სტივ ჰედლი: ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავო
სტივ ჰედლი 2008 წლის ომზე, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს.
„ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამოო“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი.
ამერიკის ხმამ სტივ ჰედლისთან ინტერვიუ გასულ წელს ჩაწერა.
„მახსოვს ომამდე თეთრ სახლში სააკაშვილის ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამოო“,- ამბობს სტივ ჰედლი.
ჟურნალისტის კითხვაზე – გააფრთხილა თუ არა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილი, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მარტო დარჩებოდა, სტივ ჰედლი პასუხობს:
„მარტო დარჩებოდა არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე განუცხადა. კონდოლიზა რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია“, – განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა.