გავდივართ. გუსტავ მალერის მერვე სიმფონიის ფინალმა მიკარნახა ამ თემაზე მუშაობა. მსოფლიო რეპერტუარში ერთ-ერთ მასშტაბურ ნაწარმოებად ითვლება, რამეთუ ადამიანური სულის მარადიულობის ოდაა.
,,მისტიური გუნდის“ გალობა, ,,ათასი შემსრულებლის“ ორკესტრი – უდიდესი დირიჟორის ხელმძღვანელობით, ესაა უძლიერესი სცენა, რისი მოსმენის შემდგომ გალაქტიკის ბოლომდე გააზრებას აღწევს მსმენელი.
Leonard Bernstein – ჩემი გმირი, მუზა და პიროვნება, ვინც მალერის ურთულესი შემოქმედება ასე პოპულარული გახადა, მისი სიღრმისეული რიფების გააზრება შეძლო.

ილიკო სუხიშვილი ტილოს ჰქვია „La Terre Vue Du Ciel“  („დედამიწა ციდან“ ) .

„დედამიწა ციდან“

,,La Terre Vue Du Ciel“ არმანდ ამარის ემოციური ნაწარმოების სახელწოდებაა, ფრანგი ფოტოგრაფის, რეჟისორის, პუბლიცისტის – იან არტიუს ბერტრანის გადაღებული ეკოლოგიური ფილმის მუსიკალური გაფორმებისათვის.
მოვლენები და სიტუაციები იმგვარად გადამეკვეთა, ფინალისკენ ინერციით წავედი.
ამ გაზაფხულზე მოვიტანე დიდი ფორმატის ტილო. უნდა დამეხატა „დედამიწა ციდან“, რასაც ილიკო სუხიშვილის საახალწლო რეპერტუარი დაედო საფუძვლად. დედამიწაზე მოცეკვავე ქალი დერვიშისეული თვითჩაღრმავების.
ჰყავდა მეწყვილეც, მაგრამ მე ვერ დავხატე, შემრჩა ამორძალი.  დაუმთავრებლად მიყუდებულია კედელზე და განაჩენს ელის. წინა დღეებში კი ილიკოს თვალებში ამოვიკითხე.

გია ყანჩელი – შეუსვენებლად ვმუშაობდი. ბოლო კონტურების დაზუსტებისას, უკვე მერამდენედ მოვისმინე დიდი შემოქმედის – გია ყანჩელის მეოთხე სიმფონია Symphony No.4 „In memoria di Michelangelo“ – „მიქელანჯელოს ხსოვნას“ , რომელიც 1974 წელს შეიქმნა.
ზარების რეკვა, უსასრულობის, სიწმინდის, დიადის და პირველყოფილების განცდა…

გია ყანჩელი

მეც, გახსნილად და მთლიანობაში ამ მშვენიერების ნაწილი ვიყავი. რაღაც სიმბოლური ამბავი გამომივიდა, მომავალ თაობას დავუტოვე ჩემი მოკრძალებული ნამუშევარი მაესტროს უკვდავ მუსიკასთან ერთად.

კარგი რეცენზია დაიწერა თქვენს შემოქმედებაზე. ავტორი ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ეთერ შავგულიძე.
მირიამი ცდილობს თავისი იდეები, განცდები, განწყობა, მსოფლშეგრძნება ანუ მხატვრული ნაწარმოების შინაარსი მხატვრულ აღმქმელამდე მიიტანოს იმპრესიონისტული მხატვრული ხერხებით, მაგრამ არა წუთიერი შთაბეჭდილება, არამედ მარადიული, საყოველთაო და ყოველდღიუე კითხვა: ვინ ვარ მე და რა არის ჩემი გარემომცველი სამყარო? ის, რაც თანამედროვე ყოფაში ბანალურ, მაგრამ მით უფრო ამოუხსნელ რებუსად იქცა ჩვეულებრივი (და არა ფილოსოფირი) ცნობიერებისათვის.
მირიამისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი არსებული რეალობისადმი საკუთარი დამოკიდებულება, პირადი განცდები, შეგრძნებები გაიაზროს და მიიტანოს სხვა ადამიანებამდე. ხელოვნების უნივერსალური ენით, ამასთან დიალოგის რეჟიმში, ახსნას აწმყო და განჭვრიტოს მომავალი, რადგან ეს არის მისი სათქმელის ამოთქმის საშუალება, ადამიანებთან ურთიერთობის თვითშერჩეული მეთოდი.

რუსუდან გაბროშვილთან ერთად

ამისათვის მირიამი არ ელოდება გამოფენის საკრალურობას და მყისიერი გაზიარებით, ვირტუალურად თავაზობს ფეისბუქმეგობრებს თავის შემოქმედებით სამყაროში მოგზაურობას, ტკბება ამ პროცესით, იღებს დადებით იმპულსებს, ივსება სასიცოცხლო ენერგიით და თავადაც გულუხვად გასცემს.
ამას აკეთებს ძალიან დამაჯერებლად, ექსპრესიულად, ტემპერამენტით, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია სწრაფად და უდანაკარგოდ მიიტანოს თითოეულ აღმქმელამდე განცდილი სულიერი მღელვარება, რასაც თან დევს გონების გამონათება და ყოფიერების არსობრივი წვდომა.
აქ კი უკვე თავს იჩენს ქართული გენეტიკური კოდი ადამიანურ ურთიერთობათა სასიცოცხლო აუცილებლობა, რომელიც რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს და ახალ ფორმაშინაარსს იძენს.ეს არის ხელოვანის გამოძახილი ეპოქალურ გამოწვევაზე ტექნიკური რევოლუციის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის თავისებური ფორმა. ყოველივე ამას მხატვრული ღირებულება აქვს იმდენად, რამდენადაც გააჩნია ადამიანური ღირებულება სითბო, სიკეთე, ზრუნვა, თანადგომა, თანაგრძნობა და ბოლოს, თანაშემოქმედება, რაც ყველაფრის საპირწონეა და რწმენის დონემდე ამაღლებას გულისხმობს“.

– სად ინახება თქვენი ნამუშევრები?
– ნახატების რაღაც ნაწილი კერძო კოლექციებშია, მაგრამ უმეტესობა ჩემთანაა. ამით ვცოცხლობ. არა, მარტო მე კი არა, ჩემი ოჯახიც. რაღაც სხვა მუხტი შემოგვიტანა ფერწერამ, სათითაოდ ,,გამოვიჭერ“ ჩემებს და ველაპარაკები, ნახატს განვიხილავთ. გამორჩეულად მადლობელი ვარ მეუღლის, რაც უნდა ,,სიგიჟეს“ ვხატავდე, მუდამ ესმის, თანამიგრძნობს, მეხმარება, რომ თავისუფლად ვიმუშაო. არცერთი ნახატი არ იხატება კომერციული თვალსაზრისით.
მომავალი
– დღევანდელი დღით ვცხოვრობ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. თუ უფალმა ინება, თბილისში მინდა გამოფენის მოწყობა და ახლობლების მოწვევა. ამისი დიდი სურვილი მაქვს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები