„რაც შენს სულშია და რასაც გულით გრძნობ“…
ხატვა, ქარგვა, კერვა, ძერწვა, კოლაჟების შექმნა… – მისი ბავშვობის სიყვარულია. საბოლოოდ, ხელოვნების სიყვარულმა განაპირობა მომავალი პროფესია – დიზაინერობა და სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრებისთანავე თავისი პროფესიით მუშაობდა.
დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და მისი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდში შეისწავლა ბატიკის ტექნოლოგია. ძირითადად, ხატავს ფერწერაში ზეთის საღებავებით და ქმნის ბატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს. მის შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე ამერიკაშიც იცნობენ.
ხატვასთან ერთად, ხელით მოხატული უამრავი დეკორატიული ნივთის ავტორია.
ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ. შეიძლება სტილი შეიცვალო, მაგრამ რაც შენს სულშია და რასაც გულით გრძნობ, ნახატებში სწორედ ეს აისახება.
პირველი პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა თბილისში. ახლო მომავალში უკვე ამერიკაშიც გეგმავს პერსონალურ გამოფენას. – მხატვარ თამარ მოსულიშვილის პერსონა.
– ოჯახში ხელოვანი არავინ მყავდა, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ქარგვა, კერვა, ძერწვა, კოლაჟების კეთება. ვაგროვებდი ქვებს, ფოთლებს და ამით ნახატებს ვაწყობდი. ყველაფერს ვინახავდი, ქსოვილის პატარა ნაკუწებისგან თოჯინებს კაბებს ვუკერავდი. მაშინ გაუაზრებლად ხდებოდა ეს ყველაფერი და ვერც ვხვდებოდი, რომ მომავალში ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა. ხელსაქმე ძალიან მიტაცებდა, ჩემით ვისწავლე ქარგვა და ამას დიდი სიყვარულით და ინტერესით ვაკეთებდი. მოგვიანებით, სტუდენტობის პერიოდში, ქარგვის მასწავლებელიც კი გავხდი და ჩემზე გაცილებით უფროსებს ვასწავლიდი.
– რატომ აირჩიე მოდის დიზაინის პროფესია?
– პროფესიის არჩევაზე ბევრი არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და რა მანიჭებდა ბედნიერებას. ჩემი ყველა ინტერესი გავაერთიანე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მოდის დიზაინზე ჩამებარებინა, სადაც ქსოვილზეც მომიწევდა მუშაობა, ხატვასაც ვისწავლიდი და ხელსაქმისადმი მთელ ჩემს სიყვარულს გამოვიყენებდი.
ხელოვნებისადმი ჩემი ინტერესის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი მშობლებისთვის. მაშინ, როცა უმეტესობა, ვინც სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, ხელოვანთა ოჯახში იზრდებოდა და ნიკოლაძეს ან თოიძეს ამთავრებდა აკადემიაში ჩაბარებამდე, მე მხოლოდ ორი წელი ვისწავლე სამხატვრო სკოლაში, სადაც არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, ქალბატონი მაყვალა ხუციშვილი, ვინც კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ხატვა. 2- წლიანი სწავლის შემდეგ პირდაპირ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში.
– ბოლო 5 წელია, ფერწერაში და ბატიკაზე აქტიურად მუშაობ, რომლითაც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაგიცნეს… ალბათ ამით ცხოვრების ახალი პერიოდი დაიწყო…
– ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, თუ რამე ახალი შეიძლებოდა მესწავლა, ყველაფერს ვსწავლობდი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დავიწყე მუშაობა, კომპანია „Vanilla Event“-ისთვის სარეკლამო ფორმების დიზაინს ვაკეთებდი და ვკერავდი. ფერწერა ჩვენი ფაკულტეტისთვის მთავარი საგანი არ იყო, მაგრამ ხატვას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ხშირად ჩემს ნამუშევრებს საუკეთესო საკურსო გამოფენისთვისაც ირჩევდნენ, რომელიც ყოველ წელს იმართებოდა აკადემიის საგამოფენო დარბაზში.
აკადემიის დამთავრებისთანავე ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა ცნობილ დიზაინერთან, გიორგი შაღაშვილთან, სადაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე.
მუშაობის პერიოდში, სამწუხაროდ, დრო არ მრჩებოდა ფერწერისთვის. მხოლოდ რამდენიმე ნახატი დავასრულე.
დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვდიოდით. ამიტომ მუშაობისთვის თავი დანებება მომიწია. სწორედ აქედან დაიწყო კიდევ ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ჩემი პროფესიული მიმართულება შევცვალე და დავიწყე ფერწერაში მუშაობა. ამ პერიოდში შევისწავლე ბატიკის ტექნოლოგიაც და ჩემს თავზე მუშაობას დღემდე აქტიურად ვაგრძელებ. ახლა სწორედ ის პერიოდი მაქვს, როცა ჩემს შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც ვაცნობ ხალხს. ამ ეტაპზე, ძირითადად, ვხატავ ფერწერას ზეთის საღებავებით და ვქმნი ბატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს.
– შეერთებულ შტატებში ქართულ საკვირაო სკოლაში ასწავლი ხატვას. ასევე გყავს კერძო მოსწავლეებიც…
– შეერთებულ შტატებში 3 წლის წინ ჩამოვედი. მალევე ჩავერთე შემოქმედებით ცხოვრებაში. აქ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ვასწავლი ხატვას.
მყავს კერძო მოსწავლეებიც და ვატარებ ვორკშოპებსაც (სემინარებსაც). აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს სურვილი, ისწავლოს ხატვა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვის შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებას, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში. უფრო მეტად აფასებენ ხელნაკეთ ნივთებს. თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ საქართველოშიც დიდი ცვლილებებია, რაც ძალიან სასიხარულოა.
– საინტერესოა ბატიკით შექმნილი ძველი თბილისის ხედები, რომლებმაც საფრანგეთის საელჩოში ფრანკოფონიის ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორ ფიქრობთ, რატომ მოსწონთ უცხოელებს ეს ნამუშევრები?
– ჩემთვის ბატიკა მხოლოდ რეზერვის სითხის ხაზებს შიგნით ჩასხმული ფერი არ არის. ბატიკასაც ფერწერის მსგავსად ვქმნი, არ ვიყენებ პირდაპირ ფერს, ყოველთვის ვაზავებ და თვითონ ვადგენ ფერებს.
ვხატავ აკვარელის პრინციპით. ვატარებ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ეფექტით და ვთამაშობ უხვი ფერების მონაცვლეობით. ალბათ ეს ხდის განსხვავებულს და გამორჩეულს ჩემს ნამუშევრებს, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებს. ამასთანავე, ძველი თბილისი თვითონ არის ისეთი ფერადოვანი და ლამაზი თავისი აივნებით და სტილით, რომ ეს ყველა ეროვნებისთვის საინტერესო და განსაცვიფრებელია.
– მოწონება არც ამერიკაში გაკლია… ძირითადად, ვინ იძენს თქვენს ნამუშევრებს და რას გაიხსენებდი საინტერესოს…
– პირველი ჩემი ნამუშევარი საქართველოში ამერიკის საელჩოში გამართულ გამოფენაზე გაიყიდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა და საკუთარ თავზე მეტი მემუშავა. ახლა, ძირითადად, უფრო ამერიკაში ყიდულობენ ჩემს ნახატებს როგორც აქ მცხოვრები ქართველები, ასევე უცხოელებიც. ხშირად ვმუშაობ შეკვეთებზეც. სასიხარულოა, როცა ამდენი დადებითი ემოცია მოდის ხალხისგან.
– საინტერესოა ხელით მოხატული სხვადასხვა დეკორატიული ნივთი… როდიდან დაინტერესდი ამ ხელოვნებით და, ძირითადად, რა ნივთები მოხატე?
– ხატვის სიყვარული ჩემში იმდენად მძაფრია, ირგვლივ, რასაც ვუყურებ, ყველაფერი მოხატული წარმომიდგენია. ვხედავ ნივთს და გონებაში ვხატავ მას. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ძველ უმნიშვნელო ნივთებს ფერებით ახალ სიცოცხლეს ვძენ. უამრავი ნივთი მოვხატე. ეს არის – სკამები, სანათები, ხის დაფები, პატარა მაგიდები. ხელსახოცების ჩასადები, დეკორატიული თეფშები თუ სხვა მრავალი.
ასევე აქტიურად ვხატავ აბრეშუმის ბალიშის პირებს და შარფებს. გეგმაში მაქვს მაგიდის ხელსახოცების მოხატვაც.
– აქტიურად მონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში...
– გამოფენებში ხშირად ვმონაწილეობ. ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებ, იქ ყოფნის დროს ვხატავ რამდენიმე ნახატს, რომელსაც გამოფენისთვის და კატალოგისთვის ვტოვებ.
მინდა საქართველოშიც ამერიკის მსგავსად აქტიური ვიყო. ეს ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ვიძენ მეტ გამოცდილებას. ვისმენ რჩევებს, ვიმუხტები ახალი ემოცებით და ახალი შემართებით მუდამ მუშაობისკენ ვარ მომართული.
დიდი ხანია, ვგეგმავდი პერსონალურ გამოფენას, მაგრამ რადგან წელიწადის დიდ დროს ამერიკაში ვატარებ, შესაბამისად, აქ ვხატავ.
ორი კვირის წინ, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, გაიმართა ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც 40-მდე ის ნამუშევარი გამოვფინე, რომელიც საქართველოში დავხატე. წარმოდგენილი მქონდა როგორც ფერწერა, ასევე ბატიკაც.
– გამოფენაზე ულამაზესი იყო ბროწეულები და ყურძნის მტევნები… მართალია, ახლა ამერიკაში ცხოვრობ, მაგრამ ქართულ პეიზაჟებს და კულტურას ალბათ ვერ მოწყდებით…
– არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ. შეიძლება სტილი შეიცვალო, მაგრამ რაც შენს სულშია და რასაც გულით გრძნობ, ნახატებში ეს აისახება. მართალს ბრძანებთ, ჩემს ნამუშევრებში ხშირად შეხვდებით ბროწეულებს, ყურძენს და ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მათ მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვთ და ამიტომ დომინირებს ჩემს ნამუშევრებში.
– ოჯახი…
– ოჯახის ყველა წევრი მხარში მიდგას, ყველას ძალიან უხარია ჩემი თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი. ყველანაირად ხელს მიწყობენ და მეხმარებიან. პირველი კრიტიკოსი და შემფასებელი ჩემი პატარა შვილია. დახედავს ნახატს და იტყვის – „დედიკო, რა ლამაზია“.
ეს სიტყვები ბევრს ნიშნავს ჩემთვის… ალბათ მხოლოდ ამ სიტყვებისთვის მაინც დავხატავ, ხშირად მონაწილეობის მიღებაც უნდა პროცესში და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მისი გაფუჭებულის გამოსწორება დამჭირვებია და საბოლოო ვერსია ჩანაფიქრზე უკეთესიც გამოსულა.
– ჰობი…
– მიყვარს ისეთ ადგილებში სიარული, სადაც ახალი იდეებით ვივსები. ხშირად დავდივარ გამოფენებზე, მუზეუმებში. ვსეირნობ ბუნებაში. ასევე მიყვარს ფოტოხელოვნება. ვიღებ სურათებს და შემდეგ ხშირად ამ კადრების მიხედვით ვხატავ ახალ ნამუშევრებს.
– სამომავლო გეგმები...
– ახლო მომავალში უკვე ამერიკაშიც ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას. ვაპირებ, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება.
თამარ შაიშმელაშვილი
Top of Form
Bottom of Form