გივი თარგამაძე: როცა ითხოვენ, რატომ არ იყო უმაღლესი ხარისხის დაგეგმვა? საიდან უნდა ყოფილიყო?

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ „პირველთან“ ინტერვიუში 11 წლის წინათ, 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებული მოვლენები გაიხსენა:
ითვალისწინებდით თუ არა უცხოელი პარტნიორების გაფრთხილებას, არ დაგეწყოთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში?
– ძალიან ისეთი კითხვაა, კი, ვითვალისწინებდით, როგორც მეკითხებით, ისე გპასუხობთ.
რამდენად სრულყოფილად აწვდიდით უცხოელ პარტნიორებს ინფორმაციას?
– სრულყოფილად.
უფრო ვრცელი პასუხი, თუ შეიძლება.
– კითხვას სვამთ ისეთს, რომ იძულებული ვარ, ეგრევე გიპასუხოთ (იცინის). სრულყოფილად ვაწვდიდით.
იყო თუ არა ვალდებული ხელისუფლება, ყველა ღონე ეხმარა მშვიდობის შესანარჩუნებლად?
– ხელისუფლება იყო ვალდებული, დაეცვა თავისი მოქალაქეები, რომლებსაც ესროდნენ, მათ შორის მძიმე შეიარაღებით, უნდა დაეცვა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეები და დაიცვა კიდეც.
რას ემსახურებოდა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ქართულ რეგიონში დამატებითი შეიარაღების შეყვანა?
– ეს ომი რომ მზადდებოდა, დაახლოებით 5 წლის მანძილზე, ჩვენც ვხედავდით, პარტნიორებსაც ინფორმაციას ვაწვდიდით და ეს არ იყო საიდუმლო, რომ რაღაც ისეთი მზადდებოდა. კონკრეტულად რომ ამ მომენტში იქნებოდა მაინცდამაინც… გაირკვა, რომ ამ მომენტში, თორემ თქვენ თუ გახსოვთ, აქამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო კონდოლიზა რაისი თბილისში, როდესაც შემოაფრინეს თავიანთი თვითმფრინავები რუსებმა თბილისის საჰაერო სივრცეში და პირველად თქვეს, ჩვენ ვართო. მანამდე იძახდნენ, რომ გაურკვეველი საფრენი აპარატები იყო, მაშინ კი თქვეს, ეს ჩვენი საფრენი აპარატებიაო. შესაბამისად, ომი რომ იყო მომზადებული, ამაზე, მემგონი, არანაირი კითხვა არ არსებობს.
რა საფუძველი გქონდათ, გემტკიცებინათ, რომ ჩვენი არმია გაანადგურებდა რუსულ თვითმფრინავებს და მოიგერიებდა არმიის შემოტევას?
– ჩვენ ამას ვამტკიცებდით?
ხომ ამბობდით, რომ წინააღმდეგობას გაუწევდით რუსულ ძალას, რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს?
– ვერ გავიგე, რაღაციდან გამოდიხართ, რაღაც გაქვთ, რაღაც ვიდეო, ან რაღაცა, იქიდან მეკითხებით ამას? მე არ მესმის, რატომ მეკითხებით ამას. მე ვიძახი, რომ მაქვს ეს საფუძველი თუ?
საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით მომზადებას ვგულისხმობთ.
– ისე მეკითხებით, აშკარად, „რა საფუძველი გქონდათ, რომ გემტკიცებინათ“, ანუ სადმე არის, რომ მაგას ვამტკიცებთ? საფუძველი საერთოდ არ გვქონდა, მაგრამ მიუხედავად საფუძვლისა, ბევრი რაღაც ჩამოვაგდეთ, ისე მართლა. სახმელეთო ჯარის სარდალი დავჭერით კიდევ.
საომარი მოქმედებების დაწყების დროს, გქონდათ თუ არა მსოფლიოს მხარდაჭერა, რამდენად გქონდათ მიწოდებული ინფორმაცია მსოფლიოსთვის, რა რეკომენდაცია მოდიოდა მათგან? ის პერიოდი რომ გავიხსენოთ…
– ყველამ ვიცით ხომ, რომ ომი სპეციალურად დაიწყო იმ დროს, როცა ოლიმპიადა მიმდინარეობდა და ამიტომ იყო ნაკლები მხარდაჭერა, ნაკლები შესაძლებლობა ინფორმირების. მაგიტომ გააკეთეს იმ დღეს, 7 რატომ იყო არჩეული, იმიტომ, რომ იყო ოლიმპიადა, იყო შუა ზაფხული და იყო ყველაზე რთული პერიოდი მაგ თვალსაზრისით. მე პირადად ველაპარაკებოდი ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ იძახდნენ, როგორ იყო დაგეგმილი, როგორ იყო განსაზღვრული, როგორ ხდებოდა, როდიდან, როდემდე და ა.შ.
ომის დროს თუ იყო ქართული მხარის მხრიდან შეცდომები, რომლებსაც ამდენი წლის შემდეგ დღეს აანალიზებთ?
– კი, იყო, როგორ შეიძლებოდა, რომ არ ყოფილიყო. ერთადერთი, ყველაზე უფრო მეზიზღება ის თემა და ის ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ ომის შემდეგ მივატოვეთ ცხედრები და ა.შ. ეს არის არამზადობა, ვინც ამას ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მართლა შევაკვდით ბოლომდე იმას, რომ… დაელაპარაკონ იმათ მშობლებს, ვისზეც იძახიან. როგორ იყო და რა იყო, დაელაპარაკონ. ან დაელაპარაკეთ მეუფე ანდრიას გორში, ვინ დაყარა და ავყარეთ არა ის. ეს ერთი და, მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსი რატომ იყო ესა და ეს. გენერალური შტაბის უფროსი იცით, ვინ უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში?! 4-ვარსკვლავიანი გენერალი, ამერიკელი 4-ვარსკვლავიანი გენერლის გაზრდას სჭირდება დაახლოებით 40 წელი, საბრძოლო ტრადიციებით. ჩვენ საიდან უნდა გვყოლოდა ეგეთი? რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ის ადამიანები, ვინც იბრძოდნენ, იბრძოდნენ მთელი გულით და სულით. არ შეიძლება ქვეყანაში, რომელიც არის საბჭოთა კავშირიდან ახალი გამოსული… მაგალითად, რომ არ გაწყვეტილიყო ის ტრადიცია ჩვენი გენერლების, მაზნიაშვილის და ა. შ. მაშინ არ გვექნებოდა ასეთი შეცდომები, მაგრამ ეს ხალხი დახოცეს თავის დროზე. როცა ითხოვენ, რატომ არ იყო უმაღლესი ხარისხის დაგეგმვა? საიდან უნდა ყოფილიყო, საიდან, მაინტერესებს?
იმასთან დაკავშირებითაც არის დღემდე საუბარი, რომ თავდაცვის მინისტრი არ იყო ადგილზე და არაკომპეტენტური პირები იღებდნენ გადაწყვეტილებებს?
– ვინმე გვყავდა 4-ვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც არ დავნიშნეთ?! საიდან უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი კომპეტენტური, რომელიც არ დაუშვებდა შეცდომებს, საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, საიდან უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი? მაზნიაშვილი არ უნდა მოეკლათ მაშინ რუსებს თავის დროზე. მაშინ არ დავუშვებდით შეცდომებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები