გურამ ნიკოლაშვილი: საქართველოს მთავრობა, მინისტრ ვაშაძის ხელით, ხალხისგან მალულად წერდა რუსულ მხარეს და ითხოვდა კულტურული კავშირების აღდგენას

„საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რუსეთი გახდა ოკუპანტი, სააკაშვილმა გარე მტრის ხატის გამოყენებით დათრგუნა პოლიტიკურიოპონენტები, რითაც მოეხსნა წნეხი და „ამოისუნთქა”,  – წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სტატიაში „ვინ „ამოისუნთქა” 2008 წელს”.
მისი თქმით, სააკაშვილმა გაითამაშა დავითისა და გოლიათის მეტაფორა, როდესაც სუსტი ამარცხებს ძლიერს.

„ომში მარცხის მიუხედავად, ქვეყნის 20 პროცენტის დათმობის ხარჯზე მან გამარჯვებად გამოაცხადა 80 პროცენტის შენარჩუნება. ომისშემდგომი რიტორიკა ამის ყველაზე კარგი დასტურია. მან ეს გააკეთა რუსეთისთვის მთავარი ინტერესის დაკმაყოფილების ხარჯზე – გაემყარებინა სამხედრო პოზიციები კავკასიაში და შური ეძია კოსოვოს აღიარებისთვის. ინტერესები დაემთხვა. რუსეთს სჭირდებოდა ომი, მიშას კი გარე მტერი. ლეგიტიმაციისთვის მას სჭირდებოდა გარე ფაქტორი, რომელიც რუსეთთან ჭიდილში უნდა მიეღო. ცხინვალის დაბრუნების შემთხვევაში ის იღებდა ტრიუმფს და გაამართლებდა ყველა დანაშაულს, რაც მანამდე ჩაუდენია. დამარცხების შემთხვევაში თავს წარმოაჩენდა რუსეთთან მეომარ ფიგურად. ის შექმნიდა ნარატივს, რომლითაც დადგებოდა იმ სტატუსზე მაღლა, ვიდრე ამას შიდა პოლიტიკური ვითარება ანიჭებდა” – ამბობს სტატიის ავტორი.
მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეს სააკაშვილმა მიაღწია ამ მიზანს. ომმა გადაფარა ქვეყნის შიგნით არსებული მძლავრი ოპოზიციურ განწყობა მის მიმართ. ომის პირველივე დღეს ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს მორატორიუმი შიდა დაპირისპირებაზე. რუსული საფრთხის საშუალებით მოხდა მათი განეიტრალება. ამისთვის სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ოპოზიციას და ლევან გაჩეჩილაძეს მხარდაჭერისთვის. https://old.civil.ge/geo/article.php?id=19107&search=
„მთავარ პოლიტიკურ მიზანს მან მიაღწია, მან ამოისუნთქა ოპოზიციისგან. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ქვეყანა აღმოჩნდა ისეთ განსაცდელში, რომელმაც განაპირობა ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ქვეყანა დადგა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, გათიშული ხალხი გაერთიანდა სახელმწიფოს დასაცავად. სახელმწიფოს კი ჰყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ისარგებლა ამ ერთიანობით. მას მიეცა ამოსუნთქვის საშუალება, მას მიეცა მმართველობის გაგრძელების საშუალება, მას მიეცა დღის წესრიგის მთავარი საკითხის შეცვლის საშუალება. ომის შემდგომ დღეებში სააკაშვილი გამოთქვამდა მზადყოფნას საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად. შემდეგ კი მას არ მოეწონა ტალიავინის კომისიის დასკვნა. შექმნა საკუთარი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, სადაც წარმოადგინა მომხდარის თავისი ვერსია და გაამართლა ომამდე და ომის დროს მიღებული გადაწყვეტილებები. რუსეთის აგრესიითა და ოკუპაციით გადაიფარა ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცდომები. დავიწყებას მიეცა ფაქტი, რომ ამ ომს ჩვენ ვიახლოვებდით როგორც შეგვეძლო” – აცხადებს ნიკოლაშვილი.
ამასთან, მისი თქმით, პროპაგანდის მიერ დახატული რუსეთის მიღმა არსებობდა რეალური რუსეთი, რეალური გავლენით და როლით საერთაშორისო ურთიერთობებში.
„საქართველოს მთავრობა მინისტრ ვაშაძის ხელით ხალხისგან მალულად წერდა რუსულ მხარეს და ითხოვდა კულტურული კავშირების აღდგენას, ხალხისგან მალულად შემოჰყავდათ ქვეყანაში რუსული ენერგოკომპანიები და რაც მთავარია, ღიად და ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, 2010 წელს ნაწილობრივ და 2012 წელს სრულად. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა იმ ხალხის მიერ, რომელმაც უარი უთხრა პროპაგანდით ცხოვრებას. 2012 წელს ნაცმოძრაობა დამარცხდა, დაკარგა სახელისუფლო ბერკეტები, მაგრამ შეინარჩუნა პროპაგანდის მანქანა, ნაცმოძრაობის სპიკერების მთავარი პლატფორმა, სადაც მოკრიბა იდეური მოკავშირეები და შეუტია საჯარო სივრცეს. დაიწყო ნარატივთა ბრძოლა, სადაც სააკაშვილმა პროპაგანდის მთავარი იარაღი მიმართა ომის მოვლენებისა და შედეგების ერთ რიტორიკულ კითხვაში მოსაქცევად – „ვინ დაიწყო ომი”. მისაღები იყო მხოლოდ ერთი პასუხი, ომი რუსეთმა დაიწყო, და ნებისმიერი სხვა რაკურსით მოვლენათა ანალიზი, სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა, მის შეცდომებზე საუბარი მოინათლა ომში საქართველოს დადანაშაულებად. რაკი ომი რუსეთმა დაიწყო, მიშა უდანაშაულოა – ეს იყო და არის მთავარი მესიჯი. მიშას ბრალეულობის, როლის, მოქმედებების განხილვა აღარ ხდება, რადგანაც „ომი ხომ რუსეთმა დაიწყო”. სააკაშვილმაც სწორედ ამ მარტივ ფორმულაზე ააგო თავისი დასაცავი პროპაგანდა.” – ამბობს ავტორი.
მისი თქმით, მთელი ზემოთმოცემული მსჯელობის დასკვნა არის მარტივი: საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რუსეთი გახდა ოკუპანტი, სააკაშვილმა გარე მტრის ხატის გამოყენებით დათრგუნა პოლიტიკური ოპონენტები, რითაც მოეხსნა წნეხი და „ამოისუნთქა”. ამოისუნთქა იმდენად, რომ მალევე დაიწყო ზრუნვა მმართველობის უვადოდ გასაგრძელებლად – 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა გადაიყვანა საპარლამენტო მოწყობაზე სუპერსაპრემიერო მმართველობით. დღეს კი, დამარცხებული და ქვეყნიდან გაქცეული, იგივე პროპაგანდით და ყველა საშუალებით აგრძელებს ოპონირებას ხელისუფლების კვლავ დასაბრუნებლად და რევანშის განსახორციელებლად” – წერს ნიკოლაშვილი.

სტატიის ბმული: https://www.kvirispalitra.ge/politic/55992-vin-qamoisunthqaq-2008-tsels.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები