სვანეთში სვანურ კოშკებს აღადგენენ – “სახელმწიფომ 10-მილიონიანი პროგრამა დაიწყო”
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკა ანთიძე სვანეთში სახელმწიფოს მიერ დაწყებულ 10-მილიონლარიან პროგრამაზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს, რომელიც 5 წელიწადზეა გათვლილი და სვანეთში არსებულ ყველა იდენტიფიცირებული ძეგლის რეაბილიტაციას გულისხმობს.
ანთიძის თქმით, სამწუხაროდ, მესაკუთრეები არ უვლიან რესტავრირებულ შენობებს და რატომღაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე. მნიშვნელოვანია მესაკუთრეების დამოკიდებულება, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არის მათი მომავალი როგორც ეკონომიკური, ასევე – ყველა სხვა თვალსაზრისით.
“სვანეთში სახელმწიფომ დაიწყო 10-მილიონლარიანი 5 წელიწადზე გათვლილი პროგრამა, რომელიც ამ მხარეში არსებული ყველა იდენტიფიცირებული ძეგლის რეაბილიტაციას გულისხმობს. საბჭოთა კავშირის დროინდელი ძეგლთა დაცვის მონაცემებით, ამ დროისთვის, სვანეთში 160 კულტურული ძეგლი გვაქვს. მათ შორის მრავლად არის დანგრევის პირას მყოფი. ჩაჟაშის გარდა, სადაც 2014 წლიდან ვმუშაობთ, 24 ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო და 30 ძეგლის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტის მომზადება. იმედია, 5 წელიწადში ეკლესიებს, მაჩუბებსა და კოშკებს სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. წელს დავიწყეთ უნიკალური პროგრამა – რეინვენტარიზაცია. დავადგენთ, რა კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს მთელ ქვეყანაში. პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის რაოდენობა გაიზარდოს.
შარშან ჩხვიამიანში ჩარკვიანების კოშკი ჩამოინგრა, ახლა – მურყმელში ჩარქსელიანებისა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რეაბილიტაცია პირველ ყოვლისა არ იყო გათვალისწინებული, რადგან სხვა ძეგლები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ორივე კოშკი სრულად აღდგება. ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრეების დამოკიდებულებაც. სამწუხაროდ, ტენდენციაა, რეაბილიტაციისა და რესტავრაციის მერეც კი მესაკუთრეებს არ უნდათ მოვლა.რატომღაც ჰგონიათ, რომ ყოველთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მესაკუთრეებმა უნდა გააცნობიერონ, რას ფლობენ, რომ ეს არის მათი მომავალი როგორც ეკონომიკური, ასევე – ყველა სხვა თვალსაზრისით. მათი სირცხვილი იქნება, თუ 5 წლის შემდეგ ძეგლები, ისევ მოუვლელობის გამო, სახელმწიფოს შესაკეთებელი გახდება. წინაპირობისგან ამხელა სიმდიდრე დაგრჩა, რომლის გადარჩენაში სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადო და თქმაც არ უნდა გჭირდებოდეს, რომ ზამთარში გადმოთოვლო, ზაფხულში მცენარეებისგან გაასუფთაო და ა.შ. ვცდილობთ, მესაკუთრე მოტივირებული იყოს, რომ ძეგლს მოუაროს, განავითაროს წარმოება, ანუ ძეგლის გადარჩენა უკუგებას, მოგებას იძლეოდეს”, – ამბობს ნიკა ანთიძე.