„გარმონი რომ არ წამომეღო, იტალიაში ერთი დღეც ვერ გავძლებდი“ – თუში პოეტის სევდა
თუშეთში, დართლოში დაიბადა და გაიზარდა. მთის სოფელში ჭირდა ცხოვრება და ოჯახისთვის გაჭირვების შემსუბუქებას ბავშვობიდან ცდილობდა. პირველი ლექსებიც მაშინ დაიწერა.
შემდეგ ისე მოხდა, რომ სამუშაოდ მოუწია სხვა ქვეყანაში წასვლამ. ერთხანს თურქეთში ცხოვრობდა, ახლა კი იტალიაშია და სამშობლოს სევდას ლექსები და გარმონზე დამღერებული სტრიქონები უქარვებს.
ამბობს, რომ ძნელია ახლობლებისა და სამშობლოს გარეშე ყოფნა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე დასრულდება ტანჯვა და დაუბრუნდება საქართველოს, რომელსაც სულის საუნჯეს უწოდებს.
ორი ლექსების კრებულის ავტორია – „თუშეთის კარ, მზე აგვიჩინდ“; „დეე, შენა–დ თუშეთ“…
მალე გამოიცემა მისი ლექსების კრებული თურქულ ენაზე. – პოეტ გიორგი რამაზაშვილის პერსონა.
– ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი, ბავშვისათვის არადამახასიათებელი ქმედებები უფრო მიტაცებდა. როცა დიდი გავიზრდებოდი, მინდოდა სასულიერო პირი გავმხდარიყავი, ან ისეთი სამსახური მქონოდა, სხვების დახმარება შემძლებოდა… ხშირად ტაძარში ვიყავი და ვლოცულობდი… ჩემი საქციელი უკვე ყურადღებამიქცეული გახდა ხალხისათვის. მახსოვს, ერთხელ დედას უთხრა ჩვენმა სოფლელმა ქალმა, ციური, ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, ძალიან ხშირად ვხედავ ტაძარშიო.
ბევრჯერ მშობლების უჩუმრად წავსულვარ და მიზრუნია ოჯახში გაჭირვებაზე.
მაგალითად, ჩემი და სტუდენტი იყო და ყური მოვკარი, რომ ვერ მიდიოდა სასწავლებელში, რადგანაც გზის ფული არ ჰქონდა.
მახსოვს, ბზობის დღესასწაული იყო, წავედი სოფლის საკრებულოს ეზოში, ბზა მოვკრიფე, წავიღე ალავერდის ტაძარში, ვაკურთხებინე გავყიდე და მივუტანე გზის ფული ჩემს დას (ვიცი, გამიჯავრდება, მაგრამ არ შემეძლო, არ მეთქვა).
რატომღაც ლაღი პატარაობა ისედაც არ მქონდა. მოგეხსენებათ, სოფელში ცოტა მეტად ჭირს ცხოვრება და მამას ტყიდან მოჰქონდა სოკო, წაბლი და რა ვიცი, რის მოპოვების საშუალებაც იყო. ბევრჯერ სოფელ-სოფელ მიტარებია ეს ყველაფერი და გამიყიდია, რომ როგორმე შემემსუბუქებინა ოჯახისთვის გასაჭირი.
მახსოვს, სამურაბე კაკალსაც ვატარებდი, თუმცა ძალიან მრცხვენოდა და ბევრჯერ დაუცინიათ კიდეც ბავშვებს იმ ჩემი რაღაცების გაყიდვის გამო, ყველას ხომ ვერ აუხსნი ოჯახის მდგომარეობას?
ჰოდა, ასე ტირილით ვბრუნდებოდი სახლში, თუმცა ვცდილობდი, დედას არ შეემჩნია და არ ენერვიულა.
დედა ვეტექიმი იყო, მთელი რაიონი ძალიან აფასებდა და ყველას უზომოდ უყვარდა. სულ მინდოდა, რაღაცით გამეხარებინა დედა და, ზოგადად, ოჯახი. ახლა მამას სხვა ოჯახი აქვს და უკვე დიდი ხანია ცალკე ცხოვრობს, დედა მალევე დამეღუპა, 14 წლის ვიყავი. მამამ დედას სიკვდილიდან მალევე სხვა ოჯახი შექმნა.
მე ბებიამ – დედის დედამ გამზარდა. მყავს ორი უძვირფასესი და, თავისი უძვირფასესი ოჯახებით და ასე, სითბოთი და სიყვარულით ვავსებთ ერთმანეთს.
ეეჰ, ბევრი მაქვს მოსაგონარი ბავშვობიდან, მაგრამ ეგ არის, წასულ-გადასულით აღარ მინდა გული ავიტკიო.
– პირველი ლექსები?
– ლექსების წერა ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყე, არ მახსოვს, პირველი როდის ან რომელი ლექსი დავწერე. მახსოვს, როცა რაიმეს ვწერდი, გადავიკითხავდი და შემდეგ ვხევდი. არ მინდოდა, ვინმეს ენახა, ის კი ვიცი, რელიგიურ თემაზე ვწერდი – დედა ღვთისმშობელზე, უფალ იესოზე, მიცვალებულებზე და, რა თქმა უნდა, თუშეთზე.
საკმაოდ დიდხანს არავინ იცოდა, მე რომ ვწერდი, გვიან გაიგო ხალხმა. უკვე ფართო საზოგადოებამ კი თელაველი უძვირფასესი ქალბატონის, მხატვარ ლია ბადურაშვილის დართლოში სტუმრობის შემდეგ შეიტყო. თავად ქალბატონმა ლიანაც შემთხვევით გამომტეხა.
თუშეთში მარტო ვცხოვრობდი, დედა უკვე გარდაცვლილი იყო და ტყიდან ზურგით მიმქონდა შეშა. გზად აღმართმა დამაშინა და გზაზე შესასვენებლად ჩამოვჯექი. აი სწორედ იქ შემხვდა ეს უძვირფასესი ადამიანი და შემამჩნია ჯიბეში კალამი და რვეული. მთხოვა, წამეკითხა და აი, მაშინ გატყდა ეს ამბავი საზოგადოებისათვის.
– რატომ მაინცდამაინც თუშური კილო? ალბათ, იმ ადგილის ბუნებრივად მოდის სტრიქონები…
– სახლში დედას სულ თუშურად ვუამბობდი. სანამ დედა გარდაიცვლებოდა, მანამდე ხშირად ბებოსთან ვიზრდებოდი და ალბათ შემოქმედებითადაც ამიტომ ავმეტყველდი თუშურად, თავიდანვე თუშური დიალექტით ვწერდი, მერე არ დამიწყია. ეს თავისთავად მოდის.
მე ვერ დავჯდები და ვერ ვიფიქრებ, რომ დღეს თუშურად დავწერო და ხვალ ლიტერატურულად, თუმცა მაქვს ლიტერატურული ლექსებიც, მაგრამ იმდენად ვერ ვხედავ ჩემს თავს იქ, როგორც კილო-კავში. ფაქტობრივად, უკვე მთელი საქართველოც იგივეს ფიქრობს. უბრალოდ ის არის, რომ თავს ვერ უბრძანებ, დღეს ასე დაწერე, ხვალ ისეო, ის ბუნებრივად მოდის. რაც დაგეწერება ადამიანს, იმას დაწერ, ის შენ არ გკითხავს, როგორც უნდა, თავს ისე დაგაწერინებს.
შენი ქვეყნის და შენი კუთხის უდიდესი სიყვარული გაამბობს კაცს იმ ენაზეც და კილოზეც, რაც სისხლში გიდგა.
საქართველო ძალიან მდიდარი და საოცარია თავისი კუთხეებითა თუ დიალექტებით, მე ძალიან მიყვარს ფშავიც, ხევსურეთიც და სხვა დანარჩენი კუთხეებიც. თუშური ერთ-ერთი ის ტკბილი დიალექტია, რაც სიყვარულზე ყველაზე ლამაზად და გასაგებად მაამბობს.
– როგორ დაიბადა პირველი წიგნი და რა იყო სათქმელი…
– როდესაც ქალბატონი ლია ბადურაშვილი გავიცანი, მაშინ ჩაეყარა ჩემი პირველი წიგნის გამოცემას საფუძველი. რამდენიმე ლექსი წავუკითხე და გაოცდა – ეს ლექსები აუცილებლად ხალხამდე უნდა მივიდესო, ძალიანაც ვეხვეწე, მაგრამ აღარ გამიგონა. არ მახსოვს, რომელი წელი იყო, თუ არ ვცდები, მგონი, 2007. იმ შემოდგომას, ბარად რომ ჩამოვბინავდი, ქალბატონმა ლიამ თელავში, თავის ოჯახში დამპატიჟა და ასე ჩამოვყალბდით ახლობელ მეგობრებად. მომდევნო გაზაფხულს მიმიწვია თელავის კულტურის სახლში გამართულ სარვამარტო საღამოზე და იქ წავიკითხე ერთი ლექსი:
„ქალ ი’ისთაი რ’აგვერც,
ცით მოწყვეტილ მასკვლავ,
ქალი, მნათობ ცა-მზის,
ხან საფიქრალ სამკალ“…
ცოტა დიდი ლექსია და მეტი არ მახსოვს, ქალბატონებისადმი მიძღვნილი ეს ლექსი წავიკითხე და გასაოცარი ინტერესი ვიგრძენი დამსწრე საზოგადოებისგან, ხელიდან ხელში გადავდიოდი, ისეთი დიდი სიყვარული გამოხატა მაშინ მაყურებელმა ჩემ მიმართ.
ამ ღონისძიების შემდეგ გამოჩნდა თელაველი კაცი, ვინმე ბატონი ვალერიან ქარჩაიძე და სწორედ მან გამოთქვა ჩემი პირველი ლექსების კრებულის დაბადების სურვილი. ასე გამოვიდა კრებული – „თუშეთის კარ, მზე აგვიჩინდ“. სათქმელი ბევრი მქონდა, თუმცა იქ ყველაფერი ვერ ჩავტიე, რაც მთავარია, ვთქვი მოფერება და უკიდეგანო სიყვარული ჩემი ქვეყნისა და ჩემი თუშეთისადმი.
– რამდენად გაძლევთ სტიმულს ახალი კრებულის გამოცემა?
– ჩემთვის ყოველი ახალი კრებულის გამოცემა ახალი სიცოცხლის შენაძენია. ის ჩემთვის იბადება და მე ვუფრთხილდები, როგორც საკუთარ შვილს. სათითაო ლექსი ჩემი შვილია და ვერცერთს ვერ უგულებელვყობ. მიყვარს, მიხარია და ვლაღობ ყოველი ლექსის დაბადებისას.
კრებული უფრო სხვა განცდაა, ის რჩება საზოგადოებაში, როგორც შესანდობარი და მე ვიცი, რომ შესანდობარის წყარო უწყვეტია, ალბათ ერთი შენი წილი აგურის დადებაც არის შენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის და შენი ჭირის მომტკივნებაც, რომელიც საწუთროსგან ზოგჯერ უშურველად სდევს ადამიანს.
ჩემი მეორე კრებული ბატონმა დათო მაღრაძემ დამიბეჭდა საჩუქრად და უზომოდ ბედნიერი გამხადა, სახელწოდებით „დეე, შენა-დ თუშეთ“, რომელიც ეძღვნება დედაჩემის, ციური ბასხაჯაურის ხსოვნას.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი საშუალებით უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ დათოს.
ბედნიერი ვარ, როცა წიგნის დაბეჭდვაზე მაქვს ხოლმე საუბარი, ეს სხვანაირი უცნაური შეგრძნებაა – სტიმული, სიხარული და სიყვარული ერთიანად იფრქვევა ჩემში კრებულის გამოცემაზე საუბრის დროსაც კი.
– ლექსებს ქაღალდის ნაგლეჯებზე წერთ, სადაც რა მოგხვდებათ ხელში. ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე ლექსის შექმნის საინტერესო ისტორიას?
– როდესაც ლექსის წერის მომენტი გესტუმრება, დასაწერი არ კითულობს, რაზე დაწერ, რა თქმა უნდა, ყველა ლექსს აქვს დაბადების ისტორია. მაგალითად, სტამბულში ვიყავი, როდესაც დავწერე ლექსი – „ქართველ ვარივ, ქართველ“.
საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრე სტამბულში, იქ სულთან ახმედის სკვერი მიყვარდა განაკუთრებულად – თითქმის ყოველ საღამოს მივდიოდი და საკმაოდ დიდხანს ვიჯექი იქ.
ერთ-ერთ წასვლაზე ჩემთვის მივდიოდი და უცბად შემომესმა მამლის ყივილის და ძაღლის ყეფის ხმა, შემდეგ ჩამწვდა ყურში ქართული საუბარი და თითქოს დამავიწყდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. აი მაშინ იქვე ქუჩაში, გადასასვლელ კიბეზე, ჩამოვჯექი, ვიპოვე ჯიბეში ქაღალდის ხელსახოცი, კალამი და შემომეწერა…
– თუშეთი უზომოდ გიყვართ და იტალიაში ცხოვრობთ… ისევე როგორც ქართველების უმრავლესობა, ემიგრანტის მძიმე გზას შეუდექით… ამ გადასახედიდან, ნანობთ?
– ყველაზე ძალიან ვნანობ და განვიცდი ჩემი სულიერი საზრდოს, ჩემი თუშეთის დატოვებას. თუმცა ერთი ეგ არის, რომ იქ არ ვარ და ვერ ვეხები, თორემ დანარჩენი სულ ერთად ვართ, ისევ წინანდებულად ვუმღერი, ისევ წინანდებულად ვუამბობ და ვეკითხები რაღაცებს იმ ძველ ყორეებსა თუ ციხე-კოშკებს, სამარეებს, აკლდამებს, ცა-ღურბელს, ჩემს დართლოს და მთლიან თუშეთს.
კი, მომიწია იტალიაში ცხოვრებამ და მუშაობამ, მე ყველაზე დიდი წინააღმდეგი ვიყავი ემიგრაციაში წასვლისა, სხვების წასვლაც არ მინდოდა, მაგრამ, აგერ, მე აღმოვჩნდი უცხოური არტახების ქვეშ. უბრალოდ ვიცი, რომ მალე დავბრუნდები და ჩემს მიწა-წყალს შევუერთდები.
რა თქმა უნდა, ძნელია შენიანებისა და შენი სამშობლოს გარეშე ყოფნა და ნოსტალგიის საშინელი შტრიხი სულ თან დამდევს, მაგრამ ვიცი, რომ მალე უნდა დავასრულო ტანჯვა და დავუბრუნდე ჩემი სულის საუნჯეს – ჩემს საქართველოს.
– როგორია ერთი დღე იტალიაში?
– არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია ჩემი ემიგრანტობის პერიოდში, თუმცა არასოდეს დამიმალავს, რომ ვმუშაობ ოჯახში. მე აქ ჩამოვედი სამუშაოდ და არ ვთაკილობ არაფრის კეთებას. დიახ, როგორც ყველა ქართველი, მეც ისევე ვმუშაობ. არცერთხელ მიგრძვნია თავი მუშად ან მოსამსახურედ, იმდენად კარგი ხალხია. საქართველოში ყოფნისას ყოველდღე დავდიოდი მაღაზიაშიაც, აფთიაქშიც და ჩემი საკუთარი ოჯახის მოხუც წევრსაც სულ ვეხმარებოდი გადაადგილებაში, აქაც იგოვეს ვაკეთებ, განსაკუთრებული და მძიმე არაფერია.
რასაც საკუთარ სახლში აკეთებ, ის არის აქ გასაკეთებელი, უბრალოდ, აქ შრომას გვიფასებენ და ხელფასს უყვედრებლად გვაძლევენ.
