მამუკა არეშიძე: კვიწინიას მარცხმა აფხაზების ნაწილი გვარიანად აღაშფოთა

ექსპერტი მამუკა არეშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას აფასებს.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა შეცვლილია და აფხაზურ-სომხურმა დაპირისპირებამ სერიოზული მასშტაბები მიიღო.

,,დღეს აფხაზეთში მდგომარეობა შეცვლილია, ვიდრე იყო გუშინ. კვიწინიას მარცხმა აფხაზების ნაწილი გვარიანად აღაშფოთა. უფრო ის აბრაზებთ, რომ საბოლოოდ ისევ მოსკოვში გადაწყდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დე ფაქტო პრეზიდენტი. ამ პროცესმა ძალიან სერიოზული პრობლემები ამოიტანა ზედაპირზე. ეს არის, უპირველესად, ის ეთნოსურათი, რაც აფხაზეთშია შექმნილი- ვგულისხმობ აფხაზურ-სომხურ დაპირისპირებას, რამაც სერიოზული მასშტაბები მიიღო. ეს არ არის მარტივი დაპირისპირება. რომ გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, იქ ისეთი ომი მიმდინარეობს, აფხაზების მხრიდან ისეთი ზიზღი იფრქვევა სომხების მიმართ! არადა, ამ ცოტა ხნის წინ ეს წარმოუდგენელი იყო. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს მომავალში- აცხადებს მამუკა არეშიძე ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

​ექსპერტი ინტერვიუში ე.წ. ცხინვალის რეგიონზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უფრო გააზრებული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო.

,,რაც შეეხება ე.წ ცხინვალის რეგიონს… ახალგორში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ადგილობრივ ოსებს შორის მოწინააღმდეგეები ჰყავს. ნახავთ განცხადებებს, რომლებშიც ისინი კითხულობენ, როცა ნათესავები გვყავს საქართველოში, ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ თუ სავაჭროდ არაერთი ოსი დადის თბილისში, რატომ ვიქცევით ასე, რატომ ვამწვავებთ ვითარებასო?! სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ჯერჯერობით ცხინვალში ამინდს ვერ ქმნიან, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ განწყობის გამოყენებით შესაძლებელია კულუარული მოლაპარაკებები და ამ პრობლემების მოგვარება… გვმართებს უფრო გააზრებული პოლიტიკის წარმოება“,- ამბობს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები