პაატა სალია: მელაძემ თქვას, ვინ აიღო ბონუსები და რატომ, როცა თანამშრომლებს ხელფასები გაყინული ჰქონდათ
რა თანხაზე საუბრობს ქიბარ ხალვაში და როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია – ამის შესახებ „რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუში ისაუბრა.
-„რუსთავი 2’’-დან ამდენი თანამშრომლის წასვლას არ ველოდი. მგონი, ბევრი დაბრუნდება, მალე დარწმუნდებიან, რომ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დარღვევების გამო გავათავისუფლე.
-თანამშრომლები რომ გვარამიას აჰყვებოდნენ, მოსალოდნელი არ იყო? თქვენ რას აკეთებდით მათ შესაჩერებლად?
-არ ვერეოდი და ხელს არ ვუშლიდი ჟურნალისტურ საქმიანობაში. არც ერთი მითითება, უარყოფითი კომენტარი ჩემგან არ მიუღიათ. ჰკითხეთ ნებისმიერს…
-მელაძის თქმით, იყო შავი სია, თუ ვინ უნდა გაგეშვათ.
-მელაძემ იმაზე ილაპარაკოს, ვინ აიღო ბონუსები და რატომ, როცა თანამშრომლების ხელფასი გაყინული ჰქონდათ.
-როგორც განმარტეთ, მელაძე, ლაფერაშვილი და სხვები შინა ომების თავიდან ასაცილებლად დაითხოვეთ…
-სანამ ეს მოხდებოდა, გვარამია აცხადებდა, რომ თავის გუნდთან ერთად ახალ ტელევიზიას აკეთებს. ჰკითხეთ, სად არის ის გუნდი? ეს ხომ ის გუნდია, რომელიც ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები იყვნენ? სანამ მე ვინმეს გავათავისუფლებდი, უკვე არსებობდა გუნდი, რომელიც პარალელურად მუშაობდა ახალ ტელევიზიაზე. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო წმინდა სამართლებრივი – ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ანუ აკეთებ ერთ ტელევიზიას და მეორეში მუშაობ. პარალელურად, კომპანიის დაზარალების ხარჯზე მიღებული აქვთ თანხები არა პრემიებად, არამედ გადასახადების გადაუხდელად ისე, რომ სხვა არ იციან. ეს ფული ტელეკომპანიას უნდა გადაენაწილებინა ხელფასებსა და სხვა ხარჯებზე, მაგრამ რამდენიმე პირზე გადანაწილდა.
– გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს მიღების უწყისებიც ააფრიალონო…
-არსებობდა „ინტერმედია პლუსი“, სადაც გვარამიას 30% -ში მასთან დაახლოებული პირი ჰყავდა ჩასმული. ეს კომპანია „რუსთავი 2“- ის სარეკლამო დროის გაყიდვით იღებდა ფულს. „რუსთავი 2“-მა ამ დროს დაახლოებით 10 მილიონი იზარალა, ამ კომპანიამ კი 5 მილიონი მოგება ნახა. მილიონ 700 ათასი, გვარამიას სანდო პირმა გაიტანა – მილიონ 600 ათასი შემოვიდა „რუსთავი 2“- ში , მაგრამ მილიონ 100 ათასი არ შემობრუნებულა, ამიტომ რას გულისხმობს ლაფერაშვილი, მაინტერესებს. თუ სასამართლოში აპირებს მისვლას, წავიდეს.
-ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე დისკრიმინაციაში გადანაშაულებთ იმის გამო, რომ მას კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.
– დამირეკეს სახალხო დამცველიდან და განვმარტე – ფინანსური პრობლემები იყო და ასეთ მდგომარეობაში მარტო კვესიტაძე ან2-3 პირი არ არის. კომპანიაში არიან თანამშრომლები, რომლებსაც ჯერ კიდევ 2007 წელს გაუყინეს ხელფასები. ფინანსური პრობლემები გადაიჭრება და უპირველესად, დავაკმაყოფილებთ დაბალხელფასიან თანამშრომლებს, რომლებსაც 100-500 ლარამდე ჰქონდათ. ასე რომ, ვისაც ხელფასი ეკუთვნის, ყველა მიიღებს.
წყარო:’’კვირის პალიტრა“