“2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომთან დაკავშირებული კითხვები კიდევ დიდხანს იქნება პასუხგაუცემელი”

“2008 წელს, ომის დროს, მიწაზე ქვეყნის პირველი პირის “ფორთხვის” სამარცხვინო კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა, შემდეგ კი დაკარგულ ტერიტორიებზე “ბრძანა”, რაღაც 198 “ქვის გროვა” დავკარგეთო”, – ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე “კვირის პალიტრასთან ” 2008 წლის 5-დღიანი ომის დროს მაშინდელი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს.
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომთან დაკავშირებული კითხვები კიდევ დიდხანს იქნება პასუხგაუცემელი… დაგეგმარება, მართვა, კონტროლი, კავშირგაბმულობა, ზურგი, დაზვერვა – სამხედრო ოპერაციების წარმატების ძირითადი ელემენტები აგვისტოს ომში, პრაქტიკულად, არ არსებობდა. თუმცა ეს არ არის იმ შეცდომების სრული ჩამონათვალი, რაც მაშინ სხვადასხვა უწყებრივ დონეზე დაუშვეს.
-აგვისტოს ომს უამრავი წინაპირობა ჰქონდა და ეს ყველაფერი 2008 წელს არ დაწყებულა. რუსეთი დამოუკიდებლობის დაწყების დღიდან გვებრძოდა, თუმცა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით და არაერთხელ წამოვეგეთ პროვოკაციას. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ერთ რამეს ვიტყვი: ბოლო დროს ძალიან პოპულარულია კითხვა – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? ამ კითხვის ავტორების მწირი ფანტაზია მაოცებს – რუსეთს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მთელმა სამყარომ იცის, მაგრამ ვიღაცები ამით სპეკულირებენ და ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ამ კითხვაზე ვინმესგან დასტური სჭირდება. ტრაგედიაა ისიც, რომ ამ კითხვით ვითომ პატრიოტიზმზე აპელირებენ”, – აცხადებს კობალაძე.
– ოპოზიციას გულისხმობთ, რომელიც ამ კითხვას ხშირად სვამს?
“არამარტო. ყველას, ვინც ამ კითხვას სვამს, სამშობლოს სიყვარულისა და მისი სატკივრის განცდა არასდროს ჰქონია. ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველოს ისტორიის ათვლა 2004 წლიდან დაიწყო. მეტიც, მაშინ აღმოაჩინეს, რომ რუსეთი აგრესორია. მათი მდაბიო ურაპატრიოტიზმის შედეგი იყო 2004 წლის აგვისტოს მოვლენები ცხინვალის მისადგომებთან, ქვეყანას სტრატეგიული პოზიციები რომ დააკარგვინეს…ეს იყო უმძიმესი ამბავი, რომ არაფერი ვთქვათ მსხვერპლზე, ადამიანურ დანაკარგზე. გადარჩენილი სამხედროები იქ მომხდარის გამო უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ვითომ ვიღაცის გასაშიფრავად სვამენ კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, მუდმივად ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველო გარკვეული რისკფაქტორების წინაშე უსუსურია და რუსეთი ძლევამოსილი ქვეყანაა. არადა, 90- იანი წლებიდან ოპერატიულ-ტაქტიკურ ბრძოლებში არცერთი დამარცხება გვქონია, მათ შორის 2008 წელს – 5-დღიანი ომში სახელმწიფოს ინსტიტუციები დამარცხდნენ, თორემ ღირსეულმა სამხედროებმა, ოფიცრებმა იბრძოლეს. ის ინდივიდური გმირობები, რის მორგებასაც სათავისოდ, პიარისთვის ცდილობდნენ, იმ დაღუპული ბიჭებისა თუ სასწაულებრივად გადარჩენილების დამსახურებაა. ამის მაგალითია შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე, რომლის შესახებ ემოციის გარეშე ვერ ვსაუბრობ… ანუ მისი უდიდებულესობა ქართული ერი 2008 წლის ომში არ დამარცხებულა – სახელმწიფო უწყებები დამარცხდნენ. თუმცა შემდეგ დღეებში ქართველი ერი განზე გასწიეს და ყოვლად უსახური და უსუსური შემადგენლობა დადგა ვითომ წინა ხაზზე. მიწაზე ქვეყნის პირველი პირის “ფორთხვის” სამარცხვინო კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა… შემდეგ კი დაკარგულ ტერიტორიებზე “ბრძანა”, რაღაც 198 “ქვის გროვა” დავკარგეთო. ახლა კი მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნის “ამონახეთქიც” მოვისმინეთ – იმ ომის დროს სახელმწიფომ ამოისუნთქაო… იქნებ, ჰკითხონ იმ ასობით დაღუპული სამხედროს ოჯახებს, მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსახელოდ დაკარგული ბიჭების მშობლებს, შვილების ცხედრებიც რომ არ ეღირსათ, მათთვის თუ არის ეს ამოსუნთქვა?! როდესაც ვამბობ, მათ სამშობლოს განცდა არ გააჩნიათ-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ – ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის, დაღუპული გმირების მიმართ. სინამდვილეში, იმ პოლიტიკური ძალისთვის იყო ამოსუნთქვა, რადგან 2008 წლის არჩევნებში არცისე კარგი შედეგი ჰქონდათ. ამ პოლიტიკური ძალის სურვილია, ქვეყანაში მუდმივი ქაოსი იყოს. მათი მმართველობის დროსაც ასე იყო – ჩვენ გარეშე ქვეყანა დაიქცევაო – ამ იდეოლოგიას ნერგავდნენ. ახლაც იმავეს ცდილობენ, უჩვენოდ ქვა ქვაზე არ დარჩენილაო.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ ჯარი და საომარი მოქმედებები მხოლოდ გულში მჯიღის ცემა არ არის; ის სამხედრო ინსტიტუციების ერთობლივი და შეთანხმებული მოქმედებებია, რაც არ არსებობდა. საინჟინრო და საარტილერიო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, დაგეგმარება, მართვა, კავშირგაბმულობა, სამხედრო დაზვერვისა და სპეცქვედანაყოფების უზრუნველყოფა – ეს ყველაფერი ერთ ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარების სივრცეში უნდა იყოს მოქცეული. ჩვენ კი რა მივიღეთ? გადაწყვეტილებას პარტიული აქტივისტები, გუბერნატორები, თბილისის მერი ან ის პირები იღებდნენ, ვისაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია ჰქონდა. ისე ცვლიდნენ ან არ ცვლიდნენ გეგმებს, რომ შედეგზე არ ფიქრობდნენ. არავინ ფიქრობდა, რომ მათი ბრძანების უკან ადამიანების სიცოცხლე იდგა. ეს შეცდომა კი არა, დანაშაულია.
– არც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე და არც შემდეგ არავინ იზრუნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე, მაშინ, როდესაც ოსურმა მხარემ ეს რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა არც გახსენებიათ. გეგმაც არ ჰქონიათ. დიდიან-პატარიანად ხალხი ტყვიის პირისპირ დატოვეს. როდესაც უკან დახევის ბრძანება გაიცა, ხალხი ქაოსურად გამოდიოდა ისევე, როგორც მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიტოვებული სამხედროები, მათ შორის დაჭრილები ან თავგზააბნეული ბიჭები. როდესაც სამშვიდობოს გამოსულები იგებდნენ, რომ დანარჩენები იქ იყვნენ ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად უკან რისკის ფასად ბრუნდებოდნენ, ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებოდნენ.. უამრავი მათგანი ისევ საბრძოლო მოქმედების ზონაში რჩებოდა, ზოგმა გამოაღწია, ზოგმა ვერა.
კავშირი არ არსებობდა, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ერთმანეთს მოსწყდნენ, კავშირის არარსებობის გამო მეთაურები სრულ ინფორმაციას საკუთარი ქვედანაყოფების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ვერ ფლობდნენ. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი მეტი ადამიანური დანაკარგის წინა პირობაა”, – ამბობს კობალაძე.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები