ზარქუა: სპონტანურად გადავწყვიტე ომში წასვლა, ჩანთას რომ ვალაგებდი, არც კი ვიცოდი რა უნდა წამეღო
ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ექიმი ჯაბა ზარქუა 2008 წლის აგვისტოში 20 წლის იყო. როგორც იხსენებს, სამხედრო კომისარიატიდან 7 აგვისტოს, ღამით დაურეკეს და უთხრეს, რომ მის სახელზე გაწვევა იყო. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ჯაბა ზარქუას ისტორიას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ:
“7 აგვისტოს ღამით, 8 აგვისტო რომ თენდებოდა, დამირეკეს სახლში კომისარიატიდან. ვიღაც გოგომ მკითხა, ჯაბა ზარქუა ხარო? კი-მეთქი. მითხრა, გაწვევა არისო. ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ომი რომ დაიწყო. წინა დღეს ნასვამი ვიყავი და საერთოდ მოწყვეტილი ვიყავი მიმდინარე ამბებს. მეგობრებს დავურეკე, ვისთან ერთადაც ვიყავი რეზერვში, 5 შევიკრიბეთ და წავედით.
მე პირდად მაშინ ტვინახურებული მილიტარისტი ვიყავი. არც მიფიქრია, რომ არ წავსულიყავი. ავდექი და წავედი, ძალიან სპონტანურად მივიღე ეს გადაწყვეტილება. იმდენად წარმოდგენა არ მქონდა, ომი რა იყო, ჩანთას რომ ვალაგებდი, არც კი ვიცოდი რა უნდა წამეღო. ან საიდან უნდა მცოდნოდა, ომში რა ტანსაცმელი უნდა წაიღო… ხომ არ იცი ადამიანმა, გჭირდება თუ არა რამე.
ზაფხული იყო, წავედი შორტებით, ჩანთაში კი მედო კბილის ჯაგრისი, წინდები და აბსოლუტურად არაადეკვატური ნივთები, რაც შეიძლება ადამიანმა ომში წაიღოს. ჩემებსაც ძალიან გაუკვირდათ. გამთენიისას მივუკაკუნე და ვუთხარი, წავედი-მეთქი, სად წახვედიო, მკითხეს. ომში წავედი-მეთქი, არც იცოდნენ, ომი რომ იყო დაწყებული, პირველივე დღეს დაგვიძახეს და წავედით. გული გაუსკდათ, თვალში წესიერად ვერ ხედავ, სად მიდიხარო. მსროლელი მე დიდად არ ვარ, რეზერვშიც რაც მასწავლეს, იქაც დიდი უნარებით არ გამოვირჩეოდი.
რომ შევიკრიბეთ ლოკომოტივის სტადიონთან, ავტობუსებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს ვაზიანში. იარაღები ავიღეთ და ფორმები ჩავიცვით. მერე წაგვიყვანეს აბრევში, რომელიც ჩვენი აღარ არის. აბრევში ვნახე პირველად მებრძოლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ღამე სავარაუდოდ სროლა დაიწყებოდა და სანგრის გათხრა დაგვავალეს. აქ პირველად შევეჯახეთ ომის გარემოს, როცა უკვე მართლა დავიჯერეთ, რომ ცრუ განგაში არაა და მართლა სერიოზულ ამბავშვი მოვხვდით. ორი თუ სამი ასეული ვიყავით, გაგვანაწილეს პერიმეტრზე, ზოგი ტყეში წაიყვანეს, ნაწილი ქვევით დავრჩით. იქ გამოჩნდა ჩვენი სრული მოუმზადებლობა საომარი ვითარებისთვის.
მოხდა ერთი ასეთ ინციდენტი: ტყეში ვინც იყვნენ, იქიდან ერთ-ერთი რეზერვისტი მოსასაქმებლად გავიდა. რამდნეიმე მეტრით დაიწია, ქვემოდან რომ დაინახეს ჯარისკაცის ფორმიანი ადამიანი, ეგონათ მტერი და გახსნეს ცეცხლი. გამოვიდა, რომ რეზერვისტთა ერთი ბატალიონის ხალხი ერთმანეთს ესროდა. არავინ არ დაჭრილა, არავის არაფერი მოსვლია, სასწრაფოდ გამოვარდნენ უფროსები, გამოცდილი ხალხი და, როგორც იქნა, ჩაწყნარდა. სრული ქაოტური სიტუაცია იყო. ის ღამე იქ გავატარეთ, მერე მოვიდა ინფორმაცია, ვიღაცები ამოვიდნენ ჯიპებით და თქვეს, რუსები მოდიან აქეთ და წავედითო.
გამთენიისას ავიშალეთ, რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ ფეხით სწრაფი ნაბიჯით, მერე ავტობუსები დაგვხვდნენ და წაგვიყვანეს გორში. გზადაგზა ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი გვხვდებოდა, მოგვტიროდნენ გზაში, საჭმელს გვაძლევდნენ.
გორში რომ მივედით, გვითხრეს, ვიშლებითო. ტანსაცმელს ვიცვლიდით, იარაღს ვაბარებდით. ამ დროს გორში ატყდა სროლა, სრული ქაოსი და პანიკა შეიქმნა. უცბათ მთელი ნაკადი გავარდა სადღაც. თან რომ დავფიქრდი, გორში თუ შემოვიდნენ რუსები, კარგად გვქონია საქმე-მეთქი. იქაც ისევ მოხდა გაუგებრობა. პატრულმა და სამხედროებმა განმუხტეს, შუაში ჩადგნენ.
გორში შემოსულა თურმე ცხინვალისკენ მიმავალი ჩვენი სატანკო დივიზიონი, რომელიც აღიქვეს უცხოდ სხვა რეზერვისტებმა და ისევ გახსნეს ცეცხლი. ისინი ისროდნენ ჰაერში, როგორც ჩანს, მისალმების ნიშნად და ეს ჰაერში სროლა ამათ არასწორად გაშიფრეს.
დროზევე აილაგმა ის სიტუაცია გორში, კიდევ კარგი, ერთმანეთი არ დავჭერით. ეს კიდევ ერთი სიმპტომია რამდენად არაორგანიზებული და სახიფათო იყო ჩვენი ეს “სეირნობა” საზღვრისპირა სოფლებში, სადაც შეიძლებოდა ძალიან მარტივად მიგვეყენებინა ერთმანეთისთვის ზიანი მოუმზადებლობის გამო.
გორში შეიცვალა განკარგულება, არსად არ მიდიხართ, ვაგრძელებთ საქმესო. ჩავიცვით ისევ ფორმები და წავედით მეჯვრისხევში. იქ დავბანაკდით ერთი დღე. მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ ომი დამთავრდა, მე ხომ გარედან არ ვუყურებდი ამ მოვლენებს და ინფორმაცია, რა იყო სწორი და რა არა, არ გვქონდა. ამბობდნენ, ჩვენები ცხინვალში შევიდნენო და ეს ინფორმაცია გავრცელდა ჩვენთან, რომ მოვიგეთ ომი, ჩვენების კონტროლია ცხინვალშიო.
იქიდან წაგვიყვანეს სხვა სოფელში, საიდანაც ჩანდა უკვე საომარი ეპიცენტრი. გვითხრეს, აქეთ არის ცხინვალის ტრასაო. გავიხედე, შებინდებული იყო, მაგრამ ცა სროლებისგან განათებული იყო, ძალიან ახლოს ვიყავით. ვხედავდით, იმ ტრასიდან უკან გამოდიოდნენ პროფესიონალი მებრძოლები, დაღლილები, ზოგი დაჭრილი იყო.
გვითხრეს, ნაწილი ადექით და შედით, თუ გინდათო. ეს ნიშნავდა ცხინვალში შესვლას, ან სახლში წასვლას. ამას გვეუბნებოდნენ რეზერვისტებს, 20 წლისებს, რომლებმაც წესიერად სროლა არ ვიცოდით. ჩვენ 5 მეგობარი ვიყავით სამედიცინო უნივერსიტეტიდან. მოვილაპარაკეთ და მივხვდით, რომ ვიღაცას დაჭრილად უნდა ავკიდებოდით ზურგზე, რაც აუცილებლად მოხდება ყველაზე კარგ ვარიანტში, ყველაზე ცუდ ვარიანტში კი გვამებად გვათრევდნენ. ვამჯობინეთ, რომ რაც ვიცით -ნემსის გაკეთება, სისხლის გადასხმა, ცოტა დაჭრილის მოვლა- წამოვსულიყავით და რაშიც ოდნავ მაინც გამოვდგებოდით და მეტი სარგებლის მოტანა შეგვეძლო, ის გაგვეკეთებინა. ასეც მოვიქეცით. ომის ეპიცენტრში ბევრი რეზერვისტი არ შესულა.
იქიდან თბილისში წამოვედით. მეგობრის მამა ჩამოვიდა მანქანით და მას წამოვყევით. თბილისში რომ ჩამოვედით, უკვე 11 აგვისტო იყო, ომის ამბავი დამთავრებული იყო, მაგრამ თბილისში ძალიან დიდი პანიკა დაგვხვდა. გავრცელდა ჭორი, რომ დიღომთან არიან რუსი სამხედროები და თბილისში შემოდიანო. დეზინფორმაცია აღმოჩნდა, მაგრმ ამას ავყევით ყველა.
სახლში ჯდომას აზრი არ ჰქონდა, დავურეკე ჩემს ლექტორს, რომელიც ქირურგიას მასწავლიდა. ვკითხე, რა მექნა და რისი გაკეთება შემეძლო. მითხრა, გამოგივლი და წავიდეთ საავამდყოფოში, დაჭრილები არიანო. ეს იმიტომ მოვყევი, რომ ორგანიზებული სახე, რომ სამედიცინოს სტუდენტები ჩამოვიდნენ და დაიხმარეთ, აქეთკენ გადაისროლეთ – არ იყო.
მთელი ეს ისტორია მეტყველებს, რომ ჩვენი სარგებელი სამშობლოსთვის იყო ნული. არც გვიბრძოლია და ვერც ვიბრძოლებდით. რისთვისაც რეზერვი იყო შექმნილი, ვერც ის გავაკეთეთ. სამწუხაროდ, რამდენიმე რეზერვისტი, ვინც დაბომბვაში მოხვდა, დაიღუპა. სრულიად ქაოტურად და უსისტემოდ ხდებოდა ჩვენი გამოყენება. წავედი მერე საავადმყოფოში. ორი თუ რამდენიმე ღამე დავეხმარე. ელემენტარული ექთნის და სანიტრის დონის საქმეს ვაკეთებდით და ამით დავამთავრეთ მოღვაწეობა.
11-12 აგვისტო იყო. თქვეს, თბილისის დაბომბვა იგეგმებაო. მაშინ ალადაშვილის კლინიკაში ვიყავი. თქვეს, თავდაცვის სამინისტროს ბომბავენო და კლინიკაში ევაკუაცია დაიწყეს. გონებაგათიშული, მექანიკურად, 1 000 კაცი მიდის, 1001-ე შენ ხარ. ასეთი იყო მთელი ჩვენი სამხედრო მომზადება. დაჭრილები ზოგი თავისით გამოდიოდა, ზოგი ჩვენ მოგვყავდა. ამანაც გამოაჩინა, რომ ძალიან მოუმზადებლები ვართ ომისთვის.
წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.