„არცერთი ქორწილი ერთმანეთს არ ჰგავს“ – როგორ აბედნიერებენ „მალიბუს ყვავილები“ წყვილებს?
სკოლის პერიოდიდან ხატავდა. ისე მოხდა, რომ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ეს პროფესია არ გამოუყენებია, შემთხვევითობის წყალობით, დიზაინერობა დაიწყო. თავიდან მეგობართან ერთად საკუთარი ქორწილი გააფორმა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ მოზღვავებული სურვილები რეალურად სხვის ქორწილებში განეხორციელებინა. ასე შექმნა, მეგობართან ერთად, კომპანია ,,მალიბუს ყვავილები“.
სეზონის მიხედვით თვის დატვირთვაც განსხვავებულია. ზოგჯერ ერთ დღეს 2 ან 3 ქორწილიც გაფორმებაც კი უწევთ.
ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, წყვილის სურვილები ისე გაითვალისწინონ, რომ სრულიად ახალი, განსხვავებული დეკორაცია შექმნან, რაც მხოლოდ მათი დღისთვის იქნება დამახასიათებელი და წყვილის ისტორიას მოყვება. – დიზაინერ ლიკა ჯიღაურის პერსონა.
– მთელი ბავშვობა, ძირითადად, ბებია-პაპასთან გავატარე. პირველი შვილი, პირველი დისშვილი, ძმისშვილი, შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და ყველა მე დამტრიალებდა თავს.
10 წელი გამიგრძელდა ,,დედისერთის“ სტატუსი, შემდეგ გაჩნდნენ ჩემი დები და, როგორც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე, მეც უცებ ,,გავიზარდე“.
ვფიქრობ, განსაკუთრებული ბავშვობის პერიოდი ჰქონდა ზოგადად ჩვენს თაობას, მაშინ როცა არ იყო არანაირი კომპიუტერული თამაშები და მთელ დღეს ეზოში თამაშში ვატარებდით. ახლა ამ ემოციებს, სამწუხაროდ, მოკლებულნი არიან დღევანდელი პატარები.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი, ხელოვანი უნდა გამხდარიყავით?
– ოჯახში თითქმის ყველა ეკონომისტი იყო, ამიტომ, როგორც ყველგან ხდება, ჩემზეც ვარაუდობდნენ და გეგმავდნენ, რომ ეკონომიკის განხრით ჩავაბარებდი. თუმცა მაშინ, როდესაც კერძო კოლეჯში გადამიყვანეს და შემთხვევით დროის გასაყვანად მოვხვდი ხატვის წრეზე, აღმოჩნდა, რომ ხატვა შემეძლო. ამიტომ ეკონომიკის ფაკულტეტი შეიცვალა სამხატვრო აკადემიით. ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებაზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მშობლების თხოვნით არქიტექტურა ავირჩიე.
აკადემიის დასრულების შემდეგ საერთოდ არ მქონია შეხება ჩემს არჩეულ პროფესიასთან, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან მიხარია, რომ ასე მოხდა, მოვხვდი საჭირო დროს საჭირო ადგილას. რომ არა არქიტექტურის ფაკულტეტი, დღეს შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
– როგორი იყო სტუდენტობა?
– მართალია, პროფესია, რომელიც ავირჩიე, არც კი გამომიყენებია, მაინც ძალიან კარგად მახსენდება სტუდენტობის პერიოდი, რადგან უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი და ბევრი რამ ვისწავლე.
– რატომ გადაწყვიტეთ დიზაინერობა?
– შემთხვევით მოხდა – მეგობართან ერთად საკუთარი ქორწილის გაფორმება გადავწყვიტე. იმ პერიოდში ამ სფეროში რამდენიმე ადამიანი მუშაობდა და ვერ აკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს. ამიტომ საკუთარ თავზე ავიღეთ გაფორმება. ჩემი ქორწილი კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველა ის იდეა განმეხორციელებინა, რაზეც ვფიქრობდით. ამიტომ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა ჩვენი სურვილების რეალურად განხორციელება სხვის ქორწილებში.
– „მალიბუს ყვავილების“ დიზაინერი ხართ. ქორწილის აქსესუარების გალამაზება, სუფრის გაფორმება, თაიგულები… როდის და რა მიზნით შექმენით „მალიბუს ყვავილები“ და რატომ უწოდეთ ეს სახელი?
– ,,მალიბუს ყვავილების” დამფუძნებლები ვართ მე და ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც პირველი დღიდან მოვდივარ. მარიამ კლდიაშვილი ფლორისტიკის კურსებზე დადიოდა ერთ-ერთ ცნობილ სალონში და საოცრად უყვარდა ყვავილები, მე ქორწილებზე ვგიჟდებოდი, ამიტომ გავაერთიანეთ ეს ყველაფერი და მივიღეთ „მალიბუ“. ის რომ არ ყოფილიყო ჩემთან და მე მასთან, ალბათ არცერთს არ მოგვაფიქრდებოდა ცალ-ცალკე ქორწილების გაფორმება, რაღაც დაგვაკლდებოდა აუცილებლად და „მალიბუ“ „მალიბუ“ აღარ იქნებოდა.
რაც შეეხება სახელწოდებას, ყველაფერი ძალიან მარტივადაა: ჩვენი სახელების ინიციალებია ლოგიკური დასასრულით.
– თქვენს ლოგოზე სუკულენტებია, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ. რატომ?
– სუკულენტები მართლა განსაკუთრებული და სიმბოლურია მალიბუსთვის. იმ პერიოდში, როდესაც საქორწილო თაიგულების საკმაოდ არასტანდარტული ვარიანტების აწყობა დავიწყეთ, „მალიბუ“ იყო ერთ-ერთი პირველი განსხვავებული ხაზი ამ სფეროში.
სუკულენტები იყო სწორედ ის დეკორატიული მცენარე, რომელსაც ხშირად ვიყენებდით საქორწინო თაიგულებში. ერთ-ერთი პირველი ყველაზე პოპულარული თაიგული აწყობილი იყო სუკულენტები, რის შემდეგაც სასწაული სისწრაფით გაგვიცნო საზოგადოებამ.
– „მალიბუს ყვავილები“ – არავის ნახელავს არ ჰგავს, განსაკუთრებულია, ერთადერთია… რით განსხვავდება თქვენი კომპანია სხვებისგან?
– განსხვავება ალბათ უფრო ჩვენი დამოკიდებულებაა. არცერთი ქორწილი, ჩვენი ნამუშევარიც კი ერთმანეთს არ ჰგავს. თითოეულ მათგანს საკუთარივით ვიღებთ და ვაკეთებთ.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ წყვილის შესახებ და გავითვალისწინოთ მათი სურვილები ისე, რომ გამოვძერწოთ სრულიად ახალი და განსხვავებული ვარიანტი, რაც მხოლოდ მათი დღისთვის იქნება შექმნილი და წყვილის ისტორიას მოყვება.
– ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „მალიბუს ყვავილები“ დააარსეს და დღესაც თქვენთან ერთად საქმიანობენ?
– ერთგვარი ოჯახური ბიზნესია, უხეშად რომ ვთქვათ, მე და მარიამი, თავისი ოჯახებით. არქიტექტორები ვართ და ერთი წუთითაც არ გვიმუშავია ჩვენი პროფესიით. ჩვენ ვართ დამფუძნებლები ამ კომპანიის, „მალიბუ“ კი ახლა უკვე ერთი დიდი ოჯახია.
– მრავალ წყვილს ემსახურებით… გაიხსენეთ რაიმე სასიამოვნო…
– სეზონის მიხედვით თვის დატვირთვაც განსხვავებულია. არის შემთხვევები, როდესაც ერთ დღეს 2 ან 3 ქორწილიც კი შეიძლება გვქონდეს. ჩემი აზრით, ყველა წყვილს განსაკუთრებული ისტორია აქვს და დღემდე თითოეულ მათგანთან გვაქვს საოცარი ურთიერთობა.
– წლის ყველაზე აქტუალური დიზაინი და მასალები შერჩეული გაქვთ… როგორ ახერხებთ ქორწილის სუფრის დეკორაციები თანამედროვე და განსხვავებული იყოს?
– პირველ რიგში, ვისმენთ ისტორიას წყვილისგან, მათ სურვილებს, მოთხოვნებს და ამ ყველაფრის დამუშავებისას ვქმნით საერთო კონცეფციას, რასაც ქორწილის ყველა დეტალში სხვადასხვანაირად ვანაწილებთ. ყველა წელს თავისი ტენდენცია აქვს. წელს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მოდურია შავი დეტალები საქორწილო დეკორში. სწორედ გუშინ გვქონდა ასეთი ტიპის ქორწილი.
– ჰობი…
– ჰობი ჩემი პროფესიაა, ქორწილია ჩემთვის ის, რაზეც შემიძლია კვირაში 24 საათი ვიმუშაო. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შემთხვევით დედის საქორწილო კაბა ვიპოვე გარდერობში, მას შემდეგ ვოცნებობდი ქორწილზე. არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია.
– ოჯახი, შვილები…
– ჩემი მეუღლე ერეკლე ლურსმანაშვილი ის ადამიანია, ვინც ყველაზე მეტად მეხმარება ამ საქმეში. ის რომ არა, ბევრი საინტერსო იდეა შემოაკლდებოდა „მალიბუს“. პატარებიც ჩართულები არიან ამ საქმეში. სხვანაირად არ გამოდის.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ძალიან ბევრ რამეს. საკუთარი თავიდან დავიწყებდი ალბათ ცვლილებებს. დიდი სიამოვნებით წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში ოჯახთან და შვილებთან ერთად, რომ მქონდეს ამის რესურსი და საშუალება, საქმეს არ მიფუჭებდეს. თუმცა აუცილებლად დადგება ეს დროც. იმედია, არა მარტო ჩემს ოჯახში, ბევრი გადაწყვეტს ქალაქგარეთ საცხოვრებლად წასვლას, რაც ძალიან სჭირდება თბილისს.
– საყვარელი ყვავილი…
– საყვარელი ყვავილი რანინკულუსია, იგივე ბაია – ქართულად. საოცარი ფორმა და ფაქტურა აქვს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმა იმდენია, რომ, მგონი, სჯობს, ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავიტოვო.
თამარ შაიშმელაშვილი