ჩემი დღე დილის რვის ნახევრიდან იწყება, ადგომისთანავე ვიწყებ საქმის კეთებას, აი, ზუსტად ისე, როგორც საკუთარ სახლში ვფუსფუსებდი ხოლმე, შემდეგ მოვა ბაბუის ექთანი და იწყებს მის მოვლას, როდესაც მორჩება მკურნალობის პროცედურას, ვეხმარები ეტლში გადაყვანაში, შემდეგ მოვდივარ მაღაზიაში და ასე ოჯახურად ილევა დღე. სულ ვმღერივარ და ვღიღინებ, სულ მენოსტალგიება ჩემი დატოვებული ყველაფერი… ეეჰ, ღმერთო, დიდება შენდა…
– თან გაქვთ გარმონი, რომელიც სევდას გიქარვებთ…
– დიახ, გარმონი თან მაქვს. გარმონი რომ არ წამომეღო, ვერცერთი დღე ვერ გავძლებდი, არასოდეს არსად არ წავსულვარ ჩემი გარმონის გარეშე. ლხინსაც და ჭირსაც ერთად ვიზიარებთ ხოლმე. რამდენადაც სალხინარია გარმონი, იმდენად სასევდოა. მე ძალიან მშველის ორივე მხრივ.
ისიც მსიამოვნებს, რომ იტალიელები დიდი ინტერესით მისმენენ და ბოლოს, საოცარი ემოციით ხვდებიან ჩემი თუშური მელოდიების დასრულებას.
როდესაც დავასრულებ გამოსვლას, მათი დიდი ოვაცია მოჰყვება ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს. აგრეთვე სახლში, სადაც ვმუშაობ, ჩვენი ბაბუა მთხოვს ხოლმე, ჯორჯო, დაუკარი რააო და მეც მეტი რა მინდა? ვუკრავ და ასე შემოვივლი ხოლმე მთელ თუშეთს. ძველი სიმღერაა, სულ იმას ვღიღინებ.
„ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია,
გულით მინდა და ვეღარ ვიძინებ,
მე შენზედ ფიქრი შემომეჩვია,
გულით მინდა და ვეღარ ვიცილებ“…
ეს სიმღერა უხდება თუშეთს ძალიან და მეც რო სულ მეთუშეთება, ამასვე ვღიღინებ… ეეჰ, რა ვიცი, მივაყოლებ ხოლმე, ზოგს დატირებას დავიმღერებ, ზოგს სალხინარს და ასე ვხანდებით მე და დღეები.
– როგორ იწერება ემიგრაციაში ლექსები…
– ლექსი როცა მეწერება, ის აუცილებლად უნდა დავწერო, თუ მაშინვე ვერ დავწერე, მერე ვერ ვიხსომებ და იკარგება მავიწყდება. ასე ვიყავი საქართველიშიც და ასე ვარ მთელი ცხოვრება, რაც ლექსს დაუკავშირდა ჩემი არსებობა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში საერთოდ ჭარბობს წერის სურვილი, რადგანაც ადამიანს საფიქრალი ემატება და ცდილობს თავისი სადარდელის ფურცელზე გადატანას. ლექსებს ვერ ვაძლევ განსხვავებას, ყველა ლექსი ერთნაირად მიყვარს, აქ მონატრებაა მეტად ჟინიანი და ეგ ძალიან მოქმედებს ადამიანზე, როცა დავწერ, მერე ვთავისუფლდები, თითქოს უფალს ვუამობ, ისე ვლაღდები.
ასე ხან ბედმწერს ვესაუბრები, ხან მთა-ტყეს, ხან ხატ-ღმერთს და მივდივართ სამზეოს დასალივრისკენ მე და ჩემი ლექსები.
– თუშეთზე ტკივილიანი პოსტები დაწერეთ… 7 ადამიანი დაიღუპა... მოძღვრებს სთხოვდით თუშეთის გზების კურთხევას. რამდენად უშველის ეს არსებულ ვითარებას?
– ყოველი გაზაფხულის დადგომა უკვე შიშს მგვრის. წელი არ გავა, საშინელება არ მოხდეს. ემ ბოლო წლებში, მითუმეტეს, სამი-ოთხი ადამიანი ერთად და წელს მთლად სასჯელი გვერგო თუშეთს და მთლიანად საქართვრლოს, 7 ადამიანი დავკარგეთ, მათ შორის ორი მცირეწელოვანი ბიჭი მამასთან ერთად.
რამხელა ტრაგედიაა ერთი ოჯახიდან სამი მიცვალებულის გასვენება? სხვებიც – ყველანი ახალგაზრდები და არ გასამეტებლები იყვნენ. ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია ეს თუშეთისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენც დიდი ყურადღება გვმართებს ამხელა გზაზე წასვლისას, არც დალევა შეიძლება იმ გზაზე და არც ყურადღების მოდუნება არცერთი წამით, იქ ყველა მოძრაობა გასათვალისწინებელია, ვიცი, რომ ადიან ხოლმე თუშეთში სასულიერო პირები ყოველ ზაფხულს და აღავლენენ წირვა- ლოცვას, მაგრამ მე ვთხოვე აი იმ თუშეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის კურთხევა, თუნდაც ლეჩურის თავიდან ომალომდე.
შველით როგორ არ უშველის, თუ კაცს რწმენა გაქვს და გჯერა, იმასაც იწამებ, რომ უფალი არასოდეს მიგატოვებს, მთავარია, გაუღო კარი და შეუშვა შენს სულში. ისე მშვენივრად არის შესაძლებელი არსებული გზის გაკეთება, მაგრამ რა ვიცი აბა, არ ექცევა ყურადღება ნორმალურად, ახლა კი არის საუბარი, რომ უნდა გაკეთდესო და ვნახოთ, ველოდებით. უნდა მიეხედოს, თორემ აღარ დავრჩით არავინ. ბევრი ხალხი დაგვეხოცა, თუმცა მარტო იმის იმედით, რომ ნაკუთხი გზაა და გავთამამდეთ, ასეც არ შეიძლება, ეჰ, რა ვიცი, მე ჩემი აზრი გამოვთქვი, ყველა ამსვლელ- ჩამამსვლელს ვულოცავ გზას და ვუსურვებ წარმატებებს.
– „ცისკარსავით თუშეთო“… ამბობ ერთ ლექსში, მე კი თუშეთი მერვე საოცრება მგონია… როგორ დაიწერა ეს ლექსი?
– თუშეთი ჩემთვის მთელი სამყაროა… შემიძლია იქაურობაზე დაუსრულებლად ვისაუბრო, სათითაო ქვა მიყვარს და მეჩემება, ფიქრიც კი არ შემიძლია ცრემლის გარეშე. ეს მხოლოდ ახლა არ ხდება, მე იქაც რომ ვიყავი, მაშინაც იგივე ემოციები მქონდა, ვხედავდი, ვეხებოდი, ვესაუბრებოდი თითოეულ ქვას, ყორეს, ხეს, ხევს, სოფელ ნასოფლარებს და გონად რო მოვდიოდი, ცრემლი მდიოდა.
ძალიან მიყვარს დართლოს სამარეებზე ყოფნა. იქ რომ ვარ, მგონია, ჩემს წინაპარს ვსტუმრობ და გულის გონ დატანებით, შიშით იმისა, რომ თითქოს ძალიან არ შევაწუხო ჩემი პაპის პაპებიც კი, ჩურჩულით ვუამბობ ხოლმე. სათითაოდ ჩამომივლია ყველა სამაროვანი და მიდუდუნია, ხან ვუმღეროდი ხოლმე, ხან ვუყვებოდი სოფლის ჭირსა და ლხინს, და ასე შემომღამებია ბევრჯერ. აგრეთვე ძალიან მიყვარს დართლოს აკლდამებში დადენა, ჩემი ძველების სუნი ასდის იქსურობას და ამას ვგრძნობ, ისიც ვიცი, რომ იგებენ ჩემს ნაამბობს და ყველაფერი ესმით ჩემი ნადარდ-ნალხინარი. რა ვიცი, ეს ლექსიც ასე ჩემი ცისკარივით ნათელი თუშეთის სიყვარულმა დამაწერინა ალბათ, მიყვარს, მიყვარს იქაურობა და სიცოცხლესაც გავეწირავ ამ სიყვარულის გამო.
– ჰობი?
– ჩემი ჰობი სიმღერაა, დარდსაც სიმღერით ვმასპინძლობ და ლხინსაც სიმღერით ვხვდები. მე ღიღინის გარეშე არ შემიძლია, რაც განსაცდელიც არ უნდა მქონდეს, სულ ასე ვუხვდები. ხალხს ჰგონია, რომ ძალიან უდარდელი ვარ, სულ რომ ვღიღინებ, ადამიანს რაც გინდა დალხენილი ცხოვრება ჰქონდეს, სევდის გარეშე უფერული და არასრულფასოვანი იქნება მისი სამზეო, რა ვიცი, მე ხომ არ მგონია ასე ნეტა?
გარმონის დაკვრაც თუ ითვლება ჰობად, ალბათ ეგეც. რა ვიცი, სულ გარმონთანა მაქვს საქმე.
– რა გენატრებათ ახლა?
– ყველაზე ძალიან მენატრება დედის და ჩემი გამზრდელი ბებოს საფლავები, მენატრება ჯვარ-ხატში ლოცვა, ჩემი სალოცავები, მენატრებიან ჩემი დები, დისშვილები, მენატრებიან მეგობრები, მენატრება ჩემი სახლი და მენატრება ჩემი ქვეყანა.
მაინც ყველაზე ძალიან ჩემი თუშეთი მომაგონდა ახლა.
– თქვენი ლექსები თურქულად უნდა გამოვიდეს. გამიხარდა, მაგრამ გავვოცდი, როგორ თარგმნა იოლად ბატონმა ეფრემ ილმაზმა თუშური კილოთი დაწერილი პოეზია?
– დიახ, არის საუბარი და მეც დიდი სიხარულით ველოდები ჩემი ლექსების კრებულის თურქულ ენაზე გამოცემას. ეშრეფ ილმაზი ქართული გვარ-სახელით გოდერძი მახარაძე გახლავთ, – თურქეთში არსებული ქართული კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამინდელი დედაენის ცენტრის დამფუძნებელი.
ბატონი ეშრეფი ყოველთვის ინტერესით ეკიდებოდა ჩემს შემოქმედებას და სხვანაირად გულდასმით ეკიდებოდა თუშური დიალექტის ლექსს, სხვათაშორის, არ გასჭირვებია, რაც თარგმნა. თუ რაიმე უცხო სიტყვა შეხვდებოდა, მე ვეხმარებიდი. ძალიან საინტერესო და ყურმისაგდებია ამგვარი ლექსის თარგმნა, ეს არ არის ადვილი, თუმცა ბატონი ეშრეფი გასაოცრად ნიჭიერი და გულიანი კაცია და ამიტომაც შეუდრეკელი ბრძოლით შეეჭიდა ჩემი ლექსების თარგმანს.
– მჴრებით მომაქვ საქართველოჲ,
ულევ მთა–გზა მითელავ,
გარს შემორტყმულ ეკლის ღობე,
ფეხის გულებს მისერავს“...
ეს თქვენი ლექსია… როგორია აქ დარჩენილი და შორიდან დანახული სამშობლო?
– საქართველო მართლა მხრებით კი არა, გულით და ფერებ-ფერებით გვაქვს სატარებელი, ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე სამშობლო განა ყველას აქვს? ეს ლექსი რომ დავწერე, მახსოვს, ძალიან ვიყავი ნაწყენი იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს მინამცეცებენ, დავით- გარეჯის ტკივილით დაავადებულმა დავწერე ეს ლექსი და ასე გამოვხატე ჩემი თანადგომა ჩემი სიწმინდის მიმართ. ძალიან მძიმე და მტკივნეულია ყოველი დღე დარჩენილი სამშობლოსადმი, სულ ვლოცულობ და ვავედრებ უფალს ჩემს ქვეყანას. მინდა ვთხოვო ქართველებს, რომ არ მოვიშალოთ ერთმანეთის ნდობა, სიყვარული და ერთობა, თუ ერთად დავდგებით, მაშინ მტერიც ვერ მოგვერევა და უფალსაც უფრო შევუყვარდებით.
– როგორები არიან იტალიელები?
– რა თქმა უნდა, ცუდი და კარგი ყველგან არის, იტალიაშიც ასეა. იტალიაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, კარი გაგვიღო და ამდენი მშიერი ქართველი დაგვაპურა. ჩემს გარემოცვაში ძალიან კარგი ხალხი ტრიალებს, თუმცა არის ისეთი ფაქტები, რასაც ვინატრებ ხოლმე… ნეტა ჩემი ქართველიც ასე მოიქცეოდეს- მეთქი. კიდევ ვამბობ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რადგანაც მე ჩემი მიწა-წყლის ადამიანი ქვეყანას მირჩევნია.
მაგალითად, ახლახან მოხდა ასეთი რამ, ჩემი ბიძაშვილი იყო ევროპაში სამოგზაუროდ, ჩამოსული ცოლ-შვილთან ერთად, რევაზ რამაზაშვილი, ქალაქ ბარიში ჩამოვიდა ჩემს სანახავად. ისე არ დაბრუნდა, რომ არ ვენახე და უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი სიხარულია, შენიანი რომ მოგივა და გაგახარებს, რევაზი რომ უკან ბრუნდებოდა, იმ დღისით ბენზინგასამართ სადგურზე დაკარგა საფულე, სადაც არცთუ ისე საგანგაშო თანხა იყო შემორჩენილი, მაგრამ დანაკარგი მაინც გულასატკივებელია და თან დოკუმენტებიც ახლდა საფულეს.
რევაზი უკვე გასული იყო იტალიიდან, რომ თავად მასვე დაუკავშირდა იტალიელი კაცი ელფოსტაზე და უთხრა, თქვენი საფულე ვიპოვეო… მადლობა უფალს, ჩავიბარეთ.
ძალიან არ მინდა, რომ ვთქვა, მაგრამ ამას ქართველი იშვიათი თუ გააკეთებდა. იმ დილით ვიყავით წმინდა ნიკოლოზის საფლავზე, მოვილოცეთ და მე ვიცოდი, რომ არ გაგვწირავდა, გვაპოვნინებდა და მშვიდობითაც ამგზავრებდა რევაზს.
მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად დასრულდა და ყველა ბედნიერი მყავს, საოცარი და სასწაული, იცით, რა არის? იმ დღით ვიყავით წმინდა ნიკოლოზის საფლავზე და ადამიანმა, რომელმაც საფულე იპოვა, ნიკოლა ჰქვია, სასწაულია, აბა, რა არის? მინდა მადლობა გადავუხადო სინიორ ნიკოლას, ასეთი კეთილი საქმის გაკეთებისთვის. ღმერთმა დამილიცოს ყველა ჩემიანი და სრულიად საქართველო…
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი პირველი სამომავლო გეგმა, რაც შეიძლება მალე საქართველოში დაბრუნებაა… მინდა, რომ მალე ჩავბარდე ჩემს ეზო-კარს. სამწუხაროდ, ალბათ ჯერ კიდევ მომიწევს აქ გაჩერება, რადგანაც ბევრი და კარგი გეგმა მაქვს, პირველ რიგში კი, მაინც მთავარი გეგმა სამშობლოში დროულად დაბრუნებაა.
– ალვანში სახლს იშენებთ… თუმცა ძველ სახლთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ… არადა მახსოვს, როგორ გვინდოდა, ის სახლი აღდგენილიყო...
– სახლი, რომელშიც გავიზარდე ზემო ალვანში, ძალიან დიდი ხნისაა, თუმცა ჩემი და ჩემი ოჯახის დიდ ხსოვნას ინახავს მისი კედლები. უზომოდ მიყვარს ის სახლი და ძალიან მწყდება გული, რომ შეიძლება ერთ დღესაც აღარ იყოს, დიახ, დავიწყე ახალი სახლის აშენება. მადლობა უფალს, რომ მომეცა საშოალება და ვაშენებ. სამწუხაროდ, ძველი სახლის აღდგენის შანსი ძალიან მცირეა, თორემ მეც ის მერჩია, რომ ის სახლი გამეკეთებინა.
თქვენი და კეთილი ადამიანების წყალობით, შეძლებისდაგვარად, მოვახდინეთ ცოტა რესტავრირება, მაგრამ ვერ შეყვა დროს და ისევ ისე შეეხო ლიბოს ჟამის სატკივარი.
როდესაც აშენდება ახალი სახლი და დავბრუნდები საქართველოში, აუცილებლად მოგიწვევთ ჩემთან ერთად გავიზიაროთ ჩემი ახალმონაშენეობის სიხარული…
თამარ შაიშმელაშვილი