„რას შევცვლიდი ჩემ ირგვლივ? არაფერს, ეს ჩემი ცხოვრებაა“…
ხაშურის რაიონის დაბა სურამში დაიბადა და გაიზარდა. 10 წლის ასაკიდან წერდა. სკოლაშიც ხშირად იყო ლექსად დაწერილი სცენარების ავტორი. ჯერ ჟურნალისტიკის, შემდეგ კომპიუტერული პროგრამების სპეციალობის ფაკულტეტი დაამთავრა.
მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ „დრონიში“. ამბობს, რომ აქვს უმრავი თვისება, რაც ჟურნალისტის პროფესიისთვის მთავარი პრიორიტეტია… თუმცა შეუძლია, ასევე, რომ ნაზი და ლირიკული ლექსები შექმნას.
4 პოეტური კრებულის ავტორი და სამი წიგნის თანაავტორია.
არის „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციისა და საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. დაანონსება არ უყვარს, თუმცა უკვე მრავალი კარგი პროექტი ჩაიფიქრა. მისი მთავარი სურვილი ადამიანების გახარებაა, ბედნიერია, რომ ემსახურება კეთილ საქმეს.
ახლახან, მისი ორგანიზებით, საქველმოქმედო მიზნით, გამოიცა კრებული „თანამედროვე ქართული პოეზია“, რომლის წარდგენაც, 5 ოქტომბერს, „მაგთიკლუბში“ გაიმართება. – ჟურნალისტისა და პოეტის, ხათუნა გელაშვილის პერსონა.
– ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რადგან მყავდა მშობლები, ბებია, ბაბუა, და, ძმა, მამიდა და დიდ ოჯახში ვიზრდებოდი, ყველას მზრუნველობა ჩვენკენ იყო მომართული…
– რა იყო სკოლის პერიოდიდან საინტერესო?
– სკოლაში ხშირად ვატარებდით ღონისძიებებს და ჩემი სცენარის დაწერა მუდამ ლექსად მევალებოდა. ბევრი მეგობრული შარჟი დამიწერია, რომელიც მერე ხელიდან ხელში გადადიოდა.
– ჯერ ჟურნალისტიკის, შემდეგ კომპიუტერული პროგრამების სპეციალობის ფაკულტეტი დაამთავრე… რატომ გადაწყვიტე ჟურნალისტობა?
– 10 წლის ასაკიდან ვწერდი, მქონდა და მაქვს უმრავი თვისება, რაც ჟურნალისტის პროფესიისთვის მთავარი პრიორიტეტია – სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი რთულ სიტუაციებში, ძალიან მიყვარს პრესა და 1 კურსზე უკვე ვმუშაობდი გაზეთ „დრონში“, კულტურის საკითხების ჟურნალისტად.
I კურზე აღმოჩნდა, რომ ჯგუფში 6 ბავშვი ვწერდით ლექსებს, ქართული ენის ლექციას ლექტორი ზაზა გოგია ასე იწყებდა: ბავშვებო, განვიტვირთოთ, ვის აქვს ახალი ლექსი? გთხოვთ წაიკითხეთ, – ასე იწყებოდა ჩვენი ლექციები ტაბიძესთან, სანიკიძესთან, მიშველაძესთან, ბოლოს ლექტორებს გაუჩნდათ იდეა, დაებეჭდათ ჯგუფის საერთო კრებული. ასე დაიბადა ჩვენი პატარა წიგნი ,,დაბადება”.
– პირველი წიგნი როგორ დაიბადა?
– ჩემი პირველი საავტორო წიგნი 2010 წელს დაიბეჭდა, წარდგენა იქ ჩატარდა, სადაც დაიბადა ჩემი პირველი ლექსი – ჩემს სკოლაში. ჩემი ერთ-ერთი წიგნი საბავშვო ლექსების კრებულია, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების ნახატებზე შევქმენი ლექსები და ნახატებთან ერთად შევიტანე კრებულში, ეს პატარა მხატვრებისთვის დიდი მოტივაცია იყო, არ ველოდი იმ რეაქციას, რასაც ბავშვები გადმოსცემდნენ.
მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. წიგნების წასაღებად თაიგულებით მოდიოდნენ და როცა თავიანთ ნახატებს წიგნებში ნახულობდნენ, სიხარულით სავსე მათ თვალებში ჩემი ბავშვობის ახდენილ ოცნებებს ვხედავდი.
მყავს მეუღლე და 2 შვილი, ეს არის ჩემი ყველაზე ძვირფასი და წმინდა საჩუქარი უფლისგან.
– „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის დამაარსებელი ხარ…
– დიახ, დავაარსეთ „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია, ასევე საქველმოქმედო ფონდი. მართალია ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, რომლის ლიდერიც გახლავთ ბატონი კახა კუკავა, მაგრამ პოლიტიკა არ არის ჩემი სტრატეგია, მან მომცა შანსი და მენდო. მე კი ავირჩიე საზოგადოებრივი საქმე, რომლის მიზანია საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
როცა ქვეყანაში მომღერალი მღერის, პოლიტიკოსი პოლიტიკითაა დაკავებული, მსახიობი დგას სცენაზე, მწერალი წერს და მძღოლი საჭესთანაა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ემსახურება იმ საქმეს, რომლის პროფესიონალიცაა და დებს შედეგს.
ჩემი არ არის პოლიტიკა, მე, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს ამ ამპლუაში. ყველაზე მეტად სხვების გაბედნიერება მაბედნიერებს. ასე რომ, ამ გეგმებზე ბევრი არ მიფიქრია. ეს ჩემი შინაგანი მოწოდებაა და ვცდილობ, კეთილი იდეების რეალიზაციას.
– ხარ ამავე ორგანიზაციის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. ვიცი, რომ მრავალი კეთილი საქმე განიზრახეთ… თუნდაც ის, რომ „მაგთიკლუბში“, 5 ოქტომბერს, „თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგენას გეგავთ…
– გამოიცა წიგნი – „თანამედროვე ქართული პოეზია“. ამ პოეტური კრებულის გამოცემის მიზანიც ქველმოქმედებაა. 5 ოქტომბერს „მაგთიკლუბში“ ჩატარდება გრანდიოზული საქველმოქმედო პოეზიის საღამო მხატვრებთან – დეა ქადაგიშვილთან, თამარ ნოზაძესთან და წიგნის თანაავტორებთან ერთად, საღამოზე წიგნების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას მიიღებენ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენი დახმარება ესოდენ სჭირდებათ!
კრებულის თანაავტორები არიან: ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, გაგა გომართელი, თამარ შაიშმელაშვილი, როი აბუსელიძე, საშა გველესიანი, გიორგი გაბაიძე, ვაჩე რაინდელი, ზაზა სუყაშვილი, მაია კახიძე, ლიკა ფარცვანია, ხათუნა გელაშვილი, ვასილ ბესელია, მამა იოსებ ხოხონიშვილი, თენგო ხუციშვილი, შალვა ლონდარიძე, თამარ ხელაძე, ჯაბა ქვლივიძე, ნინო ჩადუნელი, ეთერ ისაკაძე, ბადრი ხურცილავა, თიკო კოლოტაშვილი.
მათ ამ კეთილშობილური მიზნისთვის არ დაიშურეს თავიანთი ლექსები – უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს! ასევე მადლობა მომღერლებს, მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, ვინც გაგვილამაზებს ამ საღამოს მუსიკალურად სრულიად უსასყიდლოდ, ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ვაფასებ.
– სამსახური, პოლიტიკური ორგანიზაცია ალბათ დიდ დროს გართმევთ… რამდენად მოგწონთ ქალი პოლიტიკაში?
– არასოდეს მაქვს უქმად დასახარჯი დრო, ოჯახშიც კი, უბრალოდ ვიცი დროის კარგი დაგეგმარება და ამიტომ ვასწრებ, ვიყო კარგი დედა, მეუღლე, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიზაინერი მეგობარი და თან პოეზიის ასპარეზზე ვცადო ბედი.
– 4 წიგნის ავტორი და სამი წიგნის თანაავტორი ხარ. რომელი კრებული გიყვარს ყველაზე მეტად?
– პოეტს რამდენი კრებულიც არ უნდა ჰქონდეს გამოცემული და რა ასაკშიც არ უნდა იყოს, ალბათ ყოველთვის ბოლო კრებული უყვარს, ყოველი შემდეგი წიგნი გაძლევს გამოცდილებას, უფრო ვითარდები იწაფები, სწავლობ შეცდომებზე და გაქვს განცდა, რომ ეს წინაზე უკეთესია.
ყველაზე ლამაზად მაშინ ჩემს სოფელში საკვამურებიდან ამოსული ბოლი მეჩვენებოდა… სიმაღლიდან ხშირად ვუყურებდი სოფელს და ვითვლიდი საკვამურებს.
– რას შევცვლიდი შენ ირგვლივ?
– რას შევცვლიდი ჩემ ირგვლივ? არაფერს, ეს ჩემი ცხოვრებაა. ყველაფერი მშვენიერია… უბრალოდ ადამიანებმა უნდა შევცვალოთ საკუთარ თავში ბევრი რამ და სამყაროც შეიცვლება…
– სამომავლოდ…
– სამომავლოდ მრავალი გეგმა გვაქვს, ვფიქრობ, დავაგვიანე კიდეც. მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახების დახმარების გარდა, მინდა, აღმოვაჩინო ნიჭიერი პოეტები, მწერლები მხატვრები, მომღერლები, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახდენენ საკუთარი ნიჭის რეალიზებას. ესენი არიან ჩვენი მომავალი.
რაც მეტად საყურადღებოა, ყველაზე მეტად მაღიზიანებს ახალგაზრდა პოეტებისადმი ხალხის მიდგომა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც უხარისხო ლექსზე ქოქოლას აყრიან და ქოლავენ სახალხოდ, ეს მოტივაციას უკარგავს მათ. მინდა ყველამ გაიხსენოს, ცნობადობამდე რა გზა გამოიარეს, გადახედონ 10, 15, 20 წლის წინ დაწერილ თავის შემოქმედებას…
წერაში ვითარდება ადამიანი, რა თქმა უნდა, ცუდი ლექსის ავტორს, რომელმაც დაწერა და განათავსა ინტერნეტსივრცეში, ხოტბა არ უნდა შევასხათ, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ლამაზი ფორმით უნდა მივაწოდოთ, რომ უკეთესის დაწერის სურვილი გაუჩნდეს…
არასდროს მიყვარს რაიმეს წინასწარ დაანონსება, ამიტომ შემდეგ ღონისძიებას საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა ყველა ჩემი შემდეგი პროექტის მიზანი ადამიანების გახარებაა.
– შენი ერთი ლექსი…
***
მე აღარ ვგლოვობ გარდასულ დღეთა
იმედის ჭრელი ჩავიცვი კაბა
და რაც კი დამრჩა სათუთი შენგან
ღრუბლებად ქარი მთებს იქით მარხავს…
– და ვსწავლობ თვალის თვალებში გაყრას
ვივიწყებ ცრემლებს, ვეჩვევი ამინდს,
აპრილის ტყეში იების მაყარს
ვუყვები, როგორ გადამავიწყდი!
ვეჩვევი ძუნწ და ჭყაპიან ზამთარს,
რომ ვერ ვახდენდი ვერც ლექსს
ვერც ზეცას,
(ხანდახან ვარდებს ვილაგებ კართან
და მერე ზარი თავისით რეკავს)…
და ვიწვი…
ლექსში გახვეულ თუთუნს
ვატან ხველებას,
ნერვებს და ხარხარს
და იმ ტყის შფოთვას, ჩიტების ჟღურტულს
ქალაქის ხმაურს ვანაცვლებ ახლა…
– მერე რა…
იყოს მე და მე ჩემში!
შორს დარჩით შენ და
უფალი ჩემგან…
მე თქვენს ტალღაზე პატარა გემში
ვზივარ და ათას სიცოცხლეს ვგეგმავ.
თამარ შაიშმელაშვილი