ვინ შექმნა ირანში პირველად ქართული ენის თვითმასწავლებელი და ვის უწოდებენ ფერეიდანში 21-ე საუკუნის იაკობ გოგებაშვილს?

„უკვე 47 წელია, ისპაჰანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხური ენისა და ლიტერატურის კურსები არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ირანში დაახლოებით 300 000 ქართველი ცხოვრობს და თუ ქართული ენის კურსები ირანის რომელიმე უნივერსიტეტში იარსებებს, ჩვენი ახალგაზრდები სწავლას ქართულად გააგრძელებდნენ“ ...

ირანის ფერეიდანში დაიბადა და გაიზარდა. კარგად ახსოვს, ბებია, რომელიც ხუციანთ გვარს ატარებდა, როგორ გამართულად ლაპარაკობდა ქართულად. ქართული ენის შესწავლა ბავშვობიდან სურდა. ინტერესი ნელ-ნელა გაიზარდა და უკვე 20 წელია ფერეიდანელ ქართველებს ქართულ ენას ასწავლის. მას 21-ე საუკუნის იაკობ გოგებაშვილი შეარქვეს ფერეიდანში. საკუთარი ხარჯებით,  ირანში პირველად – „ქართული ენის თვითმასწავლებელი – ფესვები სპარსულენოვანთათვის“ გამოსცა…
ამბობს, რომ მისი მიზანია, ირანის ქართველებმა, ადვილად  შეისწავლონ ქართული ენა, რათა ქართული ენა ირანში უკვდავებას მიეცეს. მომავალში საქართველოს ისტორიის სპარსულ ენაზე თარგმნას აპირებს.
გული სწყდება, რომ ფერეიდანელი ქართველების ცხოვრება საქართველოს სახელმწიფო ინტერესში არ შედის, რაც ძალიან აღელვებს… – ფერეიდანელი პედაგოგის, ჰოსეინ (სოსო) მიქელანის პერსონა.

– დავიბადე, 1959 წლის 23 მაისს, ქალაქ ფერეიდუნშაჰრში, რომელიც ფერეიდანში მდებარეობს. ამ ქალაქს სპარსელები ჯერ ახორებალას ეძახოდნენ, შემდეგში კი მას  ფერეიდუნშაჰრი დაარქვეს, მაგრამ ჩვენ, ფერეიდუნშაჰრის ქართველები, მას სოფელს და ზოგი ქართული სოფლის მოსახლეობა მარტყოფს ეძახდა. ამჟამად ამ ქალაქში დაახლოებით 18 000 კაცი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა (დაახლოებით 80%) ქართველია.
მაშინ, როცა 6-7 წლის ვიყავი, ჩვენს სოფელში  ყველა ქართულად ლაპარაკობდა, ალბათ მაშინ ტერმინი „ ქართული ან ქართველი“ ისე არ იხმარებოდა. სპარსელები გურჯებს გვეძახდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავს „ჩონებურებს“ და ჩვენს ენას „ჩონებურ ენას“ ან „ჩონებურს“ ვეძახდით. მაშინ სულ მეგონა, რომ სკოლაში ჩონებურად ვისწავლიდით და ვერ წარმოვიდგენდი,  რომ სკოლაში სხვა ენაზე ვისწავლიდი. პირველ-ორ წელს ძალიან გამიჭირდა სწავლა სპარსულ ენაზე, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. მეოთხეკლასელი ვიყავი, როცა შემთხვევით მიხვდი, რომ ჩვენს ენას თავისი დამწერლობა გააჩნია.
სკოლაში თანაკლასელები ერთმანეთს წერილს ქართულად, ოღონდ სპარსული ასოებით ვუწერდით. ერთხელ მასწავლებელმა, რომელიც ქართველი იყო, ჩემს ხელში  შეამჩნია წერილი და წაიკითხა. შემდეგ ცალკე გამიყვანა და მითხრა, რომ ქართულ ენას, ან იგივე ჩონებურ ენას აქვს თავისი დამწერლობა. როცა გაიგო, რომ ძალიან დაინტერესებული ვიყავი ქართული ენით, მეორე დღეს ჯერ „დედა ენა“ და შემდეგ კი ჯემშიდ გიუნაშვილის ლექსიკონი მაჩუქა იმ პირობით, რომ არავისთვის გამემხილა, საიდან მქონდა წიგნები  და  მესწავლებინა სხვებისთვის.
მას შემდეგ ჩემი ინტერესი ძალიან გაიზარდა. ახლა, დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, რაც ამ უნიკალურ დამწერლობას ვხმარობ.
– როგორ იზრდებოდით? ალბათ ქართული ენა ბავშვობიდან გასწავლეს… ფერეიდანში ხომ ბავშვებს 6 წლამდე ქართულ ენაზე ელაპარაკებიან?
– მე ქართულ ოჯახში დავიბადე. ჯერ კიდევ კარგად მახსოვს ჩემი პაპა და ბებიები. ჩემი ერთ-ერთი ბებია, რომელიც ხუციანთ გვარს ატარებდა, ძალიან გამართულად ლაპარაკობდა ქართულად.
1934 წლამდე ირანში გვარი არ იხმარებოდა. ჩვენი გვარი მიქელანიც მაშინ შემოიღეს.  მანამდე ყოველი პიროვნების ვინაობა: სახელით, მამის სახელით და პაპის სახელით განისაზღვრებოდა. მაშინ ჩვენი სოფელი უბნებად  და მისი სამეურნეო მიწები მაზრებად იყო დაყოფილი. იყო დავუთაანთ, ხუციაანთ, მიქელაანთ, სეფიაანთ, გუგუნაანთ, ლაჩინაანთ, ასფანიანთ, უსტიაანთ, მასიტაანთ და სხვა უბნები და მაზრები. ამ უბნების მიხედვით გვარები აურჩევიათ. ჩვენი უბნის სახელი იყო მიქელანი და გვარიც მიქელანი მივიღეთ. ახლა არ ვიცით, საქართველოში რომელ საგვარეულოს ვეკუთვნით. მითუმეტეს, ახლახან  გავიგე, რომ საქართველოში მიქელაძების გარდა მიქელაშვილებიც ცხოვრობენ.
როგორ ინარჩუნებენ ქართველობას და ტრადიციებს ფერეიდანში?
– აქ, ჩვენთან, შეიძლება ითქვას, რომ აქაური ქართული საზოგადოება ორ ჯგუფად იყოფა. პირველი  ჯგუფი ძალიან ცდილობს, რომ შვილებთან დაბადებიდანვე ქართულად ილაპარაკოს, ამას თავისი სიძნელეები აქვს. როგორც მოგეხსენებათ, აქ ყველაფერი სპარსულ ენაზეა. მეორე ჯგუფი კი, თავიდანვე,  შვილებთან სპარსულად ლაპარაკობს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქართული ენის შენარჩუნებას.
დედასამშობლოსგან სიშორისა და უკავშირობის  გამო,  400 წლის განმავლობაში, თანდათან, ქართული ტრადიციები დაიკარგა, მაგრამ ამ 20 წლის მანძილზე კარგი ურთიერთობა დამკვიდრდა, ნელ-ნელა ქართულ ტრადიციები უბრუნდება ამ მხარეს. ჩვენი ახალგაზრდები უკრავენ, მღერიან და ცეკვავენ ქართულად. ჩვენი ქალბატონები ამზადებენ ქართულ კერძებს, კერავენ ქართულ კაბებსა და ჩოხებს, იწერება და იბეჭდება ქართული წიგნები.
– ქართული ენის პედაგოგი ხართ…
– დაახლოებით 20 წელია, რაც მსურველებს ქართულ ენას ვასწავლი, მაგრამ ხუთი წელია, რაც ოფიციალურად ვარ უცხო ენების სასწავლებელში. მოსწავლეები, უმეტესად, ქართველები არიან, ზოგმა ფერეიდანული  საუბარი იცის, ზოგმა კი ისიც არ იცის. მეორე ჯგუფში ისინი არიან, ვისთვისაც მშობლებს ქართული არ უსწავლებიათ.
– „ქართული ენის თვითმასწავლებელი – ფესვები სპარსულენოვანთათვის“, – სახელმძღვანელო დაწერეთ…
– ამ ოცი წლის განმავლობაში, ქართული ენის შესწავლისთვის რამდენიმე წიგნი გამოვიყენე: „დედა ენა“, „ქართული ენა არაქართველებისთვის“, „თავთავი“, „აღმართი“…
ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ საჭირო იყო სახელმძღვანელოს შექმნა, რათა სპარსულენოვანი ირანის ქართველებისთვის ადვილი გამხდარიყო ქართული ენის სწავლა. ამიტომ ამ დასკვნამდე მივედი და ხუთი წლის შრომის შემდეგ, ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, საკუთარი რესუსებით,  გამოვაქვეყნე პირველი თვითმასწავლებელი ირანში. ამ წიგნში  ქართული ანბანი და ქართული ენის სრული გრამატიკაა გაერთიანებული და მას „ფესვები“ ვუწოდე.
ჩემი მიზანია, ყველა სპარსულენოვანმა, განსაკუთრებით ირანის ქართველებმა, ადვილად  შეძლონ ქართული ენის სწავლა, რათა ქართული ენა ირანში უკვდავებას მიეცეს.
– ფერეიდანელები თქვენი წიგნის 13 კურსის გავლის შემდეგ ქართულ ენას სწავლობენ… სად ასწავლიან თქვენი წიგნებით?
– ქართული ენის შესწავლა 20 წლის წინ მეჩეთიდან დავიწყე. იქ, საღამოობით, კვირაში სამჯერ, თავს იყრიდნენ ქართული ენის შესწავლის მსურველები – 7 წლიდან 70 წლამდე ასაკის ქართველები და დაქსეროქსებული „დედა ენის“ წიგნით დავიწყეთ ენის შესწავლა.
მრავალმა დაინტერესებულმა პირმა გამოთქვა შესწავლის სურვილი. დაახლოებით ხუთი წლის წინ ოფიციალურად დავიწყეთ ქართული ენის შესწავლა სასწავლებლებში – ისპაჰანში, ნაჯაფაბადში, ფულადშაჰრში და ჩვენს სოფელ ფერეიდუნშაჰრში. მას შემდეგ უამრავმა ქართველმა  შეისწავლა წერა-კითხვა.
– 21-ე საუკუნის იაკობ გოგებაშვილსაც გიწოდებენ…
– იაკობ გოგებაშვილის წოდება დიდი ღირსეული ადამიანის წოდებაა, მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ და მხოლოდ   იმას ვაკეთებ, რაც   ერთ ქართველს ევალება.
– რამდენ ადამიანს შეასწავლეთ ქართული წერა-კითხვა?
– ზუსტად არ ვიცი, აქამდე რამდენ ადამიანისთვის შემისწავლია ქართული წერა-კითხვა, მაგრამ  ამ ხუთი წლის მანძილზე, დაახლოებით,  600 კაცს  მოუმართავს ჩემთვის ქართული ენის შესასწავლად.
საქართველოში ვისთან გაქვთ ურთიერთობა, რომელ უმაღლეს სასწავლებელთან?
– სამწუხაროდ, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელთან კავშირი არ მაქვს, მაგრამ ქართველს მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მცირე კავშირები მაქვს.
– რომელი ქართველი მწერლები გიყვართ?
– ქართველ მწერალს თუ პოეტს თავისი ადგილი გააჩნია. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მომწონს. მაგრამ ის პოეტები, რომლებსაც პატრიოტულ თემაზე ლექსები უთქვამთ, ან ახლა ამბობენ, უფრო მიმზიდველნი არიან ჩემთვის.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი, ბიჭი და გოგო. ორივემ უმაღლესი დაამთავრა. გოგო ჩვენთან, ირანში, ცხოვრობს, ბიჭი კი წელიწადნახევარია  საქართველოშია და თავისი ბიზნესი აქვს. შვილებმა საქართველოს მთავრობისგან  მოქალაქეობის მიღების თაობაზე ორჯერ უარი მიიღეს, მეუღლემ კი – ერთხელ.
