მამუკა არეშიძე: ირან-ამერიკის მკვეთრი დაპირისპირებისას საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს

“ფაქტია, რომ ამერიკა და ირანი ომის ზღვარზე დგანან! ამ “დენთის კასრს” ახლა ერთი ნაპერწკალიღა სჭირდება. აქ საინტერესოა კითხვაზე პასუხი: ვის უფრო აწყობს ეს ომი?! ირანს კარგად აქვს შესწავლილი ამერიკის სამხედრო ოპერაციები ავღანეთსა და ერაყში. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ერაყსა და ავღანეთში ამერიკის სამხედრო ოპერაციებმა მთლად ის შედეგი ვერ გამოიღეს, რაც თეთრ სახლს იმთავითვე დაგეგმილი ჰქონდა”, – ასე ეხმაურება ირანსა და ამერიკას შორის განვითარებულ მოვლენებს საგაზეთო ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე.

როგორც “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში არეშიძე ამბობს, ირან-ამერიკის მკვეთრი დაპირისპირებისას, მით უმეტეს ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

“ირან-ამერიკის ასეთი მკვეთრი დაპირისპირებისას და, მით უმეტეს, ომის დაწყების შემთხვევაში, ჩვენმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა არცერთ მხარეს არ აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში შემომსვლელთა და აქ მყოფ უცხოელთა კონტროლი. არ ვიტყვი კონკრეტულად ირანელებზე, თუმცა, როგორც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის დროს, გამორიცხული არ არის დაძაბულობის გადატანის მცდელობა სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც. სხვადასხვა ისლამისტური ელემენტების მხრიდან, მაგალითად, თბილისში ამერიკისა და ისრაელის საელჩოებზე ტერაქტების საფრთხე იზრდება! ასე, რომ, ათასი თვალი და ყური უნდა გამოვიბათ, თორემ ისე აღმოვჩნდებით ომისა და ტერაქტების ქარცეცხლში, ვერც კი გავიგებთ,”- ამბობს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, ირანსა და ამერიკას შორის მუდმივად დაძაბული მდგომარეობა რუსეთს აწყობს.

,,რუსეთს ძალიან აწყობს, რომ ირანი ამერიკასთან მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იყოს. ირანი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ზეიმი აქვთ კრემლში, როდესაც ირანის ნავთობზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ნავთობზე ფასი იზრდება და თავისი ნავთობის მაღალ ფასებში გაყიდვით, რუსეთი სერიოზულად ხეირობს. რა თქმა უნდა, ირანზე ამერიკის თავდასხმას რუსეთი გააპროტესტებს, თუმცა,მას ირანის გაძლიერებაც არ აწყობს,”- აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკამ საუდის არაბეთში ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად, აშშ-მ სპარსეთის ყურისკენ ავიამზიდი ,,აბრაამ ლინკოლნი” და ტაქტიკური ბომბდამშენის ,,B-52″-ის ესკადრილია გაგზავნა.

ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფის ,,ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მეთაური ჰოსეინ სალამი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ირანის ტერიტორიას თავს დაესხმება განადგურებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები