გარდაცვლილი მოხუცების სახელზე ნახარები ნერგები – როგორ იდილიაზე ოცნებობს „ბასილიადის“ დამაარსებელი?
თბილისში უთბილეს ქართულ ოჯახში გაიზარდა. მოსკოვის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ თავისი პროფესიით ერთი დღეც არ უმუშავია. ისე მოხდა, რომ ხანდაზმულთა პანსიონატი დააფუძნა. უკვე 5 წელია, პანსიონატი „ბასილიადა“ მოხუცებისთვის ოცნებისა და სიხარულის ნავსაყუდელად იქცა.
ამბობს, რომ სიტყვა „თავშესაფარი“ არ უყვარს. მისი ოცნებაა, მოხუცებისთვის ხანდაზმულობა არ იყოს ისეთი დასასრული, რომ მხოლოდ ძილსა და გარდაცვალებას უკავშირდებოდეს… „მე სხვა რამ მინდა, – ხალისი და სიცოცხლე ჩქეფდეს აქ“… – პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებლის, რუსუდან ბერიძის პერსონა.
– ბებია ასმათი, რაც თავი მახსოვს, ახალ წელს მატარებელში ხვდებოდა, ტრადიცია თვითონ შექმნა, ზუსტად პირველ იანვარს, დილით, ვიცოდით, რომ მამლის ყივილივით, ბებო დაიძახებდა. ასმათუნა, – ასე ეძახდა ჩემს უფროს დას, მე რუდანიას მიწოდებდა, ძმას – კახუნხულას. ყველანი ჩავრბოდით ქვემოთ. ტაქსიდან გოჭებს, სანოვაგეს გადმოიტანდა, რომელსაც მთელი წელი. მამაჩემი ერთადერთი შვილი ჰყავდა და ოზურგეთიდან ჩამოსულს დიდი სიხარულიც მოჰქონდა ჩვენთვის.
ბაბუა რეპრესირებული იყო, 25 წელი ციმბირში გაატარა. ერთხელ გამოატანეს ბებიას თითქმის სასიკვდილო, რომ მოაკეთა, მოგვიანებით ანონიმური წერილის გამო ისევ დააპატიმრეს. ჩვენი სახლის ქვეშ ინახებოდა ნოე ჟორდანიას პერიოდის არსენალი, ვიღაცამ დაასმინა, იარაღს ინახავენო… მოვიდნენ, მართლაც, იპოვეს ეს იარაღი, ბაბუა კი გადაასახლეს.
გადის წლები, ციმბირში ბაბუას კარავში შეხვდება ქართველი მეზობელი კაცი და ეტყვის, ის ანონიმური წერილი ჩემმა შვილმა დაწერა და ახლა, სიკვდილის წინ, მე მაპატიე, რომ ასეთ დღეში ჩაგაგდოო. ბაბუაჩემმა დაუხუჭა თვალი იმ კაცს. ეს რომ მამამ მომიყვა, ვტიროდი. რა არის ცხოვრება? მაინც აპოვნინა უფალმა ის ადამიანი, ვისგანაც მოდიოდა სიბოროტე….
ბაბუა რომ სამშობლოში დაბრუნდა, ბებია და ბაბუა გააკულაკეს. ოზურგეთში გურიისა და სტახანოვის ქუჩები – ორივე ეკუთვნოდა ბაბუას, ჩამოართვეს ყველაფერი…
წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნებოდა ეს ბებიისთვის, რომელიც რუდუნებით, ხელისგულზე გაზრდილი მე-12 შვილი იყო. ასეთმა ბებიამ მოაგროვა თანხა კაპიკ-კაპიკ, იყიდა ძროხა, მაწონს აკეთებდა, ყიდდა, ქსოვდა, საბნებს კერავდა… მაინც მოაგროვა ფული, ბაბუას წართმეული ადგილიდან პატარა ადგილი იყიდა, თვითონვე გამოისყიდა, როგორ უნდა დაიკარგოს ჩვენი მიწაო.
ჩვენ რომ დავიბადეთ, ბებია უკვე იქ ცხოვრობდა.
– მშობლები…
– მამა 24 წლის იყო, დედა 16-ის, რომ დაქორწინდნენ და ერთ წელიწადში უკვე შვილი ჰყავდათ. დედა დიასახლისი იყო, 4 შვილი ისე გაგვზარდა, დამხმარე არ ჰყოლია. ხარობდა ადამიანებით, მეზობლებით… მახსოვს, სადილი ჯერ მეზობლად, ავადმყოფ ბებოსთან უნდა მიმეტანა. ტრადიცია იყო, თუ ახლო-მახლო ლოგინად ვინმე იყო ჩავარდნილი, პირველად იქ გავრბოდი. დედაჩემისთვის ეს ცხოვრების წესი იყო.
მეგონა, თბილისის ყველა სადარბაზოში ასე ხდებოდა და არც მომსვლია აზრად, რომ ეს ნორმა კი არა, სხვაგან შეიძლება არც ყოფილიყო.
მამა პროფესიით ავიაინჟინერი იყო. არაჩვეულებრივი მშენებელი, თბილისში მამაჩემის აშენებული უამრავი ადგილია. ბოლოს ორი-სამი ქარხნის დირექტორი იყო.
ხანდაზმულობისას, ორივე – დედაც და მამაც ავადმყოფობდნენ. ამიტომ სამსახურს თავი დავანებე და უპირველესი საზრუნავი მშობლები გახდნენ.
– მამა ცოცხალი იყო, ახალ სახლში რომ გადმოხვედით… პანსიონატის იდეა მძიმე ოჯახურმა მდგომარეობამ განაპირობა… თავდაპირველად სახლი მამისთვის გინდოდათ…
– თავის დროზე მეტრომშენის დასახლებაში მამამ შეიძინა სამსართულიანი სახლი. მას ძალიან მოსწონდა ის ადგილი. სადაც ახლა ჩვენი პანსიონატია, მის იქით არაფერი აღარ არის და საღამოობით ცივი ჰაერი მოდის ხევიდან. თავიდან იყო მხოლოდ კედლები, კარკასი… სახლს კიბე და ფანჯრები არ ჰქონდა, სართული სართულს არ ჰგავდა.
მერე, დედა რომ უკვე ცოცხალი აღარ იყო, მამაც სარეცელს მიეჯაჭვა… გავყიდეთ ძველი ბინა და პირველი სართული გავარემონტეთ. 2013 წლის ნოემბერში გადმოვედით ამ სახლში. მოხუცთა თავშესაფრის გახსნის იდეაც მაშინ დაიბადა.
– ვიცი, რომ უამრავი დაბრკოლება და სიძნელე გადალახეთ, ვიდრე ხანდაზმულთა პანსიონატს გახსნიდით…
– ოთარაანთ ქვრივივით რკინის ქალამნები ჩაიცვაო, – ხშირად უთქვამთ მავანზე. ასე მომიხდა მეც რკინის ქალამნების ჩაცმა. უახლოესმა მეგობრებმა იციან, რა სიმწარე გამოვიარე.
ჯერ ვალები მოვიშორე… მერე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მივედი, ვუთხარი, რომ მოხუცებისთვის სახლის შექმნა მინდოდა. ასე გავვერთიანდი სათემო ორგანიზაციებისთვის პროგრამაში.
2013 წელს კი უკვე დავრეგისტრირდით და 2014 წელს ჩვენი სახლი გაიხსნა. ამჟამად 27-28 მოხუცია ჩვენს სახლში.
ორი ბებო ახლახან გარდამეცვალა და… დავკრძალეთ… ისინიც გამოგვაკლდნენ.
– ხანდაზმულთა პანსიონატს „ბასილიადა“ უწოდეთ… წმინდა მამა ბასილი ხანდაზმულთა მფარველია, სახელწოდებაც აქედან მოდის… წმინდა მატრონას სახელზე სამლოცველოს აგებაც გსურთ…
– სიტყვა „თავშესაფარი“ არ მიყვარს, ასოცირდება სიტყვებთან – მოვიდა, შეჭამა, დაიძინა… მე სხვა რამ მინდა, რომ ხალისი და სიცოცხლე ჩქეფდეს აქ. მათთვის ხანდაზმულობა არ იყოს ისეთი დასასრული, რომ მხოლოდ ძილსა და გარდაცვალებას უკავშირდებოდეს… ესაა ჩემი მიზანი და ამის მიღწევას ვცდილობ.
ამ იდილიის მიღწევას კი ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა, უპირველესად კი – ინფრასტრუქტურა. ვინც მოდის, ძალიან მოსწონს აქაურობა, მაგრამ მინდა, სკვერი და ეკლესია ჰქონდეს.
დღეს დილით ისეთი ლამაზი, გრილი დღე გათენდა, მწყერჩიტების ხმა ჩამესმა, ჩემს გოგოებს სულ ვეუბნები, ნეტავ, ერთ დილას გამაღვიძა და ისეთი იდეალური სურათი დამხვდეს, როგორიც მინდა-მეთქი.
– პანსიონატში მოდის მოძღვარიც…
– მოძღვარი ყოველთვის გვყავდა. ბებიებს აქვთ ურთიერთობა. აქ ცხოვრობდა იეზიდი ბაბუა, ყოველ დილას ვხედავდი, რომ იდგა ღვთისმშობლის წინ და სხვა ხატებთანაც. ერთხელ ვკითხე, ცეცხლთაყვანისმცემელი ხარ -მეთქი? კიო, მაგრამ ძალიან მიყვარს ღვთისმშობელიო. მიჩვენა ტყავის ძველებურ საფულეში პატარა ხატი… გადის ხანი, თვეები… და მეუბნება, მომნათლე და ჩემი ნათლია იყავიო… ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, ზუსტად იმ დროს მოვიდა მამა ილია ბუკია და მოიყვანა 90 წლის მოსანათლი მერი ბებო… მანაც მთხოვა, მომნათლეო და ასე გავხდი ორი მოხუცის ნათლია.
არცერთი აღარ არის ცოცხალი. ხომ ყველას მოგვინათლავს ბავშვები, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, ბევრად უფროსი ადამიანის მონათვლა.
– პანსიონატის ეზოში გარდაცვლილი მობინადრეების სახელზე ნერგები დგას…
– ეს მე მოვიფიქრე, რომ სიკვდილის შემდეგ მათ სახელზე ხეები დარჩეს. მინდა პატარა ალუმინის ფირფიტებიც შევაკვეთინო, რომელთაც დაეწერებათ, რომელი ხე ვის სახელზე გაიზრდება.
ჯერჯერობით უსახსრობის გამო ფილებს ვერ დავაგებ, სანამ ვინმე გამოჩნდება და დამეხმარება, ამასობაში გაიზრდება ნერგი და სიმწვანე იქნება.
– გასახსენებლად მრავალი საინტერესო ამბავი გექნებათ…
– გავიხსენებ ერთ ამაღელვებელ ისტორიას, რომელსაც აუცრემლოდ ვერ გეტყვით. ერთ დღეს ალექსის დაკარგული შვილი გამოჩნდა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა და დიალეზზე იყო შეერთებული. მან შემთხვევით ტელევიზიით ნახა ერთ-ერთი ვიდეო, იცნო მამა და იყვირა, მამაჩემიო.
საფრანგეთში რომ წავიდა, ამ კაცს ბინა სხვა შვილმა გაუყიდა და ვეღარ დაუკავშირდა მამას.
მაშინვე დარეკა პირველ არხზე, იქ უთხრეს ჩვენი ტელეფონი, სერიალებში ხომ გინახავთ ამბები, ისეთი რამ მოხდა, ქალაქის ნომერზე საფრანგეთიდან დაირეკა, ალექსის შვილიაო, თქვეს… ვაიმე, ჩაგვაკვდება ხელში-მეთქი, – ვიფიქრე. იქ ის ბიჭი ტირის, აქ – მამა. სკაიფი ჩავრთეთ და დავალაპარაკეთ მამა-შვილი… უცებ 100 ევრო გამოუგზავნა, რაღაც უყიდეთო. მერე სულ უკავშირდებოდა მამას.
ბოლოს რომ დამძიმდა ალექსი, ამ ბიჭმა გვითხრა, ჩამოვალ, ოღონდ მანდ რომ მოვალ, დიალეზი გამიკეთონო. გამოფრინდა და ერთი დღით დააგვიანა, დილით ჩამოფრინდა, ალექსი კი ღამით გარდაიცვალა…
ისეთი ისტორიებია… დასაწერად ღირს… ერთია, როდესაც გარედან ვიღაცა ყვება ან აჩვენებ, მეორეა, თავად რომ ხარ ისტორიების შემსწრე, ისტორიებისა, რომლებიც არ მთავრდება. აქ ყველა ადამიანი, სათითაოდ, ერთი ისტორიაა.
– დღესასწაულებს, დაბადების დღეებს აღნიშნავთ… რომელ საღამოს გამოარჩევდით?
-ახალი წლის საღამოს გავიხსენებ. ჩვენთან ბებო ნუნუ ცხოვრობდა, ყველას სიგიჟემდე გვიყვარდა… მიწასთან მუშაობა უყვარდა, დილის 6 საათზე ადგებოდა, ეზოში გარბოდა, ქინძი, მწვანილები ჰქონდა დათესილი…
მერე ეს ბებო დაუბრუნდა თავის სოფელს, უარი ვერ ვუთხარი, იმდენად სჭირდებოდა მის სულს მამისეულ სახლში დაბრუნება. როგორც კი მიეცა შესაძლებლობა, რომ იქ შეიძლებოდა ცხოვრება, დაბრუნდა. თუმცა არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. გავიდა თითქმის წელიწადი, რომ არ გვენახა. ახალი წლის ღამეა, 31 დეკემბერი, მეუბნებიან, ქალმა დარეკა, მოედანზე დგას და ვერ აგნებს სახლსო.
გაიქცნენ ჩვენები, მირეკავენ, ნუნუ ჩამოვიდაო. არ ველოდებოდი… ისე ავღელდი. სიხარულის ცრემლები იყო… ასეთი ურთიერთობებია ჩვენთან და მინდა, ასეთი იყოს ყველგან, რომ ერთმანეთი უყვარდეთ…
– როგორ მოდიან თქვენთან მოხუცები? როგორ გპოულობენ?
– ჯანდაცვის სამინისტრო აგზავნის სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ყოფილა შემთხვევა, ჩვენც გვიპოვია და დავხმარებივართ…
– მრავალი ადამიანი თუ ორგანიზაცია გეხმარებათ…
– დიახ, მრავალი ადამიანისთვის ძალიან ახლობელი გავხდით, გვირეკავენ, მოდიან, გვიკავშირდებიან.
დღესაც ტელეფონმა დარეკა, რესტორან „გაგრიდან“ გვირეკავდნენ. გვითხრეს, პროდუქტებს მოვიტანთო… დიდი საქმეა, როცა სრულიად უცხო ადამიანი გადაწყვეტს დახმარებას, ასე გვეხმარება რესტორანი „კახელები“, ასევე – ფიზიკური პირები.
„ლიბერტი ბანკი“ გვეხმარება, პროექტი აქვთ და იმ პროექტის ფარგლებში ყველა დღეასწაულზე ჩვენთანაა. მადლობა ისნის რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს, ჩვენი მეგობარი და განსაკუთრებული პიროვნებაა, ჩემს მოხუცებს ძალიან უყვართ.
პირველ იანვარს, ახალ წელს, როცა ყველა ძალიან ახლობელ ადამიანთან მივდივართ, მან მოკიდა 15 წლის ბავშვს და ჩვენთან ერთად გაატარა პირველი იანვარი, ჩვენს სუფრაზე იყო, გაახარდა მოხუცები…
თბილად მინდა მოვიხსენიო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ასევე ისნის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე. ახლახან გავიცანი ქალბატონი მარიკა დარჩია, რომელმაც დიდი სითბო შემოიტანა პანსიონატში…
ხშირად გვსტუმრობს ეროვნებით სომეხი აბო ვართანოვი. თავის მეგობარს, რომელიც გარდაიცვალა, 85 წლის გასაცოდავებული დედა დარჩა. ჯერ თვითონ წაიყვანა სახლში და უვლიდა, მერე ჩვენთან მოიყვანა. უანგაროდ გვეხმარება, არაფერს არ გვაკლებს, ის ბებო მეორე წელია, აღარ არის, მაგრამ ეს ადამიანი მაინც მოდის და სულ ჩვენ გვერდშია. მას სიკეთის მოთხოვნილება აქვს. როგორც გავიგე, მხოლდო ჩვენ კი არა, ყველას ეხმარება.
მადლობა ყველას იმ ადამიანს, ვისაც სიკეთის უანგაროდ კეთება შეუძლია.
– ჰობი…
– შუშა და შუშის ნაკეთობა ძალიან მიყვარს. ბავშვობაში სხვადასხვა ფორმის ჭიქებს ვაგროვებდი. ახლა, რაც აქ ვარ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ ბაღში მუშაობით, ხეების დარგვით, მცენარის გახარებით… ყვავილს რომ ჩავრგავ და მალე გაიფოთლება, მიხარია.
არც კი ვიცი, რას ჰქვია თავისუფალი დრო… ყოველთვის რაღაცაზე განაწილებული მაქვს დრო.
– უჩვეულოა, რომ ერთად ცხოვრობთ და დილით ერთად იღვიძებთ…
– ეტყობა, ამანაც განაპირობა ის, რომ მოხუცები დედას მეძახიან. ნუნუ ბებოზე რომ გიამბეთ, პირველად ეს სიტყვა მან გააჟღერა. რომელიღაც დღესასწაული გვქონდა, წამოდგა და მორიგი სადღეგრძელოს დროს მეუბნება, რაღაც უნდა გითხრათ, მე შვილი არასდროს მყოლია და სულ ვფიქრობდი, ვიღაც გამიწევდა შვილობას სიბერეში, მაგრამ 74 წლის ასაკში დედას თუ ვიშოვიდი, ეს არასდროს მიფიქრიაო. მერე ყველამ აიტაცა ეს. დღეს, მართლაც, დედასავით ვარ მათთვის.
– პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ…
– სამხატვრო აკადემია მოსკოვში დავამთავრე. არასოდეს მიმუშავია ჩემი პროფესიით. ყოველთვის სხვადსხვა ადგილას კომერციული დირექტორი ვიყავი. ვიდრე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, სამედიცინო ტექსნიკუმი დავამთავრე და ყელ-ყურის ექთნადაც ვმუშაობდი.
მერე უკვე, როცა მოსკოვიდან დავბრუნდი, ერთ-ერთი ფირმის კომერციული დირექტორი ვიყავი. ამ დროს მოჰკვეთეს მამას ფეხი, უარი ვთქვი სამსახურზე, რომ მამისთვის მიმეხედა. ის 16 წელი სულ თბილისში მშობლებთან ვიყავი. ქალაქიდან არსად წავსულვარ. დედაჩემი ხელს არ მიშვებდა. ეშინოდა, თუ მის გვერდით არ ვიქნებოდი, ვერ იცოცხლებდა…
შემდეგ დავვოჯახდი, მაგრამ მეუღლესთანაც დიდხანს არ მომიწია ყოფნამ. არც შვილები გვყავს, ალბათ, ქვეცნობიერად ვგრძნობ, ამ სახლისთვის მამზადებდა უფალი.
რაც ეს სახლი გავაკეთე, მანამდეც ვგრძნობდი, მრავალი უცნაურობა ხდებოდა ჩემს ცხოვრებში. თანდათან დავინახე, რომ სრულიად უცხო ადამიანები, სულ რომ არ ელოდები, უცებ მოგევლინებიან და ისეთ სიკეთეს გაგიკეთებენ, ვერანაირად ახსნას ვერ უძებნი… მერე ჩაუფიქრდები და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ზემოდან ხდება, უხილავი ძალა განაგებს…
თამარ შაიშმელაშვილი