– რამდენად მრავლდება ფერეიდანის ქართველობა და ინარჩუნებს თავის მეობას?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი საზოგადოება ორ შტოდ იყოფა. ერთი გააგრძელებს ქართულ ცხოვრებას და მეორე კი გადაშენდება. ალბათ ამ ბოლო წლებში მოტივი ქართული ენის მიმართ იზრდება და ის ბავშვები, რომლებსაც მშობლებმა არ ასწავლეს ქართული ენა, ახლა სასწავლებლებში ეუფლებიან მშობლიურ ენას.
– სამი ფერეიდანელი მთამსვლელი ახლახან ფეხით ჩამოვიდა საქართველოში…
– სამივეს კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. მათ დიდი საქმე გააკეთეს, ისინი ჩვენი მართალი ელჩები არიან. ქართულმა საზოგადოებამაც ძალიან კარგად მიიღო და დიდი პატივი მოგვანიჭეს ჩვენ – ფერეიდანელებს, ამას დიდი ფასი აქვს.
– სამი წლის წინ ფერეიდუნშაჰრის (მარტყოფის) შესასვლელში ქართული ანბანის ძეგლი დაიდგა, მაგრამ მღელვარება მოჰყვა…
– ამ ბოლო წლებში ქართული ანბანის ძეგლი – ქართული ასოებით გამოსახული სიტყვა „ალაჰი“  ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძეგლად ქალაქის ცენტრში დადგა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებით მაშინვე აიღეს…
– როგორ ცხოვრობენ ფერეიდანელები, ქართული ადათ-წესებიდან რა შეინარჩუნეს?
– ჩვენ, ფერეიდანელ ქართველებს, ჩვეულებრივი ცხოვრება გვაქვს. ვცდილობთ ქართველ ოჯახებთან დაოჯახებას. ქართული ადათ-წესებიდან ზოგი შემორჩეულია, ზოგი აღარ არსებობს. სამწუხაროდ, ფერეიდანელი ქართველების ცხოვრება საქართველოს სახელმწიფო ინტერესში არ შედის, რაც ძალიან გვაღელვებს. აქ, ირანში, ჩვენ გურჯებს და ქრისტიანებს გვეძახიან,  თქვენთან კი – გადაშენებულ თათრებს. ჩვენ თვითონაც არ ვიცით, ვინ ვართ.

რეზო დავითაშვილის ნახატი

უკვე 47 წელია, ისპაჰანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სომხური ენისა და ლიტერატურის კურსები არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
აქ მრავალი ადამიანი დაინტერესებულია ქართული ენით. ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ირანში დაახლოებით 300 000 ქართველი ცხოვრობს და თუ ქართული ენის კურსები ირანის რომელიმე უნივერსიტეტში იარსებებს, ჩვენი ახალგაზრდები ქართულ ენაზე სწავლას გააგრძელებდნენ და ქართული ენა ირანში უფრო გავრცელდებოდა.

– ჰობი…
– ჩემი ჰობი არის, წიგნების კითხვა, თარგმნა, ქართული ენის უფრო მაღალ დონეზე სწავლა, რომლისთვის ვიყენებ ინტერნეტს, ვუსმენ ქართულ მუსიკას, მიყვარს მოგზაურობა და…
– რას აპირებთ სამომავლოდ?
– მომავალში მინდა ვთარგმნო საქართველოს ისტორია სპარსულ ენაზე. ამჟამად კონსულტაციებს ქართველ ისტორიკოსებთან გავდივარ. ჯერ არ ვიცი,  რომელ წიგნს გამოვიყენებ. ვაპირებ საქართველოში ცხოვრების გაგრძელებას, თუ პირობები გამიმართლებს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები