„მთავარი მაინც ბავშვის სულია“ – პედაგოგი და ლამაზად შვილების გამზრდელი დედა აჭარიდან

45 წელია სკოლაში მუშაობს და ბავშვებს ერთგულად ემსახურება. ქობულეთის მუნიციპალტეტის სოფელ ლეღვას 1 საჯარო სკოლის  მასწავლებელია. არ დარჩენილა ჯილდო, რომელიც როგორც  საუკეთესო პედაგოგსა და აღმზრდელს, არ მიეღოს. უამრავი ქების სიგელი და დიპლომი მისი თავდაუზოგავი შრომის ამსახველია, ასევე –  უფროსი მასწავლებლის წოდება.
სოფელში მას ლამაზად შვილების გამზრდელ დედასაც ეძახიან, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,  სამი ვაჟი მარტოდმარტომ აღზარდა…  ჩინებული ოჯახის დედისა და ბებიის სახელი კი დაიმკვიდრა…
დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ნარგიზ ღაღაიშვილის პერსონა.

 – დავიბადე ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, მყავს ორი და და ძმა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მაშინდელი წეს-ჩვეულების მიხედვით, ადრეულ, 17 წლის ასაკში გამათხოვეს, მეუღლე ენვერ ტაკიძე აგრონომი იყო, სასოფლო-სამეურნეო განხრით დაამთავრა უმაღლესი. სამი ვაჟი შეგვეძინა.
რაც თავი მახსოვს, სულ ვსწავლობდი. დავამთავრე უცხო ენების ფაკულტეტი, ფრანგული ენის განხრით. მაგრამ სადაც გავთხოვდი, ლეღვაში, ირგვლივ ყველგან, ქაქუთსა თუ მუხაესტატეში, სადაც კი შეიძლებოდა მემუშავა, ყველგან სწავლობდნენ ინგლისურ  ენას. ამიტომ ამ განხრით ვეღარ ვიმუშავე.
მერე ხელმეორედ სკოლაში მაშინ მივედი, როცა სამი ვაჟის დედა ვიყავი – უფროსი პირველ კლასში სწავლობდა, უმცროსი კი მხოლოდ 3 წლის იყო.
მანამდე ოჯახმა  ხელი შემიწყო და  ჩემით, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ბავშვს რომ დავაწვენდი,  ღამე აკვანს ფეხით ვარწევდი და ისე ვმეცადინეობდი. გამიმართლდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მოვხვდი დაწყებითებზე და 1978 წელს დავამთავრე.
1978 წლის 1 იანვრიდან დავიწყე მუშაობა ლეღვას №1 საჯარო სკოლაში. თუმცა დაწყებით კლასებში მუშაობის 2 წლის სტაჟი უკვე მქონდა. დღემდე  ლეღვას №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ.
– გამოდის, რომ დაახლოებით 45 წელი მოსწავლეთა აღზრდას ემსახურებით, მრავალი ჯილდოც მიიღეთ…

უმცროსი შვილის – მათე ტაკიძის ოჯახი

–  ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. გასულ წელს გულის ოპერაცია გავიკეთე და ვერ დავდიოდი სკოლაში. მთელმა საავადმყოფომ გაიგო, როგორ მაბოდებდა ბავშვებზე, ვნერვიულობდი, ბავშვები შუა გზაში დავტოვე-მეთქი.
45 წელია სკოლაში ვმუშაობ, ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა რამე ჯილდო, რომ არ მიმეღოს საქართველოს და აჭარის მასშტაბით, მუნიციპალიტეტი იქნება, გამგეობა, თუ სკოლა. დაწყებული უფროსი მასწავლებლის წოდებიდან, ქების სიგელებით და დიპლომებით დამთავრებული.
ჩემმა შვილმა მათე ტაკიძემ, რომელმაც  სამწელიწადნახევარი იმუშავა აჭარაში, განათლების მინისტრად, თუ რამე ჯილდო შეიძლებოდა, მოეცათ,  ყველაფერზე უარი თქვა, რადგან დედამისი ვიყავი…
– ალბათ დამეთანხმებით, დაწყებითი კლასების მასწავლებლად რომ მუშაობდე, ბავშვები ძალიან უნდა გიყვარდეს…
– ბავშვები ყოველთვის მიყვარდა… თუ ჩემში რამე ძალა და ცოდნა არის, მინდა, მათ  უკლებლივ გადავცე.
მეუღლე რომ გარდამეცვალა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბავშვებისთვის არ მიგრძნობინებია. მოსწავლეებს როგორ გავაგებინებდი, რომ ჩემი გული სევდიანი იყო. პირიქით, მათ მუდამ ვუქმნიდი დადებით განწყობას, რომ დღე წარმატებით ჩაემთავრებინათ. დღესაც ასე ვმუშაობ. ჩემი მიზანი, ბავშვების გაბედნიერებაა.
– როგორი თაობა მოდის?

შვილებთან ერთად

– ადრე დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა, რომ ბავშვები შრომის რეჟიმისთვის შეგვეჩვია. ახლა ეს აღარ არის აუცილებელი, უფრო გათვითცნობიერებული თაობა მოდის და ადვილად ვმუშაობთ ბავშვებთან. როგორი პრობლემური და კრიტიკული კითხვაც უნდა დასვა, ყველაზე პასუხს მიიღებ. ახლანდელ ბავშვებს, ამ თაობას აზროვნების მეტი უნარი აქვს.
– შეიძლება ეს თანამედროვე ტექნოლოგიებმაც განაპირობა…
– კი, შეიძლება, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, მხოლოდ კომპიუტერით წერა-კითხვას ნამდვილად ვერ ისწავლი. მე, პირადად, გაკვეთილის ახსნისას ყოველთვის თვალსაჩინოებას ვიყენებ. ბოლო 5 წუთს ვიტოვებ, ვაჩვენებ და ვაჩვევ მათ, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი. ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს, კალმით უნდა მიეჩვიოს წერას. ამავე დროს, ტექნოლოგიები გაათვითცნობიერებს, მაგრამ წიგნი მაინც სხვაა,

რძალი – რიტა გიორგაძე

ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ბავშვებს წიგნი და წიგნთან მუშაობა შევაყვარო.
სამწუხაროდ,  თანამედროვე ახალგაზრდობამ წიგნი გვერდით გადადო.
ახლა გამოვიდა ტესტები. გამოცდებზე ზოგი ისეთი გავა, საერთოდ არ იცის ნაწარმოები, მაგრამ იღბლის წყალობით შეიძლება მოარტყას და გავიდეს.  თუ ტექსტი იცის და ბავშვს შეუძლია მასზე მუშაობა, მას არ სჭირდება კომპიუტერი, აზროვნებით, შეგნებით ხაზავს პასუხს.
– დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად რამდენად ფაქიზად ჩამოყალიბდება ბავშვის სული. დღესდღეობით მოზარდებში სისასტიკე შეიმჩნევა… თქვენი აზრით,  რისი ბრალია ეს?
– ბავშვის ჩამოყალიბება, უწინარესად, ოჯახიდან იწყება. თუ ოჯახში  უყურებს მშობლების ჩხუბს, იქ მძიმე სიტუაცია, ბავშვი სკოლაში მოდის და სული დამძიმებული აქვს. ეს მასწავლებლის თვალს არ გამოეპარება…  ასეთ დროს  ცალკე შეხვედრებს ვუწყობ, ვესაუბრები ბავშვებს… მით უფრო, სოფელში ყველამ ყველას ოჯახის ამბავი კარგად იცის. ყოველთვის ვცდილობდი, კარგი სულიერი განწყობა შემექმნა მათთვის. ბავშვის სულის ჩამოყალიბებაში მასწავლებლების როლიც დიდია, მაგრამ ძირითადად, ოჯახი  განაპირობებს.
– სამწუხაროა, რომ ოჯახები გაყოფილია, ზოგი მშობელი საზღვარგარეთ არის წასული, ბავშვს კი ყურადღება და ოჯახური სითბო აკლდება…

რძალი – თამუნა კობალაძე

– კი, ამ გარემოებამაც ამანაც დიდი კვალი დაამჩნია ოჯახებს. მაგრამ ზოგჯერ საპირისპირო შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, მყავდა ერთი მოსწავლე, რომლის დედაც თურქეთში იყო წასული. ცოლ-ქმარი გაცილებული იყო, სამ ბავშვს ბებია ზრდიდა. სამივე უნიკალური ნიჭით გამოირჩეოდა.
ბავშვებს ბებია აქცევდა ყურადღებას, დედა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, ანდა სკაიპით ელაპარაკებოდა ბავშვებს…  ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლების გაცილებას ბავშვების სწავლაზე არ მოუხდენია გავლენა. თუმცა, საერთოდ, ასეთი ვითარება მაინც, რა თქმა უნდა, ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს.
ჰობი…
– ჰობი კითხვაა, რომელიც დღესაც მიყვარს… კითხვას გავაფუჭებინე თვალები, რამდენი წელია, სინათლე არ გვქონდა, ლამპის შუქზე  გათენებამდე ვკითხულობდი.
ილია, ვაჟა მიყვარს, ვეტრფი მათ პოეზიას,  დიდი და კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, მაგრამ ჩემს საყვარელ სამაგიდო წიგნებს ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი. მსიამოვნებს, რომ გადავხედავ და ვიხსენებ ყველაფერს…  ყველა წიგნი მიყვარს…
– დიდი ოჯახი გაქვთ. სამი შვილი და 6 შვილიშვილი გყავთ…

შვილიშვილები

– უფროსი რომანი, პროფესიით ავტოინჟინერია, ქობულეთში ცხოვრობს, შუათანა რამინი, პროფესიით იურისტია,  ერთად ვცხოვრობთ ლეღვაში… რძალი თამუნა კობალაძე სკოლაში ასწავლის. ერთად ვმუშაობთ. თუმცა, უკვე ასაკი მაქვს, ვფიქრობდი, კიდევ გამეგრძელებინა, მაგრამ 72 წლის  ვხდები, მინდა, დეკემბრიდან ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზი და მომიწევს პენსიაზე გასვლა.
ლეღვა ძალიან კარგი, 1200 კომლიანი სოფელია, ორი საშუალო სკოლა და ერთი ცხრაწლედი ემსახურება. შუქი არის, გზები წესრიგდება, ცხოვრება ნელ-ნელა მიდის წინ… უმცროსი  მათე ისტორიკოსია, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი. სამივეს ძვირფასი ოჯახი აქვს.  6 შვილიშვილი მყავს…
მეუღლე აგრონომი იყო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მერე მარტო ვეწეოდი ჭაპანს. სიღარიბე და ცხოვრებისეული სიდუხჭირე გამოიარა ქვეყანამაც და ჩემმა ოჯახმაც. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ბედს არ ვემდური, შვილები ნორმალურად, ჯანმრთელად არიან. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები