მერიის წარმომადგენელი თუშეთში გახშირებული ავარიების მიზეზებს ასახელებს
ახმეტის მერიის წარმომადგენელი თუშეთში, ლადო კახოიძე “კვირის პალიტრასთან” თუშეთის გზის მონაკვეთზე არსებულ საფრთხეებსა და მოძრაობის წესებზე საუბრობს, სადაც აღნიშნავს, რომ გზა 1981 წელსაა გაკეთებული და ახალი გზის პროექტი უკვე მუშავდება.
მისი თქმით, ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ხშირად, მძღოლების სიმთვრალე და სიჩქარის გადაჭარბებაა, ამიტომ საჭიროა, ყველა მძღოლმა გაითვალისწინოს აღნიშნული წესები უსაფრთხო მოძრაობისთვის.
“მოასფალტებული გზა, დაახლოებით, 9 კილომეტრია, შემდეგ მეორე 9 კილომეტრზე ასფალტის ფრაგმენტებია, ამის მერე 10 კილომეტრი ჯერ ქვიანი, შემდეგ კი გრუნტიანი გზაა. ფშავლიდან ომალომდე სულ 72 კილომეტრია და ძალიან დაბალი სიჩქარით უნდა იაროს მძღოლმა. 3000 მეტრ სიმაღლეზეა ასასვლელი და უკან ჩამოსვლა უფრო რთულია, ამიტომ, როცა იქედან ეშვება ავტომობილი, დაბალი სიჩქარით, ნელ-ნელა უნდა ჩამოვიდეს. მთავარია, მუხრუჭების სისტემა მაქსიმალურად გამართული ჰქონდეს. ღამე არავის ვურჩევ ამ გზაზე სიარულს, რადგან ძლიერი ნისლია. ასევე, საფრთხილოა წვიმიანი ამინდი. რთულ მონაკვეთებზე გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებია, განსაკუთრებით 56-ე და 57-ე კილომეტრებია საშიში.
ეს გზა 1981 წელს გაიჭრა. როგორც ვიცი, ახალი გზის პროექტზე მუშაობენ. ტურისტებს აქაურობა ძალიან მოსწონთ. გვაქვს ტურისტული მარშრუტები, სადაც გადაადგილება უსაფრთხოა. პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყოველთვის ადგილზეა.
ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ხშირად, მძღოლების სიმთვრალე და სიჩქარის გადაჭარბებაა. თუ გზის თავსა და ბოლოში იქნებიან პოლიციელები, რომლებიც შეამოწმებენ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, კარგი იქნება. წლების წინ ამ გზაზე ასეთივე ტრაგედია მოხდა – 12 მეცხვარე ცხვრებიანად ჩაიჩეხა ხევში. იმ ადგილს დღემდე ცოდვიან ხევს ეძახიან.თუშ
ეთობას ვგეგმავდით, მაგრამ გლოვაა და აღარ ჩატარდა. შაბალაიძეების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მძღოლის, ზაურის მამა ერთ დღეში დაბერდა. იმ დღეს მძღოლმა ურთულესი მონაკვეთი გაიარა და ისეთ ადგილას დაიღუპა, სადაც არ იყო საფრთხე. გამოძიება მიდის და გაირკვევა მიზეზი. სავარაუდოდ, ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა. ამას ისიც დაემატა, რომ მძღოლს არ ჰქონდა “კამაზის” მართვის გამოცდილება. როდესაც მძღოლები თუშეთში მიდიან, მანქანაზე 1 ან 2 ტონა ტვირთს დებენ, რადგან მანქანას სიმაღლეზე ატანა უჭირს”, – ამბობს კახოიძე.