„არავინ დაიჯეროს, რომ ჭაბუა ამირეჯიბმა ვიღაცას მოჰპარა ეს წიგნი“…
მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო და პატიმრობას ვერც მამამისი ასცდა. მაინც მწერლობისა და ლიტერატურის სიყვარულით გაიზარდა. საბოლოოდ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ქართულ ფოლკლორში ცოდნა უფრო მეტად გაიღრმავა.
მრავალი წელი მუშაობდა ჭაბუა ამირეჯიბის გვერდით, მის თვალწინ დაიწერა მწერლის ეპოქალური რომანები. იყო რომან „გორა მბორგალის“ რედაქტორი. შეხვედრია ლევან გოთუას, სხვა მრავალ მოღვაწე ქართველებს.
ამბობს, რომ ღირდა ცხოვრება იმისთვის, რომ ძალიან კარგ ადამიანებს შეხვედროდა.
მისთვის ძვირფასია გაზეთ „კვირის პალიტრაში“ და ჟურნალ „კარიბჭეში“ მუშაობის ყოველი წუთი და საათი. არის „საოჯახო კალენდრის“ შემდგენელი, მრავალი კეთილი საქმის წამომწყები. აინტერესებს ქართული ფოლკლორი, ეთნოსი, საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, ქართული ხასიათები… – ფილოლოგ სალომე ნიკოლეიშვილის პერსონა.
– საშინელება იყო, რაც ჩვენმა ოჯახმა გამოიარა. მამაჩემი პირველივე კურსზე წაიყვანეს ფრონტზე, მაგრამ მალევე დაიჭრა და ჩავარდა ტყვედ. მერე არ ვიცი, საიდან როგორ მოხვდა საფრანგეთში და იქ გაატარა მთელი ომი. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ საფრანგეთში და ყველგან, სადაც ე.წ. თავისუფალი ტყვეები იყვნენ, გაგზავნა თავისი ხალხი. ისინი აგიტაციას უწევდნენ ქართველებს – შინ დაბრუნებულიყვნენ.
ბევრმა დაუჯერა, ბევრიც შეყოყმანდა და ნოე ჟორდანიას მიადგა. უთხრეს, სტალინმა შემოგვითვალა, ჩამოდით შვილებო, არანაირი საშიშროება თქვენ არ გელოდებათ, იცხოვრეთ სამშობლოშიო. ჟორდანიას დაუმშვიდებია ისინი, წადით, დაბრუნდით. სტალინი თავიდან, პირველ რამდენიმე წელიწადს ხელს არ გახლებთ, ამასობაში დაცოლშვილდებით, ბავშვები გეყოლებათ, გამრავლდებით, გადაშენების პირას მდგარი ერი გაძლიერდებაო. ბევრმა დაუჯერა, წამოვიდნენ. მათ შორის იყო მამაჩემიც. 1946 წლამდე იყო მამა ტყვედ.
სხვათა შორის, ჟორდანიამ დიდი საქმე გააკეთა, ათასობით ქართველი გადაარჩინა. ჯერ ტყვეთა ბანაკებიდან ხომ გაიყვანეს მისი ბრძანებით, რამდენიმე წელიწადს ამ ხალხისთვის ხელი არავის უხლია, ამასობაში ბევრმა ორი-სამი შვილი გააჩინა, მერე უკვე, 50-იანი წლების დასაწყისში, დააპატიმრეს და გადაასახლეს მრავალი ყაზახეთში.
ცოტა წინ წავალ და მამაჩემის ოჯახს დავუბრუნდები. რევოლუცია რომ მოხდა, ბაბუა რუსის ოფიცერი ყოფილა. 1924 წლის აჯანყების დროს ერთ-ერთი განდობილი იყო და ბაბუა ქუთაისში წასულა, სადაც ჩვენი შესაკრები პუნქტი მდებარეობდა. გზაში გაუგია, რომ აჯანყება მოხდა უცებ და უკან დაბრუნებულა, ამასობაში თურმე აბრეშუმის ჭია ესვა ბებიას, მამა ხის ძირში ჰყავდა დატოვებული, ბებია კიბით ასულა ხეზე, ფოთლის მოსაკრეფად… ამასობაში შემოსულან ბოლშევიკები და რუსები და უბრძანებიათ ანასტასიასთვის, გვითხარი, სად არის შენი ქმარიო? ქუთაისშიაო. აბა, ქე იყავი მანდო… მამაჩემი ჩხავის ხის ძირში და ესენი ბებიას არ უშვებენ, დააპატიმრეს პირდაპირ ხეზე. მერე ერთმა ნათესავმა იხსნათ. აი, ამისი შვილი მოდის, ბრუნდება საბჭოთა კავშირში…
– ლევან გოთუას შეხვედრიხართ, მან „გმირთა ვარამი“ გამოგიგზავნათ საჩუქრად…
– მამაჩემმა თბილისის ციხეში წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება გამოიარა. მგონი, იქ შეხვდა ლევან გოთუას.
მახსოვს, პატარა ვიყავი, ავად გავხდი და „გმირთა ვარამის“ პირველი ტომი გამომიგზავნა, მამაჩემს გამოატანა. „ჩემს პატარა გოგონას“, – ასეთი წარწერა ჰქონდა.
პირადად მხოლოდ ერთხელ შევხვდი მწერალთა კავშირში, ერთად საუბრობდნენ მწერლები ბაღში. ლევანი რომ დავინახე, იმის იქით აღარაფერი დამინახავს… მე და ჩემი კურსელები ვიყავით, არ ვიცი, მიცნო, არ მიცნო, ალბათ რომ მივშტერებოდი, იფიქრა, მიცნობსო და თბილად მომიკითხა… ასე გამოვეცნაურეთ ერთმანეთს, თუმცა მანამდე მამაჩემმა გამაცნო. პლეხანოვზე მივდიოდით მე და მამა, ჩემთვის ფეხსაცმელი უნდა ეყიდა. მეორე მხრიდან მოდიოდა ლევანი… უცნაური სიარული იცოდა, თანაც საოცრად საყვარელი იყო. „გამარჯობა, ბატონო ლევან“… – მიესალმა მამა, „ოჰ“… – დაიძახა ხალისით… „ეს ჩემი ქალიშვილია“- უთხრა მამამ. ძალიან უყვარს თქვენი ნაწარმოებები, „გმირთა ვარამი“ რომ გამატანეთ, ამისთვის იყო განკუთვნილიო… მაშინვე მომეფერა.
– ბავშვობა სამტრედიის რაიონში გაატარეთ… ახლაც არ იშლება მეხსიერებიდან რეპრესიების სუსხი…
– მე და ჩემმა ძმამ სამტრედიის რაიონის სოფელ გომში გავატარეთ ბავშვობა. თბილისშიც გვქონდა სახლი. ბაბუას უყიდია ზემელზე ერთი პატარა ოთახი, სადაც მისი მეგობრები, სტუდენტები იკრიბებოდნენ. მაგრამ მამა რომ დააპატიმრეს 50-იან წლებში, ეს ოთახიც გაქრა. 25 წელი მისცეს მამას.
მოგვიანებით, როცა ჭაბუა ამირეჯიბთან დავიწყე მუშაობა, მახსოვს, მეუბნებოდა, იქნებ მამაშენის ოთახი დავიბრუნოთო. მაგრამ ის სახლი აღარ დგას, კვალიც არ დარჩენილა მისგან.
ჩემს ბავშვობაში არ იყო ელექტროენერგია, მაგრამ ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ხალხმრავლობა. ცხოვრობდნენ ჩამოსული პედაგოგები. ერთად მოვიყრიდით ხოლმე თავს ღუმელთან ან ბუხართან, ღუღუნებდა ბუხარი, წვავდნენ გოგრას, დედაჩემი იჯდა ლამპასთან და – ღმერთო, აცხონე მისი სული, – გვიკითხავდა წიგნებს. ასე გავიცანით ქართველი მწერლები, მათ შორის – ალექსანდრე ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი…
მამას ვანო, დედას ელისაბედი, ლიზიკო ერქვა. ორივე ფილოლოგი იყო, ოღონდ რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით.
მამის დაპატიმრების მერე ჩვენი ქონების კონფისკაცია მოხდა, წლის და ცოტა მეტის ვიყავი, ეს რომ მოხდა. ღამით მეზობლებმა წაიღეს ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა და დამალეს, მათ შორის, წიგნებიც.
კონფისკატორებმა ორ ოთახში მაინც აჰყარეს იატაკი. რაღაც ხომ უნდა წაეღოთ და წაიღეს ფიცრები…
დედა გამოაგდეს სკოლიდან… ქარიშხლიანი ღამე იყო, მახსოვს, რომ მოვიდა, ტიროდა, გვასახლებენო, ბებიამ უთხრა, ნუ გეშინია, გვასახლებენ და წავალთო. დაამშვიდა, საოცარი ქალი იყო ბებიაჩემი. მას მერე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის. ახლაც ქარიშხალი და ჭექა ქუხილი რომ არის, სულ ის ამბავი მაგონდება და ბალიშს თავზე ვიფარებ ხოლმე. პატარობისას მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი…
სულ შეკრული გვქონდა ბარგი, ერთ ღამეს საშინელი ბრახუნი გაისმა. დედაჩემმა კარი გააღო, მე და ჩემმა უმცროსმა ძმამ, რომელიც სულ პატარა, ჩვილი იყო, წამოვყავით თავი… შემოვიდნენ სამხედროები. სახეები ახლაც მახსოვს… გაემზადეთ, მანქანები უკვე აქ არისო. დედაჩემმა მოახერხა ბებიასთვის ეცნობებინა ეს ამბავი. მეზობლის გოგონა გააგზავნეს თურმე შუაღამისას. როგორც მერე ბებია ყვებოდა, სამტრედიაში ბორნით გავედიო. რაიკომის მდივანი თუ მაღალჩინოსანი იყო დედაჩემის ბიძაშვილი და იმას შეატყობინა, არ ვიცი, როგორ მოახერხა იმ ნათესავმა, მაგრამ ჩვენ დაგვაბრუნეს.
ასე გადავრჩით ყაზახეთში გადასახლებას.
– როდის გადმოხვედით თბილისში?
– 17 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედით, მაგრამ მანამდე ყოველთვის ჩამოვდიოდით, აქ უამრავი ნათესავი გვყავდა, დეიდები, ბიძები…
გვქონდა უცნაური ტრადიცია, ოჯახში ბავშვებს – მე და ჩემს ძმას აუცილებლად უნდა გვენახა სპექტაკლები. დეიდა გვახვედრებდა ბილეთებს და ყველა თეატრში მივყავდით.
გვესმოდა-არ გვესმოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა… მთავარია, სპექტაკლები გვენახა, მაგრამ ის ხომ ილექებოდა და რჩებოდა.
– ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით… იმ წლებიდან მეგობრობთ ადამიანებთან, ვინც დიდი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაზე…
– ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მანამდე რაღაცებს ვწერდი და გაზეთ „ნორჩი ლენინელში“ ვაქვეყნებდი. მერე ერთი-ორჯერ გაზეთ „კომუნისტშიც“ დავბეჭდე და ამით დამთავრდა ჩემი ჟურნალისტიკა.
17 წელი მისრულდებოდა… უნდა საბოლოოდ გადამეწყვიტა, რომელ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. გრივერ ფარულავა იყო მეზობელი სოფლიდან. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი გრივერს და მამაჩემს, გრივერმა და რეზო თვარაძემ გამომცადეს და ერთად გადაწყვიტეს, რომ მე ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა გამეგრძელებინა სწავლა… ასე ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ძალიან კმაყოფილი ვარ…
პირველი კურსი… პირველი ლექცია ლევან მენაბდის გვქონდა, მეორე იყო ფოლკლორი. ქსენია სიხარულიძე გვიკითხავდა.
მან გვითხრა, ვინც ფოლკლორის განხრით წავა, მთელ საქართველოს მოვივლით, ჩავიწერთ ამას-იმასო… წინა კურსი არაჩვეულებრივი გვყავდა, რომელმაც ქართულ ფოლკლორში საოცარი არქივი შექმნაო, ჩამოასახელა: ნუცა დუმბაძე, მეგი ტატიშვილი, იურა ჯაფარიძე, ლალი გუნთაიშვილი, მანანა ჯანელიძე…
ბავშვობიდან მიყვარდა მოხეტიალე ცხოვრება. კარგად დავიმახსოვრე ეს ნათქვამი. პროფესორი ვიოლეტა ცისკარიძე ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო, კათედრაზე იყო თემურ მაღლაფერიძე. ამათ თქვეს, მოდი, შენი თემა „საქართველოს ისტორია ქართულ ლიტერატურაში“ დისერტაციად აქციეო, არ მინდა- მეთქი. როგორ არ გინდაო… მაშინ ვთქვი, მოდი, სანდრო ცირეკიძეზე გავაკეთებ-მეთქი, კარგიო, დამიდასტურეს. მერე მართლა გამოვეცი სანდროს კრებული.
სერგი ჭილაია იყო კათედრის გამგე. ავცდი ფოლკლორს. მაგრამ სამაგიეროდ ეს საოცარი ხალხი გავიცანი. ამათთან ერთად, განსაკუთრებით იურა ჯაფარიძესთან და თემო მაღლაფერიძესთან ერთად დავდიოდი ფოკლორულ ექსპედიციებში. სად არ დავწანწალებდით… ახლა აღარ დადიან, ქართული არ იციან ბავშვებმა და არაფერზე წარმოდგენა არ აქვთ. ესაა ცუდი…
რამდნიმე წლის წინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან გზავნიდნენ ბავშვებს პრაქტიკაზე ჩვენთან, „კვირის პალიტრაში“. ერთ ბიჭს ვკითხე, რა გიყვარს, რას კითხულობ- მეთქი? მე ახლა ვკითხულობ რომანს გამომძიებელ ქალზეო. რატომ კითხულობ მაგას-მეთქი. მიყვარსო… სერგეი მესხი წაგიკითხავს-მეთქი და ეგ ვინააო…
– სანდრო ცირეკიძის პირველი სრულყოფილი კრებული გამოეცით…
– „მუნჯი მოციქული“ ერქვა. წავედი ქუთაისში, ვიძიე, ვიძიე და მივაგენი ძმისშვილის ოჯახს, იქიდან ხელნაწერები და წერილები წამოვიღე. „საბჭოთა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალში გამოვეცი პაწაწინა წიგნი.
მანამდე სანდროს მხოლოდ გამოცემული ჰქონდა „მთვარეულები“. 29 წლის გარდაიცვალა, ეს იყო ასე თუ ისე სრული პირველი წიგნი, რომელშიც პრესაში დაბეჭდილი მასალები და რამდენიმე საარქივო მასალაც გაერთიანდა.
ახლა მეორე წიგნს ვამზადებ.
– ჭაბუა ამირეჯიბის წიგნების რედაქტორი იყავით…
– ჭაბუა მამასთან ერთად მოხვდა საპატიმროში, ჩვენთან, სოფელში, ხშირად ჩამოდიოდა. ცხონებული გიგლა ხუხაშვილიც ჩამოჰყავდა ხოლმე. ანზორ სალუქვაძესთან იყო ძალიან ახლოს, რომელიც მისი ბიძაშვილის ქმარი იყო.
მერე ბატონმა ჭაბუამ თავისთან კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში წამიყვანა. კომიტეტს ჰქონდა ფილიალი, რომელსაც მან დაარქვა ინფორმაციისა და რეკლამირების ბიურო. ამ ბიუროს დირექტორად მუშაობდა. ჟურნალი „ახალი ფილმებიც“ მაშინ დააარსა… გაიარა რამდენიმე წელიწადმა და მე გავხდი ამ ჟურნალის რედაქტორი. მერე ბატონმა ჭაბუამ დააარსა ალამანახი „ქართული კინო“. „კაგებეს“ არ მოეწონა სიტყვა „ქართული“ და „კინოს“ სახელწოდებით გამოდიოდა. ასე გაგრძელდა ძალიან დიდხანს, სანამ ბატონი ჭაბუა კინოსტუდიაში არ გადაიყვანეს, სადაც რეზო ჩხეიძემ დააარსა შემოქმედებითი გაერთიანებები. მეორე შემოქმედებითი გაერთიანების თავი იყო ჭაბუა ამირეჯიბი და იქაც წამიყვანა.
ჩვენი „კინოთი“ იქით გადავედით. მოგვიანებით, როცა კაკო დვალიშვილი გახდა კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ისევ „ახალ ფილმებს“ მივუბრუნდი.
– თქვენ თვალწინ იწერებოდა ჭაბუა ამირეჯიბის რომანები – „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“…
– ჭაბუას წიგნების პირველი მკითხველი ვარ. ჩემ თვალწინ იწერებოდა „დათა თუთაშხია“. არავინ დაიჯეროს, რომ ჭაბუამ ვიღაცას მოჰპარა ეს წიგნი, სისულელეა, ვინც ამას იმეორებს. ეს „კაგებეს“ გავრცელებული ჭორია.
ვხედავდი, როგორ იჯდა ბატონი ჭაბუა თავის კაბინეტში და წერდა „დათა თუთაშხიას“, მაშინ იგი კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციისა და რეკლამირების ბიუროს დირექტორი იყო. იქ დაიწერა ეს წიგნი.
ერთ თავს რომ მორჩებოდა, მეძახდა, მოდი, წაიკითხეო. კუთხეში მივჯდებოდი და მარტო ვკითხულობდი ხელნაწერს, მერე მეტყოდა, ახლა ჟუჟუს მიუტანეო, ჟუჟუ იყო ჭაბუას მდივანი. მეც მივუტანდი და ჟუჟუ გადაბეჭდავდა ხოლმე.
მახსოვს, როგორ წაიღო ხელნაწერი ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში. ახლა ჯანსუღთან მივდივარო, გვითხრა, პალტო ეცვა, აბუზული იდგა, ჩვენ გაფაციცებული ველოდებოდით მის დაბრუნებას. გვიან მოვიდა. ჯანსუღმა უთხრა, ეს აუცილებლად უნდა დავბეჭდოო. ჭაბუკა ბედნიერი და გახარებული მოვიდა. ჩემი თანამშრომლები ეხვეწებოდნენ, მოეყოლა, რაზე იყო რომანი. მაგრამ ყველას არ აძლევდა ხელნაწერს…
მერე „გორა მბორგალი“ რომ დაიწყო, ვთხოვე, მეც ამეკრიფა და კომპიუტერში შემეყვანა. რომ არ იციო? ვისწავლი-მეთქი. მართლაც, ვისწავლე.
პირველად ჭაბუკამ რომ გამოსცა „გორა“, 40 ცალი იყო ტირაჟი. მერე უკვე დიდი ტირაჟით გამოვიდა და იმ წიგნის რედაქტორი ვიყავი.
– და მაინც, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მისი მეორე რომანი „გორა მბორგალი“ პირველ რომანთან შედარებით სუსტია…
– „გორა“ არის საოცარი, მისტიკაა, რომ ვიხსენებ, ახლაც მაჟრიალებს. არ არის სუსტი, პირიქით, უძლიერესია.
ჭაბუკამ ეს რომ დაბეჭდა, იყო ერთი ზრიალი. ამას ჭაბუკას და, ნათია ამირეჯიბი ასე გამოეხმაურა – სასწაულია, ბატონო, ჭაბუამ ერთხელ გაიარა მატარებლით სამეგრელოში (დადიანები და შარვაშიძეები ხომ მისი წინაპრები, ნათესავები არიან), გადასარევად აღწერა სამეგრელო და 15 წელიწადი, თითქმი მთელი სიცოცხლე ციხეში რომ გაატარა, იმ ნაწარმოებზე იძახით, სუსტიაო?
მახსოვს, ყოფილი პატიმრები რომ კითხულობდნენ „გორას“, ბევრ რამეს იხსენებდნენ, სწორედ ასე იყოო. სხვათა შორის, ჭაბუკა წინასწარ, სანამ დაიწერებოდა, გვიყვებოდა პასაჟებს მომავალი რომანიდან.
წარსულის წლებიდან გავიხსენებ ასევე ბატონ ფრიდონ ხალვაშს. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბებერი მეგობარი ფრიდონ ხალვაში მოვიდა ჩემთან სამსახურში, მომიტანა ხელნაწერი და მითხრა, ძალიან მინდა წაიკითხოო. ეს იყო მისი მოგონებების წიგნი „ომრი“. ორი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ეს არა მხოლოდ ერთი კაცის თავგადასავალია, არამედ კუთხისა, საოცარი წიგნია. თანაც ენა მხიბლავს. აჭარული დიალექტი საოცრად მშვენიერია. იმდენი ახალი სიტყვა შემოდის. მართალია, „ომრი“ ქართული არ არის, მაგრამ გამჯდარია აჭარულში.
წიგნი რომ გამოიცა, მომიტანა საყვარელი წარწერით, და სულმოუთქმელად წავიკითხე. ბოლოში რომ გავედი, თავზარი დამეცა, ჩემზე ისეთ კარგ რამეს წერდა. ცოტა შემრცხვა კიდეც, ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ…
ღირდა ეს ცხოვრება იმისთვის, რომ ძალიან კარგ ადამიანებს შევხვედროდი.
– ისეთი ეპოქიდან მოდიხართ, წიგნის ფასი იცით…
– ახლა ბევრ რამეს ინტერნეტშიც ვკითხულობ, მაგრამ წიგნს რომ ხიბლი აქვს, ასეთი ხიბლი კომპიუტერს ვერ ექნება. მეგობარი მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი ვახტანგ დოხნაძე, რომელსაც ბრწყინვალე ბიბლიოთეკა აქვს. ახლაც მახსოვს მისი სიტყვები – თუკი სტამბის სუნი არ აქვს შრიფტს, ისე რანაირად წაიკითხავო…
– მუშაობთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“, ჟურნალ „კარიბჭეში“ სტილისტად…
– ახლა არაჩვეულებრივ საქმეს ვაკეთებთ. საქართველოში პირველად „ბიბლიის განმარტებები“ ქართულად გაკეთდა.
23 სექტემბრიდან სერიის „ბიბლია განმარტებებით” გამოცემა „კვირის პალიტრასთან” ერთად დაიწყო. პირველი წიგნი უკვე გამოვიდა. მეორე წიგნი 21 ოქტომბერს გამოვა.
პროექტი თვეში ერთხელ გამოცემულ 15 წიგნს გააერთიანებს. წიგნები ადამიანებს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაეხმარება.ბიბლიის განმარტებები ეყრდნობა წმინდა მამათა კომენტარებს, ჩანაწერებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე.
პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ გამოცემა საქართველოში პირველად დაიწყო. პროექტის ავტორია, ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი.
დიდებული ჟურნალია „კარიბჭეც“. თვეში ერთხელ გამოდის. კარგი ავტორები არიან, გულიანი ხალხია. ღრმად მორწმუნე ჟურნალისტები, წიგნიერი, ძალიან განათლებული გოგონები და ბიჭები მუშაობენ.
– გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ გამოდის „საოჯახო კალენდარი“, რომლის შემდგენელიც თქვენ ხართ…
– პირველი კალენდრის იდეა „კვირის პალიტრის“ პირველ რედაქტორს ლალი გუნთაიშვილს ეკუთვნის. ეს კალენდარი 21 წელს ითვლის. ადრე უბრალოდ „კალენდარი“ ერქვა, ახლა „საოჯახო კალენდარი“ აწერია და შედიან ქართველი პოეტები, საინტერესო ადამიანები, თავმოყრილია ამბები ქართული მწერლობიდან, ქართული წარმართული პანთეონიდან, ქართული ფოლკლორი, ლეგენდები… ინფორმაციას ვაწვდით მკითხველს – საქართველოს ისტორიაზე, ქართველებზე, ქართულ ხასიათზე, ლიტერატურაზე.
მახსოვს, ალეკო ჟღენტმა თქვა, ეს კალენდარი ამ უწიგნურობის ხანაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენასავით“ შემოვიდაო.
ქართული ფოლკლორის მოამაგეებიდან დავასახელებდი კახა ბენდუქაძის დედას, ჯულიეტა რუხაძეს, რომელიც იყო საინტერესო, მრავალმხრივ მოღვაწე ქალბატონი, სწორედ ქართული ეთნოსი აინტერესებდა.
ასევე, აღსანიშნავია ლევან აბაშიძის ბებიის, ფოლკლორისტ ელენე ვირსალაძის არაჩვეულებრივი გამოკვლევები. იქიდანაც ვსარგებლობდი. იმდენად საინტერესოა ქართული ფოლკლორი, ეთნოლოგია, წარმართული პანთეონი შურით ვკვდები, როდესაც რუსეთის ერთ არხზე მხვდება მსგავსი გადაცემა, სადაც ქვეყნის და ერის წარსულის ფესვებს ეძიებენ. გამოდის ქალბატონი, პროფესორი, ლევ ტოლსტოის ძმის შთამომავალი. ბრწყინვალედ იცის ეს ყველაფერი, რომ ვუსმენ, ვბრაზდები, რატომ არ შეიძლება ქართულ ტელევიზიაშიც ასეთი რამის გაკეთება?
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბათუმის უნივერსიტეტში მოღვაწე ფოლკლორისტი, პროფესორი თინა შიოშვილი, რომელიც ალბათ დედის მუცლიდან აგროვებდა ფოლკლორს, საოცარი წიგნები, სერიები გამოსცა. მას მაშინაც კი გადაჰყავდა სტუდენტები და ასპირანტები იქითა საქართველოში, როცა არ შეიძლებოდა. სულ აღწერილი და ჩაწერილი აქვს ყველაფერი.
მან გამოსცა ტაოს ფოლკლორი, კლარჯული ფოლკლორი, დიდი წიგნი ეთნოლოგებთან ერთად. ივანე ჯავახიშვილის პრემია მიანიჭეს ჯგუფს. ახლა მუშაობს შავშეთზე, იმერხევზე…
როგორ შეიძლება იგი გააჩერო მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტში, უნდა ტელევიზიაში მიიყვანო, ალაპარაკო… გაანთლებს, ტვინს გაუხსნის ყველას. უბრალოდ ჩვენს იდენტობას დაანახებს ხალხს. საამისოდ სწორედ ჟურნალისტებმა უნდა იღვაწონ, ბევრი რამ გააკეთონ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ერთმა თურქეთელმა ქართველმა სოფელ ბაზგირეთიდან მითხრა, ოცი წელი დაიგვიანეთ, ამ ოც წელიწადში ვისაც ახსოვდა რაღაც- რაღაცები, ქართული, ისინი უკვე წავიდნენ ამ ქვეყნიდანო.
– ოჯახი…
– ჩემი ძმისშვილებია ჩემი ოჯახი…
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს კითხვა და წანწალი… ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი საქართველო მოვიარე. ძმები ჭილაძეები, ბესიკ ხარანაული ძალიან მიყვარს… ბიბლიაზე აღარაფერს ვიტყვი… სულ შენში არსებობს.
ბიბლიიდან მოდის გამოთქმა, ფეხი დავიწმინდეო… ორივე ბებია ვანელი მყავდა, ძალიან მიყვარდა იქაურობა. იქ სხვა გარემოა. ვანი უფრო თავშენახული მხარეა და ძალიან მიყვარდა ვანიდან წამოსვლა თბილისში. იქ ასეთი რამ იცოდნენ – სტუმარი რომ მოდიოდა, ანდა ოჯახის წევრი მიდიოდა ოჯახიდან სადმე რამდენიმე დღით მნიშვნელოვან საქმეზე, დოქით წყალს გამოიტანდნენ და მიასხამდნენ გზას.
ამას ერქვა წყლის წასხმა. დაუძახებდნენ, წყლის წასხმა არ დაგავიწყდესო, წყალი ასუფთავებს ყველაფერს, წყალი მიედინება, წყალი ცოცხალია. შენი საქმე, რასაც ადგახარ, კეთილად და ისე დამთავრებულიყოს, როგორც სუფთა, წმინდა წყალია და როგორც წყალი მირაკრაკებსო…
ჩვენ წყალმრავალი ქვეყანა ვართ ოქრომრავალის გარდა. მაგრამ, აბა, ჩახედეთ, რა წერია ბიბლიაში წყალზე? წყალი დაასხა იმიტომ, რომ სიკეთე, სიწმინდე, მარადიულობა ამით აღენიშნა…
თამარ შაიშმელაშვილი